სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: დღევანდელი მოვლენები ნატოში ინტეგრაციისთვის დაბრკოლებას ქმნის (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების მეთოდებით შეშფოთებულია.

"ბოლო მოვლენები ჩემთვის არის შეშფოთების წყარო. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება კანონის უზენაესობა. ევროპული ორიენტაცია და საქართველოს განვითარება არ არის ზოგადი კატეგორია, ეს ეფუძნება კონკრეტულ კრიტერიუმებს, კრიტერიუმები კი პირველ რიგში მოქალაქეების უფლებების პატივისცემაში, ყველა დონეზე კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და ინსტიტუტების პატივისცემაში მდგომარეობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საღამოს გაკეთებულ საგანგებო მიმართვაში.

მისივე შეფასებით, შეიარღებული ძალების მაღალჩინოსნების დაკავება არ შეესაბამებოდა არც ოფიცრის და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას.

"წინასაარჩევნოდ გვესმოდა დადანაშაულება იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ გააჩაღა ომი, სამწუხაროდ, ეს მოვისმინეთ არჩევნების შემდეგაც. დღეს დილით კი მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი სხვა პირებთან ერთად დაკავებულია ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას, არც შეიარაღებული ძალების როლს ჩვენს საზოგადოებაში", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განმატებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ არსებობს ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც კანონი უნდა იყოს დაცული. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი მოვლენები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

"არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდა რეალური შანსი ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით წარმატებას მიგვეღწია. დღევანდელი მოვლენები ნამდვილად არ გვეხმარება ყველაფერ ამაში - სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის და არ შეიძლება ეს მიხაროდეს. ჩვენ, როგორც არასდროს, უნდა დავდგეთ შურისძიებაზე, ბოღმაზე მაღლა და შევძლოთ ერთმანეთთან ადამიანური ლაპარაკი, დაე, ნუ დავეთანხმებით ერთმანეთს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პირველმა პირმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებულ მოვლენებზეც ისაუბრა: ის ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” საქმიანობაში ჩარევას მიუღებლად მიიჩნევს.

"სრულიად მიუღებელია ტელევიზიების საქმიანობაში იმ ტიპის ჩარევა, რომლის არა მხოლოდ მოწოდებები ისმის, არამედ დღეს დილიდან პირდაპირ განხორციელდა ”საზოგადოებრივ მაუწყებელში”. ასევე მიუღებელია ის მუქარები, რომელიც ისმის სხვა თავისუფალი მედია საშუალების მისამართით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საღამოს გამართულ საგანგებო მიმართვაში.

ამასთან, ბოლო დღეების მოვლენების შეფასების გათვალისწინებით, მან საქართველოს ახალ მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას მოუწოდა, "პასუხისმგებლობით აღივსონ და თითოეული ნაბიჯის გადადგმამდე ის კარგად აწონ-დაწონონ". "ჩვენ არა მხოლოდ არ უნდა დავანგრიოთ არაფერი - ნუ დავანგრევთ შენობებს, ავაშენოთ ახალი და უკეთესი შენობები. საქართველო საკმარისად ინგრეოდა, რომ ბოლო 9-წლიანი შენების შემდეგ ისევ დავანგრიოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100