სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook- ჩანაწერი: "მე ის მომიტინგე ვარ!.."

„დრონი.ჯი“ს რედაქცია გთავაზობთ ზვიად ტყეშელაშვილის მეორე ფბ–ჩანაწერს. პირველში გადმოცემული იყო 26 მაისს სპეცრაზმელის თვალით დანახული სიტუაცია და განცდები, ხოლო მეორეში ავტორი აქციის რამდენიმე მონაწილის სავარაუდო ფიქრებს ახმიანებს:

უნდა აღვნიშნო, რომ მიტინგი, მიუხედავად მისი კოლექტივისტური ბუნებისა, მაინც არ არის იმდენად იდეოლოგიზებულ ერთ მუშტად შეკრული, როგორც გასამხედროებული საპოლიციო ნაწილები, ამიტომ მომიტინგედ თავი ერთდროულად რამდენიმე პირად უნდა წარმოვიდგინო და ფიქრებიც მრავალმიმართულებიან ფორმატში განვითარდება.

„მომიტინგე მე“:

“- ჰო, ვდგავარ და ფეხს არ მოვიცვლი ადგილიდან!.. რატომ ვდგავარ?.. იმიტომ, რომ ამ ფაშისტურ მთავრობას ვებრძვი!.. ჩემი ბრძოლა სამართლიანია!.. ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს ხალხის ბედი!.. რა, მოვიდა ოდესმე და იკითხა - რა მჭირდებოდა, რა მიჭირდა, ან მილხინდა?!. გაინაღდეს თავისი და ახლა იძახიან - „მატარებელი უკვე გავიდა, ვინც დროზე არ ამოხტით, პერაშკებიც არ შეგხვდებათო“!!! რად უნდათ მაგათ პერაშკები, ისედაც ნაირ-ნაირ რესტორნებში ატარებენ დროს?!. ხორცი როდის ვჭამე უკანასკნელად, აღარ მახსოვს!.. ქვეყანაში აღარც ბიზნესი ვითარდება, არც სწავლა-განათლება ფასდება და ტრადიციებზე ხომ, ლაპარაკი ზედმეტია!. დაუკერებიათ ენაზე - ინგლისური და კომპიუტერი უნდა ისწავლოს ყველამო - ვინც არ ვიცით, რა ვქნათ, აღარ ვილაპარაკოთ?!. მაინც ვილაპარაკებ!.. რა, იმ მატარებელზე ბილეთებით აძვრა ყველა?!. სხვა მატარებელიც ჩამოივლის და მაშინ ვნახოთ, ძუნძულით როგორ გამოგვეკიდებიან!.. ხვეწნას დაგვიწყებენ - ოღონდ ამოგვიშვით და ჩვენ პერაშკებსაც შენ მოგცემთო!..

კაცურად ვიცხოვრე მთელი ცხოვრება; ფულს ვშოულობდი და ვხარჯავდი კიდეც - ამათ კაპიკს ვერ გააგდებინებ ხელიდან!.. აგერ, ჩემი მეზობელი, ამ პარლამენტშია გაჯგიმული... გუშინწინ, ეზოში, თევზი მოვიტანეთ და ლუდი... ეს კი, ჯერ მოსრიალდა ინამარკით, მერე ისე ჩაგვიარა, მარტო სალამი გვესროლა და ბოდიში, ბიჭებო, დაღლილი ვარ, არ შემიძლიაო - სახლში შეიმალა!.. მოსულიყო ახლოს, დამჯდარიყო, გველაპარაკა, რამეს შემოამატებდა სუფრას!!! მაგრამ არა, ხომ გითხარით, კაპიკს ვერ გააგდებინებთ-თქო ხელიდან?!. ესენი პენსიებს მოამატებენ?!.

იმ თავჩაღუნულ კაცს ხომ ხედავთ?.. გაასაწყლეს, გაასაცოდავეს ის უბედური. არადა, რა მაგარი კაცი იყო?!. თავის დროზე, ჩემს ძმაკაცს ააწყობინა მაგარი ბიზნესი - ასეტრინა და ბენზინი შემოჰქონდათ დაღესტნიდან... ამათ ჯერ ცოლი დაუჭირეს იმ უბედურს, აი, ქალები რომ აიყვანეს ამას წინათ, ყალბ საბუთებს ამზადებდნენო, მერე - რაც ნაშოვნი ჰქონდა, კაპიკ-კაპიკ ჩაათვლევინეს... თავისი ხელით დააწერინეს - ჩემს სახლებს და აგარაკებს უსასყიდლოდ გადავცემ სახელმწიფოსო... ესენი ან პოლიციის განყოფილებებად გახსნიან, ან უპატრონო ბავშვებს შეყრიან და გააპარტახებენ!.. ღორები!.. ბიზნესს გაახარებენ ესენი?..

