სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი შეშლილობის ქრონიკა (ერთაქტიანი პიესა)

ყოველგვარ შეშლილობას აქვს თავისი ლოგიკა (უილიამ შექსპირი)

მოქმედების ადგილი - ტელეკომპანია ,,კავკასია”, ტოქ-შოუ ,,ბარიერი”, წამყვანი .ელისაშვილი, 2011წლის 15 ნოემბერი, სამშაბათი, 23 სათი 46 წუთი -

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=caucasia

მოქმედი პირები:

1. უარყოფითი გმირი - ლაშა თორდია - ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე;

2. დადებითი გმირი - დავით ბერძენიშვილი - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი;

3. ზედმიწევნით ნეიტრალური გმირი - ალექსანდრე ელისაშვილი - ტელეკომპანია ,,კავკასიის” ჟურნალისტი;

4. მაყურებელი

* * *

ა.ე. - ჩაწყვეტილი აქვს ხმა, თავი მიტრიალებული აქვს ლაშა თორდიასკენ, ყბა მარჯვენა მტევანს ეყრდნობა, მარცხენა ხელი მაგიდაზე უდევს.

ლ.თ. - ბურჯანაძე თუ მოვიდა, ეხლა რომ მოდის, რას იზამთ?

დ.ბ. - ბურჯანაძე თქვენი აღზრდილია, თქვენი პარლამენტის თავჯდომარე იყო!

.. - კვლავ სდუმს, თავი ისევ მიტრიალებული აქვს ლაშა თორდიასკენ, ყბა კვლავ ეყრდნობა მარჯვენა მტევანს, მარცხენა ხელი ისევ მაგიდაზეა.

ლ.თ. - ახლა რომ მოვიდეს, ერთად იქნებით?

დ.ბ. - ვერ ეღირსებით!!!

.. - ისევ სდუმს, ისევ .თორდიას უცქერს დაკვირვებით, პოზა უცვლელი.

ლ.თ. - რომ მოვიდეს, ხომ თქვა ბიძინა ივანიშვილმა, წამოხვალთ?

დ.ბ. - უნდა გაგაწბილოთ - ბურჯანაძე არანაირად არ იგეგმება ჩვენს სამომავლო თანამშრომლობაში ივანიშვილთან!

.. - ისევ უხმოდ, თითქოს გულჩათხრობილი უცქერს .თორდიას. იწყებს მარცხენა ხელის თითებით მაგიდაზე კაკუნს.

ლ.თ. - და მაინც, მიპასუხეთ, რომ მოვიდეს, რას იზამთ, წამოხვალთ, დატოვებთ ბიძინა ივანიშვილს? რატომ არ მპასუხობთ?!

დ.ბ. - არ იქნება ბურჯანაძე და ამიტომ, ის რაც არ იქნება, რაზე გიპასუხოთ?! არ გამოგივათ ეგა, არ დგას ბურჯანაძის საკითხი!

.. - კვლავ უცვლელ პოზაშია!

მაყურებელი - რას მიაშტერდა თორდიას ეს კაცი, ნეტავ რაშია საქმე?...

ლ.თ. - როგორ არ დგას, ბიძინა ივანიშვილმა ხომ განაცხადა, რომ ბურჯანაძესთან აპირებს თანამშრომლობას! არ თქვა ესე?!

დ.ბ. - არა, მერე განმარტა, რომ ბურჯანაძესთან ერთ პოლიტიკურ გუნდში არ ვაპირებ თამაშსო. არ იქნება, არ იგეგმებაა! მე მესმის თქვენი, არ გამოგივათ!

მაყურებელი - დავით, ახლა კი გვაბოლებ, აი! რას ნიშნავს პარტიაში არ მივიღებ და მხოლოდ ვითანამშრომლებო? ეს იგივეა, აღა-მაჰმად-ხანს პარტიაში არ ვიღებ, უბრალოდ ვთანამშრომლობთო!

.. - გახევებული ზის, თვალს არ აშორებს თორდიას... აშკარად მიხიბლულია მისი ფართო, მოშიშვლებული შუბლით და ვნებიანი ბაგეებით!

