გამყრელიძე: ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, ტესტირების გაფართოვებას უკავშირდება.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, მომავალ დღეებში კვლევის გაფართოვებასთან ერთად, ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.
„უფრო მეტი ადამიანი ვლინდება. ჩვენ თუ ყოველდღიურად ანტიგენის ტესტით ვავლენდით, დაახლოებით, 700-დან 800-მდე დადებით შემთხვევას, დღევანდელი მონაცემებით, ეს რაოდენობა არის 1442 - მხოლოდ ანტიგენით და 3600 PCR ტესტით გამოვლენილი, ანუ რაოდენობის მატება დაკავშირებულია ტესტირების გაფართოვებასთან და კიდევ მეტი გვექნება მომავალ დღეებში, რომ გაფართოვდება. ამას ადრეც ვამბობდით, მაგრამ ამასთანავე, ამ ტესტირებით ვლინდებიან უფრო ადრეულ ეტაპზე და შედარებით უფრო მსუბუქი ან უსიმპტომო ადამიანები, რომელთა სწრაფი იზოლირებაც უკეთეს შედეგს მოგვცემს,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 152 704-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი და საერთო რაოდენობა 126 904-ს შეადგენს.
გარდაიცვალა 38 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 425 ადამიანი.
კომენტარი