სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კარლა ბრუნი და ევანჯელინ ლილი ორსულად არიან

გასული წლის შობის დღეს საფრანგეთის პირველი ლედი, ყოფილი მოდელი და მომღერალი კარლა ბრუნი, ტაჯმაჰალის ტაძარში ლოცულობდა, რათა ღმერთს მისთვის დედობის კიდევ ერთი შანსი მიეცა. სულ ცოტა ხნის წინ კი ფრანგულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პირველი ლედი ორსულადაა.

43 წლის კარლა ფეხმძიმობის პირველ თვეებშია. მას უკვე ჰყავს 10 წლის შვილი ორელენი ფილოსოფიის პროფესორის, რაფაელ ენტოვენისგან. რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზი მეოთხედ, ამჯერად 56 წლის ასაკში გახდება მამა. მას ორი შვილი – 26 წლის პიერი და 24 წლის ჟანი – პირველი ქორწინებიდან ჰყავს მარია კიულოლისთან, ხოლო 14 წლის ლუი მეორე ცოლისგან, სესილი სიგანერისგან შეეძინა.

საფრანგეთის პირველი ლედის ორსულობაზე პირველად ჟურნალმა "ქლოზერმა" დაწერა სტატია, სათაურით: "როგორც იქნა, ორსულადაა!". სტატიაში ჟურნალისტი სანდო წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კარლა მალე დედა გახდება, თუმცა ჯერ ბავშვის სქესის გაგება ნაადრევია.

ასევე მალე დედა გახდება სერიალ "დაკარგულების" ვარსკვლავი ევანჯელინ ლილი. მსახიობი დიდხანს ცდილობდა, დაემალა თავისი საინტერესო მდგომარეობა. საიდუმლოს მაშინ აეხადა ფარდა, როდესაც ევენჯელინი ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად გაემგზავრა.

ევანჯელინ ლილი ბავშვს შეყვარებულისგან, რეჟისორის ასისტენტ ნორმან კალისგან ელოდება, რომელიც სერიალ "დაკარგულების" გადაღებებზე გაიცნო. საკუთარ ორსულობაზე მსახიობი არ საუბრობს. როცა საკითხი პირად ცხოვრებას ეხება, მსახიობი საოცრად სიტყვაძუნწი ხდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ევანჯელინი ქორწინებაში ერთხელ უკვე იმყოფებოდა. მისი ქმარი კანადელი ჰოკეისტი მური ჰორნორი იყო. გარდა ამისა, 5 წელი რომანი ჰქონდა სერიალ "დაკარგულების" მსახიობ დომინიკ მონაგანთან.

sana.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100