... მოიცა, მოიცა, მერე გავაგრძელოთ... აგერ, იმ მანქანაში უშიშროების თანამშრომელი ზისო, ბათიაშვილს უთქვამს... დაესიეთ, არ გაახაროთ, გადაალეწეთ ეგ მანქანა!.. კაი ბიჭებთან არ გაგივათ, ასე გადაგამხობთ ყველაფერს თავზე!..“

„... არა, რა, აქ მაინც სხვა ხალხია თავმოყრილი; ნაღდი სვეცკობა!.. ნახეთ, ჯერ როგორ აცვიათ, რა მანქანები აკითხავთ?!. აგერ, იმათ, იქ, ტრიბუნასთან რომ დგანან!.. თბილისში ნაყიდი ძონძები კი არ იქნება ეგ?!. ნაღდი ბუწიკია!.. ეეჰ, რა დრო იყო?!. ჩახვიდოდი კაცი, იყიდდი, რაც გინდოდა, ცუმში და გუმში!.. მერე ნინო?!. ვერ ნახავ, დაუდევრად იყოს ჩაცმული... ყოველთვის ისეა გაწკიპინებული, გეგონება - სალონიდან ახლა გამოვიდაო... აი, იმ მარგალიტებზე... ამბობენ, ავი თვალისგან იცავს და იმიტომ არ იშორებს ყელიდანო, თორემ სამკაული გაუჭირდებოდა?!.

ახლა რაღა მოიგონეს?!. მარგინალები დაგვარქვეს!.. ნეტა, თუ ესმით ამ სიტყვის, ამ ტერმინის მნიშვნელობა?!. ნეტა, თუ გაუგიათ რაიმე ამ ხეპრეებს, გაუნათლებლებს?.. მარგინალებად ხომ ამათ გვაქციეს?!. ამოგვაგდეს ჩვეულებრივი კალაპოტიდან!.. ოდესღაც ჩვენ ვმართავდით მთელ ქვეყანას... ჰო, ყველა - ჩვენ!.. ჩვენ ყველა ერთი დიდი მანქანის ნაწილი ვიყავით, მაგრამ ახლა - ის მანქანა დაშალეს და ასე, ნაწილ-ნაწილ მიგვაგდეს უპატრონოდ და უმოქმედოდ!.. 90-იანებში კიდევ არაფერი გვიჭირდა, რაღაცას ვახერხებდით, თავი გაგვქონდა, მაგრამ ახლა საერთოდ მიგვაყარეს მიწა!.. რა, აღარ გჭირდებით?!. პოლიციის უფროსი ფულს შოულობდაო?!. რა, უბრალო პოლიციელი არ შოულობდა?!. თუ რიგითი პოლიციელი არ გააკეთებდა, ისე პოლიციის უფროსი რას მიიღებდა?!. 110 000 კაცი გვყავდა პოლიციაში!.. 110 ათასი კაცი უზრუნველყოფილი იყო შემოსავლით და თავს კმაყოფილად გრძნობდა!..

დღეს კი, რაღაც პატრული მოიგონეს და შუშის შენობები!.. თითქოს, ყველაფერი შუშასავით სუფთა იყოს და გამჭვირვალე!..“

„... პალიცია კი არაა?!. რა პალიცია, ტო, ამათ კაი ბიჭებიც აღარ უნდათ!.. ხალხს უბატონოდ ხმას რო ვერ ცემდნენ, ახლა წიწილებივით მიაპროწიალებენ ციხეში ტო!.. ზაკონნი ხარ? - ეგრევე მუხლია!.. და მერე შენ დაგინდობს ვინმე?!. ძმაო, უბანში გავიზარდეე, უბანში დავვაჟკაცდი!.. ესენი ბირჟაზე რო არ მდგარან, არ იციან რა არი ქუჩის აკადემია - ქუჩა გასწავლის კაცობასაც და კაი ბიჭობასაც!.. მარა ამათ ნასედკები უნდათ გამოზარდონ!.. არა, ტო, ამას წინათ, ქუჩაში პაპიროსს ვეწეოდი და ბიჩოკი რო გადავაგდე, ვიღაცა ეცა და მუსარნი იაშჩიკში ჩააგდო!.. კაი ზმანი ეცვა, კაი ოჯახიდან კი იქნებოდა, მარა კამსამოლა იყო ვიღაცა!..

