სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წმინდა სინოდის „ზნეობრივი კომისია“ ურჩ და თავნება სასულიერო პირებს გაკიცხავს

როგორც უკვე ცნობილია, წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან ერთად სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც მიიღეს განჩინება. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო პუნქტი იყო, რომელიც, შესაძლოა, სკანდალურიც კი გამხდარიყო, რომ არა მიღებულ კანონთან დაკავშირებული პოლიტიკური ვნებათაღელვა:

შეიქმნას ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)
2. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი)

ფაქტია, რომ მეტად საჭირო, აქტუალური და საინტერესო განჩინება მასმედიისა და საზოგადოების მხრიდან ჯეროვანი ყურადღების ღირსი არ გამხდარა, არადა, როგორც ირკვევა, მისი ჩამატება სინოდის სხდომის ოქმში პირდაპირ უკავშირდება ორ რამეს: პატრიარქის ნებას და ისევ და ისევ – მიღებული კანონის შემდგომ მოვლენებს.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ სასულიერო პირთა ნაწილმა არასწორი და ნაჩქარევი ტაქტიკა აირჩია: მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ცნობილი განცხადებები გააკეთა, პარლამენტს კანონის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდა და მოგვიანებით, უკვე კანონის მიღების შემდეგ განაცხადა, ვინც ეკლესიას დაუპირისპირდება, დაისჯებაო – ბევრმა სასულიერო პირმა ეს გააქტიურებისკენ მოწოდებად აღიქვა, მრევლი დარაზმა და თვითნებურ მოქმედებებს შეუდგა.

ამ ქმედებების მიზანიც არ იყო ძნელი გასაშიფრი: ყველას უნდოდა პატრიარქის კეთილგანწობა ან გაემყარებინა, ან/და მოეპოვებინა. სწორედ იმ სასულიერო პირების აქტიურობის შედეგად, ვინც ჩათვალა, რომ ხელისუფლებასა და პატრიარქს, ზოგადად, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონფლიქტი დაიწყო (იქნებ, ბევრი მოუთმენლად ელოდა კიდეც ამ კონფლიქტის დაწყებას), მიგვიყვანა იქამდე, რაც ორი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში ხდებოდა და რაც არაფრით ჰგავდა მლოცველი, თვინიერი, მიმტევებელი მრევლის მოლოცვით მსვლელობებს.

რასაკვირველია, პატრიარქმა ყველაზე ადრე დაინახა და ყველაზე სწორადაც შეაფასა, როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ეს გამოსვლები. სწორედ ამიტომ გასცა განკარგულება და, სანამ მღელვარება პიკს მიაღწევდა, სასწრაფოდ შეკრიბა წმინდა სინოდი, სინოდის სხდომაზე მიღებული ბოლო განჩინებით კი ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი თვითნებობა აღკვეთილი უნდა იყოს. არადა, სასულიერო პირების მხრიდან თვითნებობას იმ დღეებში ხშირად შეხვდებოდით: სულაც თავი რომ გავანებოთ იმ დღეებში თითქმის ყველა ტაძარში წაკითხული ქადაგებების შინაარსს, ზოგიერთი სასულიერო პირი არც საჯარო განცხადებებს ერიდებოდა. ასე მაგალითად, სამების ლავრის მღვდელმსახურმა, მამა კონსტანტინემ საჯაროდ განაცხადა: „იმ 70 დეპუტატს, ვინც ხმა მისცა კანონის მიღებას, ამბიონიდან დავწყევლით!“, მამა ბართლომე ფირცხალაშვილმა უძველესი ქართული შეჩვენება მოიძია, მისი ტექსტი აიღო და ამ ტექსტით საჯაროდ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქიდან“ შეაჩვენა პარლამენტის წევრები და „მათი სახლეულობა“, რამაც, „დრონი.ჯი“–ს ინფორმაციით, პარლამენტის წევრებშიც და მრევლშიც სრული შოკი გამოიწვია. ეს არც არის გასაკვირი, თუ იმ ტექსტს გადავავლებთ თვალს, რასაც ზემოთხსენებული შეჩვენება შეიცავს....

ზოგმა მოძღვარმა თავისი მრევლი თვითნებურად და დემონსტრაციულად დაძრა პარლამენტისკენ და შსს გენინსპექციის შენობისკენ, იქ მისვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შენობას მრევლთან ერთად ალყა შემოარტყა და „პარლამენტის წევრთა გონების განათლებისთვის“ ილოცა.

შეკრებილმა მრევლმა, რომელმაც მეტეხის ხიდთან გზა გადაკეტა, „მარშრუტკის“ მძღოლი სცემა და მიაძახა: „შე სომეხო!“. ამ შემთხვევაში დასამშვიდებლად ვერ გამოდგება ის, რომ მძღოლი კოლექტიურად არ უცემიათ და მრევლთაგან ზოგმა აგრესიული, მძღოლის „უფრო მაგრად“ საცემად გაქაჩული მამაკაცი დააკავა – მთავარია, რომ ფაქტი მოხდა და კადრები გავრცელდა, ამ კადრებს კი აუცილებლად დაატრიალებენ ჩვენი „კეთილისმსურველები“, თუ უკვე არ დაუტრიალებიათ...

ერთ ადგილას კი მოძღვრის ირგვლივ შემოკრებილი მრევლი კარგა ხნის განმავლობაში უსმენდა სასულიერო პირს, რომელსაც ვერაფერს დაარქმევ, გარდა ქსენოფობისა.

