"გურამიშვილის ძეგლზე ვმუშაობდი, გამაფრთხილეს, სიმონ ჩიქოვანი მოდის ძეგლის სანახავადო. ძალიან ავღელდი" - დღეს მერაბ ბერძენიშვილს 91 წელი შეუსრულდებოდა
დღეს მერაბ ბერძენიშვილს 91 წელი შეუსრულდებოდა.
წარმოიდგინეთ თბილისი, ფილარმონია მუზის გარეშე. ანდა, სააკაძის მოედანი, სააკაძის გარეშე, თბილისი უდავითაღმაშენებლოდ და დიდგორი ხმლების გარეშე? მზიურში არმდგარი ნოდარ დუმბაძის მემორიალი, და წიგნს ჩახუტებული გურამიშვილი? ის კი არა, მეტრო მარჯანიშვილში კოტეც არ იქნებოდა გამოჭიმული.
გთავაზობთ ბრწყინვალე ქართველი მოქანდაკის, ფერმწერის და მხატვრის ცხოვრებიდან ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს, როდესაც ის დავით გურამიშვილის ძეგლზე მუშაობდა და სიმონ ჩიქოვანი ესტუმრა.
"ერთხელ, როდესაც გურამიშვილის ძეგლზე ვმუშაობდი, გამაფრთხილეს, დიდად პატივცემული სიმონ ჩიქოვანი მოდისო ძეგლის სანახავად. მე ძალიან ავღელდი, რადგან დავით გურამიშვილის სულს თუ ვინმე ჩასწვდა - ეს იყო სიმონ ჩიქოვანი… და აი, ჩემთან მოდის პოეტი, რომელმაც მთელი არსებით, სიყვარულითა და ღრმა განცდით უმღერა დავით გურამიშვილს. ბუნებრივია, ავღელდებოდი.
ამის მიზეზი ისიც იყო, რომ სიმონ ჩიქოვანს მე ვთვლიდი გურამიშვილის ტკივილების თანაზიარ პოეტად, რომელმაც ასე ძლიერად განასახიერა სიტყვაში გურამიშვილი. მე ვღელავდი და ვფიქრობდი, ის კი იდგა მდუმარედ. სიჩუმე საუკუნედ მეჩვენა და შემდეგ ჩემს სახელოსნოში გაისმა დაბალი ხმა: "სანთელივით ცად აწვდილო დავით, შენ ჰგოდებდი ასტრახანში ღამით..."
ვმუშაობდი და ღრმად მჯეროდა, რომ, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი კეთდებოდა პოეტის სახის შესაქმნელად - ლაკონური კაბა, გაწვდილი ხელი, ნატანჯი და დაგრეხილი ისე, როგორც სული პოეტისა. სადა, სხეულზე აქცენტირებული სახე, ღრმა, ფორმათა მეტყველებით… ყველაფერი მიზნისათვის კეთდება.
მე გავაკეთე არა მეომარი, მებრძოლი დიდებული, რომლის მსგავსნი მრავალნი იყვნენ მის გვერდით და უკვალოდ გაქრნენ, არამედ, სულის ადამიანი, რომლის პოეზია დღესაც აღაფრთოვანებს და უმაღლეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს…მე სწორედ ეს ავიღე და პლასტიურ ენაზე გადავთარგმნე მისი წამება, ტანჯვა, გოდება საკუთარი ბედისწერისა და სამშობლოს ხვედრის გამო".
კომენტარი