სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტელერადიოკომპანია „თრიალეთს“ ჰარლინის ფილმი არათუ არ მოსწონს, უჩივის კიდეც

რენი ჰარლინის გახმაურებულ ფილმში „აგვისტოს 5 დღე“ ტელერადიოკომპანია „თრიალეთმა“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლა დაინახა და სასამართლოში ჩივილს აპირებს. ზეწოლისა და „ტელეკომპანიის თანამშრომელთა პროფესიული ღირსების შელახვის“ ფაქტების აღქმოსაჩენად „თრიალეთის“ ხელმძღვანელობას პრემიერიდან ზუსტად 17 დღე დასჭირდა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „თრიალეთი“ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ფილმის რეჟისორის რენე ჰარლინის და პროდიუსერების პაპუნა დავითაიასა და კობა ნაყოფიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს".

უფრო კონკრეტულად, „თრიალეთი“იმ ეპიზოდს აპროტესტებს, სადაც უცხოელი ჟურნალისტები ცდილობენ ტელეკომპანიაში მასალის მიტანას, მაგრამ შენობა დაკეტილი ხვდებათ. რეჟისორი კადრში აჩვენებს „თრიალეთის" ლოგოს და ჯაჭვით დაკეტილ კარს.

"სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო. ჩვენი კარი არათუ დაკეტილი იყო, არამედ სწორედ ჩვენს ტელეკომპანიაში იყო განთავსებული მედიაცენტრი, საიდანაც ათეულობით ჟურნალისტი ( მათ შორის მსოფლიო წაყვანი მედიასაშუალებებიდან) გადასცემდა ახალ ამბებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ასეთი საშინელი, შეკვეთილი სიცრუითა და ცილისწამებით, - რომ თითქოს „თრიალეთის" თანამშრომლები გაიქცნენ ომის ეპიცენტრიდან, - ხელისუფლება ცდილობს, შელახოს ჩვენი ტელეკომპანიის თანამშრომლების პროფესიული და ადამიანური ღირსება. აქედან ნათლად ჩანს, თუ როგორ ხორციელდება ტელეკომპანიაზე ზეწოლა და რამდენად რთულ და საშიშ მდგომარეობაში გვიწევს მუშაობა“, - ვკითხულობთ ოდნავ ქვემოთ. ტელერადიოკომპანია აღნიშნავს, რომ ფილმის რეჟისორს ამ კონტექსტში ტელეკომპანია „ თრიალეთის" ლოგოსა და შენობის ჩვენების არანაირი უფლება არ ჰქონდა.

განცხადების ბოლოს ნათქვამია, რომ ტელეკომპანია, იმიჯის შელახვისა და ფაქტების დამახინჯების გამო, ფილმის შემქმნელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრას აპირებს:

"ჩვენ საქმე გვაქვს ფაქტების განზრახ დამახინჯებასთან, რაც ტელეკომპანია „თრიალეთის" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ქვეყნის პირველი პირების დავალებით მოხდა. ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი" ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ფილმის რეჟისორის რენე ჰარლინის და პროდიუსერების პაპუნა დავითაიასა და კობა ნაყოფიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100