სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გილაური: ზარალი ათ მილიონზე მეტია

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მლნ ლარს აჭარბებს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რიკოთის უღელტეხილზე გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც 3 დღეში დასრულდება, ხოლო გზა პირვანდელ მდგომარეობას 14 დღეში დაუბრუნდება. პრემიერის განცხადებით, ხორციელდება სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის დათვლაც.
სამთავრობო თათბირს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსები მინისტრები და ახალდანიშნული ფინანსთა მინისტრიც ესწრებოდნენ.

სტიქიის შემოტევიდან ბოლო წუთებამდე მიმდინარე სამაშველო და გზის გამწმენდმა სამუშაოებმა ნაწილობრივი შედეგი გამოიღო: რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ცალმხრივად გახსნილია. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სპეციალური ბრიგადები მუშაობენ. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა მუნიციპალური სამსახური სტიქიური უბედურების ზონაში.

სამწუხაროდ, ქართველი სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ იძლევიან: მათი ინფორმაციით, არამდგრადი ამინდები ქვეყანაში თვის ბოლომდე გაგრძელდება. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს, რომელთა ვინაობა უკვე ცნობილია. რიკოთის უღელტეხილზე, ტრაგედიის ადგილთან ახლოს, მთაში, გეოლოგთა სპეციალური ჯგუფია გაგზავნილი, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია მანამდე თითქმის მშრალ ხევში მდინარის გაჩენა, რომელიც საავტომობილო გზაზე ახლაც მოედინება და მას კვლავ წალეკვით ემუქრება. ამავე დროს, შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, რიკოთის უღელტხელზე სტიქიის შემოტევის დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან ღვარცოფის მოვარდნის დროს რესტორან „რიკოთში“ უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

თანდათან ცნობილი ხდება რესტორანთან მომხდარი ტრაგედიის დეტალები. სავარაუდოდ, ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ღვარცოფის შედეგად რესტორნის უკან მდებარე მთის ნაწილი ჩამოიშალა და შენობა ქვეშ მოიყოლა. თვითმხილველები ამბობენ, რომ რესტორანს წყალი უკანა მხრიდან მოასკდა, შემდეგ კი რესტორნის წინ გაჩერებული მანქანები გაიყოლია და ხევში გადაიტანა.

რიკოთის უღელტეხილი და მიმდებარე სოფლები გამონაკლისი არ ყოფილა. გუშინ ღამით სტიქიამ საქართველოს კიდევ ბევრ ნაწილს შეუტია. დუშეთის რაიონის მაღაროსკარის თემის ათამდე სოფელი რაიონულ ცენტრს მთელი დღის განმავლობაში იყო მოწყვეტილი.

როგორც დუშეთის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი აცხადებს, ძლიერი წვიმის გამო წარმოქმნილმა მდინარეებმა ათამდე სოფელში გზები და ხიდები წაიღო, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა მსხვილფეხა საქონელი და შინაური ფრინველები.

მისივე ინიფრმაციით, მაღაროსკარში ერთი მოსახლის საცხოვრებლი სახლი მდინარემ მთლიანდ დაანგრია, ასევე წაღებულია ეზოები, განადურებულია სახნავ-სათესი სავარგულები და დამწყდარია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.

თითქმის იგივე მდგომარეობაა ფასანაურის რაიონში, სადაც სოფლებთან დაკავშირებელი გზები სტიქიისგან განადგურებულია.

რთული სიტუაციაა სურამში, სადაც თითქმის ყველა სახლი დატბორილია. ავტომანქანების მფლობელები სხვადასხვა ეზოში პოულობენ თავიანთ ტრანსპორტს, რომლებიც ნიაღვარმა გადაისროლა: ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც კი იმ ადგილიდან, სადაც ავტომაქნანა სტიქიის შემოტევამდე ჰქონდათ გაჩერებული. სურამში ძირითადი პრობლემა ადიდებულმა, სხვა დროს სრულიად უწყინარმა მდინარე „სურამულამ“ შექმნა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100