სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წელს 13 432–მა წყვილმა იქორწინა

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში წელს 13 432 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. საინფორმაციო ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი წყვილი 2 655 იანვარში დაქორწინდა.

სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, ბოლო ექვსი წლის მონაცემებით, საქართველოში ქორწინების მსურველთა რიცხვი სტაბილურად იმატებს. 2005 წელს 18 141 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2006 წელს - 21 876, 2007 წელს - 25 925, 2008 წელს - 31 310, 2009 წელს 31 319, ხოლო გასულ წელს 31 464-მა წყვილმა მოაწერა ხელი. საქართველოში დღეის მდგომარეობით, ექვსი ქორწინების სახლი მუშაობს, სადაც ხელმოწერა შესაძლებელია, როგორც საქორწინო ცერემონიალის თანხლებით, ასევე საზეიმო რიტუალის გარეშე.

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე ხშირად 20-25 წლამდე ქალბატონები იგივე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებზე ქორწინდებიან, თითქმის იმავე ინტენსივობით 20-დან 25 წლამდე ქალბატონები მეუღლედ 25-დან 30 წლამდე მამაკაცს ირჩევენ და ხშირად 25-დან 30 წლამდე ქალბატონები იმავე ასაკის მამაკაცებზე ქორწინდებიან.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გამარტივებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ქორწინების რეგისტრაციის პროცედურები. უცხოელთა შორის პოპულარობით სარგებლობს თბილისის №1 ქორწინების სახლი - „კონკა" და სიღნაღის, ე.წ. სიყვარულის ქალაქის ქორწინების სახლი.

„სიყვარულის ქალაქში" ქორწინების სახლი 2007 წელს გაიხსნა. აქ ქორწინების რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თანდათან იზრდება, ამის მიზეზი აღნიშნული სამსახურის მუშაობის 24-საათიანი რეჟიმზე გადასვლაა.

ქალაქ სიღნაღის ქორწინების სახლში 152-მა წყვილმა შუაღამისას 00.00 საათის შემდეგ იქორწინა. ერთ-ერთი წყვილის ქორწინება 06.00 საათზე დარეგისტრირდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100