ჰაჰ!.. გზეები დავაგეთ, ინფრასტრუქტურაიც მავაწესრიგეთო, მარა ტყულიიი!.. ტყულია მაგი!.. ჩამოი ჩემ სოფელში და ნავხოთ - ასეა ეეს?!. ახლა, დათესეთ ამერიკული სიმინდაიო, ჰიბრიდული ჭადი მინდა მეე?!. მაგენს არც ერთს არა აქვთ ქართული გენი, გენმოდიფიცირებული არიან ყველე და ჩვენი გენის შეცვლაც მეინდომეს ახლა?!. გზეები?.. გზეები დავაგეთო და ა!.. აქანე რო მოვდიოდი, პატარა მაშინა კი ვერ მევიდა ჩემ ჭიშკართან?!. იმხელა ტყლაპო დგება, მუხლებამდე თუ არ ეიკაპიწე შარვალი, ჩაგრჩება ფეხსაცმელი საცხა!.. ა, ამ ხნის მანძილზე კაცი არ გამოჩენილა, რო გზა გეეწმინდა!..“

„კარგით, ახლა, რად გვინდა ამდენი ლაპარაკი?!. არ იცით, რისთვის ვარ აქ?!. ხომ ხედავთ, ევროპას ჩვენთვის არ ცალია?!. იმასთან საქმეს გაიფუჭებს და ჩვენ მოგვხედავს?!. ევროპა არ იყო, რა უქნეს ლიტვინენკოს?!. ამერიკა შორსაა, თანაც იმასთან რას მოვა?!. ავღანეთში მაგ შენს ამერიკელ გენერლებს იმათი რუკები ულაგიათ და ეგაა, რომ რაღაცას კიდევ ახერხებენ!.. 2008-ში, რა, რაც უნდოდათ ის არ ქნეს?!. შეაკავა ვინმემ?!. ახლაც, აქ, რომ უყურებ, ყველაფერი იმათით ხდება, ფული,ყველაფერი იმათია!.. ერთი პატარა არეულობა და მიიყვანს თავის საქმეს ბოლომდე!.. ხომ ხედავ, უკრაინაში რა მოხდა?!. თავისას მიაღწია და ახლა გაზს ნახევარ ფასში აძლევს!.. არ უნდა, კიდევ ნატოში რომ ვიწელებით!.. ნატო არა - მაყვალა!.. შენ რა გგონია, რომ უნდოდეს - პირდაპირ არ დაკიდებდა ამას?. მარა, კიდევ ხალხი და მარტო ულვაშას (სტალინის, ზ.ტ.) ხათრითაა, ჩვენ რომ ისევ ვუყვარვართ!.. თბილისში არ იყო?!. სისხლისღვრას მოერიდა!.. ამდენი ტანკით რომ შემოსულიყო მაშინ, ხალხიც უნდა გაეწყვიტა და არ უნდოდა ეგ!.. თქვენი საქმე გააკეთეთ და იმ წუთშივე მხარში ამოგიდგებითო!..

აქ ყველას, ვისაც ვუყურებ, თავისი დარდი აქვს!.. მეც ფეხებზე ვკიდივარ და ყველაც!.. ყველა ასეა აქაც და იქაც!.. ერთი ოხერია ჩემთვის პოზიციაც და ოპოზიციაც, მაგრამ ახლა, მართლა რომ მოხდეს და ამათ გაიმარჯვონ, სათქმელი მაინც მექნება - ბოლომდე თქვენთან ვიყავი რევოლუციაში-თქო და, იქნებ, რაღაც სახეირო გამოდნეს!..

ბოლომდე უნდა ვიდგეთ!.. არ უნდა მივცეთ 26 მაისის პარადის შესაძლებლობა!.. ერთი-ორი კაცი რომც მოკვდეს, მაინც უნდა გავუძლოთ!.. მერე ჩვენებიც შემოგვეშველებიან!.. ერთხელ და სამუდამოდ გავყრით ამათ საქართველოდან!.. კუნთმაგარი ბიჭები გვყავს, არაფერს შეუშინდებიან, ბოლომდე იბრძოლებენ!.. ჯარი არ გვესვრის, პოლიცია იმდენს ვერ გაბედავს, რომ გვესროლოს და პატარ-პატარა მსხვერპლს გავუძლებთ!..