„ამ მწვალებლებს (სომხებს,–ლ.ბ.) რაღა უნდათ, კაცო? რას გადაგვეკიდნენ? არავის არაფერს არ ვართმევთ, ჩვენს კი არავის დავუთმობთ. რანაირად, კაცო – სომეხის დედა და ჩემი დედა აქ, ჩემს ქვეყანაში, თანაბარ საფეხურზე უნდა იდგნენ? ასე არ არის: ჯერ დედაჩემია და მერეა მაგათი დედა...“ – ამბობდა მოძღვარი და მართალია, მრევლს ტაში არ დაუკრავს, მაგრამ ნეტარებაგადაფენილ სახეზე ეტყობოდა, რომ აშკარად მოსწონდა თავი, ესოდენ „ეროვნული“ სულისკვეთების მოძღვარი რომ ჰყავდა...

ამ კატეგორიის სასულიერო პირებისთვის ეს გამოსვლები ერთგვარად, ძალის დემონსტრირება იყო. თითქოს ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეუბნებოდნენ: „ხედავთ? აი, რამხელა ძალაა ჩვენს ხელში! არ წაიღებთ კანონს უკან? კიდევ გაბედავთ უჩემოდ კანონის მიღებას?“. გამოსვლებმა ისიც კარგად დაგვანახა, რომ ყველაზე ადვილად საზოგადოების, ისედაც ლარივით დაჭიმულ ნერვებზე თამაში სწორედ ამ ლოზუნგს: „რწმენას ებრძვიან! ეკლესიებს გვართმევენ!“ და მსგავს განწყობებს შეუძლია. ასაფეთქებლად მზადმყოფი სიტუაცია, პირველ რიგში პატრიარქის შორსმჭვრეტელობის, მეორე მხრივ კი იმის შედეგად განიმუხტა, რომ ხელისუფლებამ და ეკლესიამ მოლაპარაკება შეძლეს. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა სინოდის სხდომის ოქმში ჩანაწერი:

წმიდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლს სიმშვიდისკენ და, მიუხედავად მღელვარების მიზეზებისა, თავი შეიკავონ ყოველგვარი თვითნებური ქმედებებისგან და გააძლიერონ ლოცვა ერის ერთობისა და მშვიდობისათვის.

რა თქმა უნდა, ყველა სასულიერო პირის ვალდებულებაა, სინოდის განჩინებას უსიტყვოდ დაემორჩილოს. „დრონი.ჯი“–ს ინფორმაციით, სინოდის განჩინების შედეგად შექმნილი კომისია, უახლოეს დროში სწორედ იმას შეისწავლის და განსჯის, რამდენად ზნეობრივი იყო იმ სასულიერო პირების ნაბიჯი, რომლებმაც წყევლა, კრულვა და შეჩვენება გაუგზავნეს პარლამენტის წევრებს. ისინი ძალიან ბევრნი არიან და, თუნდაც აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, საპატრიარქო მათ ვერ მოიკვეთავს – კომისიის მუშაობის ფარგლებში თავნება სასულიერო პირებს, ალბათ, მხოლოდ სიტყვიერ შენიშვნას მისცემენ და მეტი მორჩილებისკენ მოუწოდებენ.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სინოდის გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი სასულიერო პირი თვითნებურ მოქმედებებს ისევ აგრძელებს. ასე მაგალითად, გუშინ საღამოს, ერთ–ერთ რადიოარხზე გამოსვლისას, სამების საკათედრო ტაძრის დიაკონმა, ელიზბარ დიაკონიძემ ყველა მართლმადიდებელს მოუწოდა მართლმადიდებლობის დაცვისაკენ და სწორედ ამ მიზნით, ხვალ 11 საათზე, დედაენის ბაღში შეკრებისაკენ.

დედაენის ბაღიდან მოეწყობა მსვლელობა სამების ტაძრისკენ, ხოლო 13 საათზე, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში უნდა დაიწყოს ზარების რეკვა და იქ მყოფი მრევლი უნდა გამოვიდეს და რკალი შეკრას ტაძრის გარშემო. ამით უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მიმდინარე მოვლენების მიმართ, – განაცხადა სასულიერო პირმა.

მისივე თქმით, სამებასთან შეკრებილი ხალხი თავს მოიყრის ხელოვნების მუზეუმთან. ”ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენს პატრიარქს, რომ ვართ მისი ერთგული, ღირსეული მეომრები და დავიცავთ მართლმადიდებლობას”, – აღნიშნა მამა ელიზბარმა.

მამა ელიზბარმა სინოდის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ”ის მიღებული იყო ან დიდი ზეწოლის შედეგად, ან ჩვენ არ გვყოფნის ძალა, ჩავწვდეთ პატრიარქის სიბრძნეს“ (რადიო „ობიექტივი“).

როგორც ჩანს, ეს და სხვა სასულიერო პირები ვერც კი ხვდებიან, რომ მსგავსი მოწოდებებით, მათსავე ენაზე რომ ვთქვა, მრევლს აბრკოლებენ, რადგან თავიანთ სულიერ შვილებს აყენებენ არჩევანის წინაშე: პატრიარქს დაუჯერონ, რომელიც სიმშვიდისკენ მოუწოდებს, თუ მოძღვარს, რომელიც მათ პატრიარქის მხარდაჭერის ნიღბით ისევ ქუჩური პროტესტისთვის ეძახის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100