გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანიამ იჩქარა
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ნებისმიერი ფრაზა, რომელიც უკავშირდება კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიას, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ხელისუფლებისა და მარიონეტული რეჟიმის მხრიდან.
როგორც Prime Time News-ს თარგამაძემ განუცხადა, როდესაც ტერაქტის აღკვეთის მცდელობაზეა საუბარი, არ შეიძლება ნაჩქარევი განცხადებების კეთება.
"რაც არ უნდა დაძაბული იყოს ქვეყნის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, რაც არ უნდა მწვავედ წარიმართოს წინა საარჩევნო კონკურენცია, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ფრაზა, რომელიც კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებს უკავშირდება, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ხელისუფლებისა და მარიონეტული რეჟიმის მხრიდან, რაც ჩვენ ეს უკვე ვნახეთ რეზერვის სისტემის თემასთან დაკავშირებით. ეს განცხადებაც ზუსტად ამ ხაზის გაგრძელებაა და არა მგონია ამან რაიმე დადებითი მოუტანოს განცხადების ავტორს. რაც არ უნდა ეჭვი მქონოდა, მე თავშეკავებული ვიქნებოდი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სამართალდამცავები ეჭვმიტანილზე საუბრობენ. მიმაჩნია, რომ ეს ნაჩქარევი განცხადება იყო". - ამბობს Prime Time News-თან თარგამაძე.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი ალასანია ხელისუფლებას მორიგ ბრალდებას უყენებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ასაფეთქებელი ნივთიერება თავად დადო.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში პროკურატურის შენობასთან ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს, თუმცა ქართველი სამართალდამცავების აქტიური მუშაობის შედეგად, მოხდა მისი გაუვნებელყოფა. შსს-ს ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან იქნა გადმოტანილი.
კომენტარი