სუბარის თათბირის დეტალები - რატომ სცემეს პატიმრები
სუბარის თათბირების შესახებ ინფორმაცია ჟონავს. სასჯელაღსრულების მინისტრმა სუბარმა, „გაფართოებული“ თათბირი ჩაატარა და „ციხე-კოლონიების სრული გაკონტროლების მიზნით“, სიმკაცრის გამოჩენისკენ მოუწოდა დაწესებულებების ახალ დირექტორებს.
„ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ შეიძლება მაგათ (იგულისხმება პატიმრები) თავს გაუვიდეთ და სისულელეების კეთება დაიწყონ. ამიტომ, მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ ისინი და თუ საჭიროა, გამოვიყენოთ ყველა ზომა პატიმრების „აზრზე მოსაყვანად“, - ეს არის იმ მონოლოგის ნაწილი, რომლითაც სუბარმა ხელქვეითები დამოძღვრა.
„ახლა ბევრი პატიმარი დატოვებს ციხეს და ეს, პრინციპში გვაწყობს. კონტროლი ადვილი იქნება. თუმცა, ახალმა პატიმრებმა ციხე-კოლონიებში შესვლისთანავე უნდა იგრძნონ სად მოხვდნენ“, - განაცხადა სუბარმა.
სავარაუდოდ, სუბარი ე.წ. „კარანტინზე“ საუბრობდა და ხელქვეითებს მიანიშნებდა, რომ პატიმრები ეცემათ, რათა ისინი „მიხვედრილიყვნენ სად არიან“.
სწორედ ამ თათბირისა და ციხე-კოლონიების ახალი დირექტორების დანიშვნის შემდეგ დაიწყო პატიმართა მასობრივი ცემა-ტყეპა.
„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ქსნის ერთ-ერთ დაწესებულებაში ბადრაგებმა სასტიკად სცემეს ორი პატიმარი. პატიმრები სცემეს რუსთავის კოლონიაშიც. მეტიც, პატიმრებმა, ახალი დირექტორის დესპოტიზმის გამო, ახლობლებთან დარეკეს და შველა ითხოვეს.
რუსთავის მე-16 დაწესებულებასთან ამ მომენტისთვის პატიმართა ახლობლები არიან შეკრებილნი. როგორც პატიმართა მშობლები აცხადებენ, ახალმა დირექტორმა, მისვლისთანავე, პატიმრები რიგში ჩააყენა და აგინა, ხოლო რამდენიმე მათგანი სცემა.
„ახალაიების რეჟიმი მონაგონი იქნება“ - ასე ემუქრებოდა რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ახალი ადმინისტრაცია პატიმრებს. სხვთაშორის, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსიც“ ავრცელებს.
პატიმართა ცემა-ტყეპა ამითაც არ ამოწურულა. გუშინწინ, ციხის თანამშრომლები საკანში შეუვარდნენ გლდანის ციხეში მოთავსებულ პატიმრებს. შედეგად, სასტიკად ნაცემია ერთი პატიმარი.
ციხე-კოლონიებში დაძაბული ვითარების გამო, სუბარი „ურჩი“ პატიმრების დასჯას თავისებურად ცდილობს. ასეთებს, მინისტრის ბრძანებით „კარცერში“ ან სხვა კოლონიაში ათავსებენ.
პ.ს: მინისტრი სუბარი, რომელიც არჩევნებამდე ხელისუფლებას სწორედ პატიმართა ცემასა და წამებაში ადანაშაულებდა, ახლა თავად ხდება ძალადობის ინიციატორი. ის, დღეს, ურცხვად აცხადებდა, რომ პატიმრებმა ე.წ. „ბრაგა“ დაამზადეს და არეულობა სცადეს.
თუმცა, პატიმართა მშობლები, უფლებადამცველები და პატიმრები, ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და რუსთავი მე-16 სასჯელაღსრულების ახალი დირექტორის, ლევან აბურჯანიას გადადგომას ითხოვენ.
კომენტარი