ყველაფერი უნდა გადავიღოთ, ყველა რაკურსით!.. ვინ იცის, რაში გამოგვადგება?!. აქ „იმისი“ და „ამისი“ არ არსებობს!.. ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით!.. კომენტარები იქ, რედაქციაში, აქ ყველა ერთნი ვართ!.. „ჩემი“ ოპერატორი „იმათსას“ უცვლის ფირებს, ხომ ხედავთ?!. მთავარია, ყველას გვქონდეს „მაგარი“ კადრები!.. აუუჰ!.. რას ახტება რეიტინგები ამ ღამის შემდეგ?!. კი, ჩვენ მასალებს ისინი სხვანაირად გააშუქებენ და ჩვენ იმათსას - სხვანაირად, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?!. ამაღამ ისეთი რაღაცეები მოხდება, ნახე, სიენენშიც გავა ჩემი მასალა!.. ჰაჰაჰ!.. მგონი, ისე, ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე ესენი?!. მოიცა, ტრიბუნასთან რაღაც ხდება, უნდა მივიდე!.. სწრაფად!.. სწრაფად!..“

ბოლოთქმა

სამწუხაროდ, ჩემი დაკვირვება მეტს ვეღარ გაწვდა, რადგან მიტინგიდან პერმანენტულად მხოლოდ „რევოლუციის“ მოწოდება-ლოზუნგები მოდიოდა, რომელიც დღეს არსებულ ქართულ სინამდვილეში მხოლოდ ხელისუფლების დამხობასა და მის ხელში ჩაგდებას გულისხმობს. მთელი აქცია მხოლოდ ერთ იდეაზე იყო კონცენტრირებული: შენ წადი, ჩვენ მოვალთ!..

შეკრებილთა უმრავლესობას მხოლოდ კონკრეტული მიზანი ჰქონდა - თუ 26 მაისის ჩათვლით მოახერხებდნენ პარლამენტისწინა ტერიტორიის შენარჩუნებას, ეს საქართველოს ხელისუფლების დამარცხებად აღიქმებოდა და ეჭვის, უნდობლობის და სხვა მრავალი მიზეზის გამო მათ გვერდით არმდგომი ხალხი გამოცოცხლდებოდა, გამოვიდოდა ქუჩაში; დაიწყებოდა სრული დაუმორჩილებლობა და მხოლოდ „კაი-ბიჭობა“, ყოჩაღობა იქნებოდა საჭირო, ამით სარგებელი ეპოვათ... თუ გაუძლებდნენ და ხალხსაც მოიკრებდნენ, „მცირე-მცირე“ დანაშაული ხახვივით შერჩებოდათ...

იქ მყოფთაგან მხოლოდ თითო-ოროლა კაცი თუ იქნებოდა „ქართული (უწყინარი) მიტინგომანიით“ დასნებოვნებული, რომელიც ინერციით აყვა აქციებს და მიზნების თუ შედეგების გაუაზრებლებლად „შემორჩა“ 25-26 მაისის ღამეს რუსთაველის პროსპექტს...

თუმცა, „პირველსავე სიტყუასა აღვიდეთ“:

თეთრი, შავი და წითელი კლასიკურ ფერებად მიიჩნევა და მათი მძაფრი აღქმა ადამიანის ბუნებაში ღრმად არის გამჯდარი... სწორედ, ამ ფერების გამაში გადასცა საქართველოს ტელევიზიებმა მიტინგის დარბევის კადრები - შავი, კუნაპეტი ღამის ფონზე პროჟექტორებისა და მანქანების ფარების თეთრი ნათება, შეფერილი სისხლისფერი წითლით...

იმძლავრა ადამიანის ბუნებამაც, დაჩრდილა გონიერების შერჩენილი მარცვლები და ემოციას სრული გასაქანი მისცა...

25-26 მაისის ღამის კადრები იყო ის - რისი დანახვისაც ყველაზე მეტად ეშინია ქართულ საზოგადოებას. ამ ღამის და წინა დღეების აგრესიულობის კულმინაციად იქნა აღქმული პოლიციელის თითოეული მოქნეული ხელჯოხი. ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ძალადობა, თავდაპირველად, ორმხრივი იყო. მომიტინგეთა უმრავლესობა, ალბათ, თვლიდა, რომ 26 მაისისთვის საქართველოში ჩამოსული უამრავი უცხოელი სტუმრის თვალწინ, დისკრედიტაციის შიშით, ხელისუფლება მტკიცე ვეღარ იქნებოდა და პოლიციელებიც იმდენ ძალას არ/ვერ გამოიყენებდნენ, წინააღმდეგობით კი, ისინი დროის მოგებას მოახერხებდნენ.