ლ.თ. - თეორიულად გეკითხებით, კითხვა ხომ დაგისვით ...კითხვა დამისვა ალეკომ, რომ შენი აზრი გამოთქვი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებითო... მე ჩემი აზრი გამოვთქვი. თქვენი აზრი მაინტერესებს, ნინო ბურჯანაძე რომ მოვიდეს ბიძინა ივანიშვილთან, რას იზამთ თქვენ?

დ.ბ. - არანაირ პასუხისმგებლობას ჩვენ ბურჯანაძესთან ერთად არ ავიღებთ - ეს გვითქვამს უამრავჯერ და არ გვემუქრება ამ ტიპის საკითხების განხილვა!

.. - თორდიაზე შეყვარებული ,,სფინქსი’’ კვლავ გარინდულია!

ლ.თ. - გაუგებარია თქვენი პასუხი...

დ.ბ. - რა არის გაუგებარი, ვერ მოვა-მეთქი - გეუბნები, არ იგეგმება!.. და ეხლა, არ იგეგმება და როგორ გიპასუხო?...

ლ.თ. (განწირული ხმით) - რომ მოვიდეს, დატოვებთ?

დ.ბ. - რა ბავშვური თამაშია, არ იგეგმება მისი მოყვანა და რაზე გიპასუხო?!

ლ.თ. - ორაზროვანი პასუხია, კი ბატონო...

მაყურებელი - როგორც იქნა, მგონი ალეკო გამოდის ტრანსიდან - თვალები დაახამხამა, ყბასაც გამოაცალა საყრდენი ხელი!

ა.ე. - ბატონო ლაშა, თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა ასეთი...

მაყურებელი - ლაშა, ლაშა, სხვა ამ კაცს არავინ აღარ აინტერესებს!

P.S.

მაყურებელი დგება, სიგარეტს უკიდებს, ყავას ისხამს. ტელევიზორი ჩართულია: ,,..მთავარი ეჭვმიტანილი კვლავ ინმაკულადა როხასია!”... ,,სერიალის სპონსორია მაიონეზი ,,სლობოდა!”... იღებს ჟურნალ ,,ტაბულას”, კითხულობს - ბორის ივანიშვილი: ,,არის რაღაც შეკითხვები ქალბატონ ნინოსთან, მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენ ამ შეკითხვებს მოვხსნით, პოზიციებს შევათანხმებთ და აუცილებლად ვითანამშრომლებთ”.

უჯდება კომპიუტერს, ხსნის ფეისბუკის გვერდს. კომენტარი მთავარ კედელზე: ,,ქრისტემ შეუნდო მარიამ მაგდალინელს და რა მოხდება, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ აპატიოს ნინოს?”... მობილურის ხმა, მესიჯი: ,,გირეკავ, რატომ არ მცემ პასუხს! მიყვარხაააარ! იცოდე, სამუდამოდ გაგებუტე! ძილი ნებისა. გკოცნი”. გონებაში ჩაქუჩისებრი დარტყმებით მოედინება იუთუბზე დღეს მოსმენილი მელოდია: ,,დგდგ-დგდგ-დგდაგა! მე შენ მიიყვარხაარ, როგორც მაწონიი, მე შენს სიყვარულს, ვეღარ ავწონიი. შენ მანქანა ხარ, მე კი მატორი და სიყვარულის აკუმულატორიიი....”

მაყურებელი წვება. მთელი ღამე ვერ ისვენებს, ფიქრობს: ,,.... ქრისტე ...ივანიშვილი... მართლა, რა მოხდება, რომ შეუნდოს?... ჯერ ბორიამ და მერე რესპუბლიკელებმა?... დავითმა, არაო და ,,სლობოდა” აპატიებს?...”. დილით, მობილურის ზარი... დედა: ,,სარეცხი გაქათქათებულია! გამოხვალ, ცხელი ბულიონი გავამზადე?..”. დგება, გადის აბაზანაში. წყალი გადაუკეტავთ - მეზობელი აკეთებს რემონტს... ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს პოეტურ სტატუსს: ,,დოლიძეზე თოვლი მოდის, წყალი - არა, ფეისბუკლი - კი!”

ზ.ოდილავაძე. 2011 წელი. ნოემბერი.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100