სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტურია - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ არჩევნების მეორე ტური კომუნისტური პარტიის ტრადიციებით გამართულ არჩევნებს შეადარა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ერთიანია, რის საფუძველზეც მეორე ტურში მონაწილეობას არც ერთი მათგანი არ აპირებს, მოთხვნები კი უცვლელი რჩება - ხელახალი არჩევნები, საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება:

"ახლა სურთ, რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მიანიჭონ ფარისევლობას, არ ვიცი, რა დავარქვა მეორე ტურებს. ეს კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტურია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, ოფიციალურად მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე ჩვენს ამომრჩეველს, არ მივიდნენ და ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს, რადგან არც ჩვენ, ოპოზიციის კანდიდატები, არც ჩვენი ამომრჩეველი მონაწილეობას არ მიიღებს დემოკრატიის იმ იმიტაციაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სურს შექმნას. სხვათა შორის, პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, როცა ერთი პარტია მონაწილეობს არჩევნებში, მათი გადმოსახედიდან „არჩევნებში“. ოპოზიცია და ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი, იმ ფასადური დემოკრატიის ნაწილი, რომელიც მას სჭირდება. ბიძინა ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, ყველას გაგვიჩნდება შეგრძნება, თუ როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ თურქმენიზაცია, ორასკაციანი დაცვა, დეზინფექცია და სხვა. მას როგორც არ უნდა უნდოდეს, ლიგიტიმური პარლამენტი არ ექნება, თუ არ დანიშნავს ახალ არჩევნებს.

ოპოზიცია მტკიცეა, ერთიანია, თანმიმდევრულია - ახალი არჩევნები და ახალი ადმინისტრირება კომისიების და მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - სხვაგვარად, საქართველოს ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი ეყოლება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად მონაწილეობას არ იღებს. არჩევნებზე არ მიდის ოპოზიციის მხარდამჭერთა დიდი ნაწილიც, რადგან აცხადებს, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები ცესკო-მ გააყალბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100