სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაში ოჯახის წევრები მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებენ

რაფალიანცის ოჯახის წევრები ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 10 თვის ბავშვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან.მათი თქმით, ორგანიზაციის მიერ გაჟღერებული ფაქტები სარწმუნოა.

„აქამდეც უნდა გამოეძიებინათ, მაგრამ არ გამოუძიებიათ, იმიტომ არ გამოიძიეს, რომ მჯერა, ეს მოქმედი ხელისუფლების გაკეთებულია. ამ ფაქტების მჯერა და ახლა ვრწმუნდები ამაში“, - განაცხადა ბარბარე რაფალიანცის ბაბუა ილია მექარიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების – „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრისა“ და „სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრის“ განცხადებით, „10 თვის ბავშვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე გახსნილია და ეს მკვლელობა იყო“. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომელთაც ალტერნატიული გამოძიება ჩაატარეს, „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრში“ განაცხადეს.

მათი თქმით, ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, რამაც საზოგადოების შოკი გამოიწვია, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები თვლიდნენ, რომ აღნიშნული „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის მკვეთრად დაცემისთვის საკმარისი არ იყო და შესაბამისად, არჩევნების წინა დღეებში უნდა დაგეგმილიყო რამდენიმე ტრაგედია, რომელიც საზოგადოებრივ განწყობაზე იქონიებდა გავლენას, მათ შორის, იყო კოალიციის მხარდამჭერთა გატაცებები, დაჭრები და ა.შ.

„წყაროს ცნობით, თავდაპირველად 10 თვის ბავშვის გატაცება დაიგეგმა. ბავშვის ოჯახი კოალიციის მხარდამჭერი იყო, შესაბამისად, ფაქტი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაბრალდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც გეგმა განიხილებოდა. წყაროს თქმით, ღარიბაშვილი, ივანიშვილი და ალასანია თვლიდნენ, რომ გატაცება საბოლოო მიზნისთვის საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომ ფაქტი ტრაგედიით უნდა დასრულებულიყო და ეს უნდა მომხდარიყო არჩევნების წინა დღეებში, რათა „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმარისი დრო არ ჰქონოდა თავის მართლებისთვის. წყაროსვე თქმით, შეხვედრაზე, ტრაგედიის წინააღმდეგ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ლაშა ნაცვლიშვილმა და ერისი კიწმარიშვილმა. ისინი თვლიდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის ციხის კადრებიც საკმარისი იყო. თავად საქმის ორგანიზება კი ღარიაბაშვილსა და ალასანიას დაევალათ. აღნიშნულს ის გარემოებაც ამყარებს, რომ იმ დღეს ალასანია ნაცვლად იმისა რომ ზუგდიდში ყოფილიყო, სადაც დილის 08:00 საათზე არჩევნები ჰქონდა, გურჯაანში იმყოფებოდა“, - განაცხადა რომეო საჯაიამ.

რაც შეეხება აღნიშნული ინფორმაციის წყაროებს, საჯაიას თქმით, მათი ნაწილი შეხვედრის თვითმხილველია, ნაწილი კი – დანაშაულის ორგანიზების პროცესისა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვის გაუჩინარების შესახებ გახდა ცნობილი და ძებნის პროცესი დაიწყო, სახლთან იმყოფებოდა კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიციელი სოსო ბერიკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ბავშვი შესაძლოა, სახლში ყოფილიყო და პირდაპირ შევიდა ოთახში, სადაც ქვევრი იყო განთავსებული, ქვევრს ახადა სახურავი, თქვა ბავშვბი აქ არისო და ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი ამოეყვანა და გაერკვია, რა მდგომარეობაში იყო ის, ქვევრს სახურავი დააფარა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ელოდა პოლიციისა და ჟურნალისტების მოსვლას.

„ყოველივე აღნიშნულის ჩანაწერი არსებობს. გარდა ამისა, ბავშვის გაუჩინარების შესახებ ცნობილი რომ გახდა, ადგილზე მივიდა მანანა ბერიკაშვილი და განაცხადა, რომ არსებობს კადრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბავშვი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაიტაცეს. ბუნებრივია, ოჯახს იმ მომენტში კადრების ნახვის თავი არ ჰქონდათ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მოიკითხეს და ბერიკავშილმა მათ უთხრა, რომ კადრები შემთხვევით წაიშალა. ამჟამად ოჯახი ძლიერი წნეხის ქვეშაა. გამომძიებელი, შს მინისტრი, პროკურორი მათ ზარებს არ პასუხობს. აქვთ ეჭვი, რომ ოჯახის წევრს უნდათ დააბრალონ მომხდარი და შესაბამისი ინფორმაციაც გაავრცელეს, რათა ოჯახი გაჩუმდეს და გამოძიება არ მოითხოვოს“, - განაცხადა საჯაიამ და დასძინა, რომ საგამოძიებო ორგანოდან დუმილის გაგრძელების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები მათ ხელთ არსებულ ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ.

მისივე თქმით, მანანა ბერიკაშვილის სამსახურში აღდგენა სწორედ აღნიშნულ საქმეს უკავშირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100