მაგრამ სპეც.რაზმი, მოტივირებული იმითაც, რომ პოლიციის ერთი თანამშრომელი სულ რამდენიმე წუთის წინ აქციის ორგანიზატორის ესკორტის მანქანამ მოკლა, გასრისა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მეთოდურად მიიწევდა წინ მომიტინგეთა გასაუვნებელყოფად. მათი ერთი, აგრესიული ნაწილი უნდა გადაეყვანათ პოლიციის სამმართველოში შემდგომი ბრალის წაყენების მიზნით, ხოლო სხვანი, ვინც შეტაკებისას ფიზიკურად დაზიანდებოდა - საავადმყოფოში; ან/და ორივე ერთად (საავადმყოფოშიც და სამმართველოშიც).

დაჭრილ-დასახიჩრებულთა დაღვრილი სისხლი, დაღუპული ადამიანები, ტრაგედიის ამსახველი მძაფრი კადრები და ქართველთა შორის სისხლიანი დაპირისპირების პანიკური შიში ტალღასავით მოედო მთელ საზოგადოებას, ააგორა ახალი, შინაგანი პროტესტი, რომელშიც 26 მაისის სამხედრო აღლუმმა თავისი ცივი, ორგანიზებული ხასიათით ხელისუფლების აპარატს გამარჯვებულის სტატუსი შეუქმნა, ხოლო გამარჯვებული მეტი ძალადობის გამომჩენად აღიქმება, განსაკუთრებით ავტოქთონურ საზოგადოებაში... სწორედ, პირველმა ემოციურმა ტალღამ ამოისროლა სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის ნაცნობი სიტყვა, ტერმინი - სრულიად გაუაზრებლად...

ძალის არაპროპორციული, გადამეტებული გამოყენება“ - ესაა ემოციური, გაუაზრებელი, უსაფუძვლო ბრალდება, რაც საზოგადოებრივი ექსტრემიზმის მოწინააღმდეგეებმა წაუყენესგამარჯვებულს“!

ეს ტერმინი მაშინვე აიტაცეს ყოველი მხრიდან: უბრალო ხალხმა, რომელმაც იცოდა და ახსოვდა ეს სიტყვა; რადიკალური დაპირისპირებულობით შეშფოთებულმა საზოგადოების ემოციურმა ნაწილმა (და მომდევნო დღეების მრავალათასიან შეკრებებზე გააჟღერა); ხელისუფლების ოპოზიციურმა პარტიულმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა (რადგან ხელისუფლების დისკრედიტაციის იარაღად გამოყენების პერსპექტივა დაინახა) და, რაც მთავარია, 25-26 მაისის ინსპირატორებმა - დამნაშავეებმა საქართველოსა და მისი მთელი საზოგადოებრიობის (თვით მომიტინგეების) წინაშე, მათი დანაშაულის გადაფარვის შესაძლებლობის გამო.

საბოლოოდ, მომხდარით, მთელი საქართველო - სახელმწიფო, საზოგადოებრიობა, დასავლეთთან პოლიტიკური პარტნიორობა და მრავალი სხვა, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობას განაპირობებს, დამარცხებული და დისკრედიტებული დარჩა!..

ამ სიტყვით ტერიტორიებწართმეული, დაფლეთილი და დაჩაგრული საქართველო გაუტოლეს ტერიტორიების წამრთმევ, დამფლეთ და დამჩაგვრელ „ბოროტების იმპერიის“ მემკვიდრე მტერს - რუსეთს; ზოგმა შეუგნებლად, გაუაზრებლად, ზოგმა კი - მიზანმიმართულად, პირადი გამორჩენისგამო.

ეს ის საშინელი რეალობაა, რომელშიც აღმოჩნდა სახელმწიფო საქართველო!..

კიდევ ერთხელ დამარცხებული და განადგურებული...

ნათქვამია - სინდისი არ იყიდებაო.

არც სამშობლო იყიდება, ძვირფასო თანამემამულენო!

კ. კ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100