სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ მივიდა ჭიკაიძე პარლამენტში?

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებსა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„2012 წლის ნოემბრიდან სამინისტრო გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მისი ძირითადი მიზანია მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. სამინისტროს სისტემა დეპოლიტიზებულია და ამ კურსიდან გადახვევა არ მოხდება. უცვლელი დარჩება შსს-ს სისტემაში 2013 წელს დამკვიდრებული მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის პრაქტიკა საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში. პოლიცია აღარ ახორციელებს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას. იგი თავის საქმიანობას წარმართავს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით.

პოლიცია გააგრძელებს საზოგადოებასა და მის საჭიროებებზე ორიენტირებას. ერთ-ერთი პრიორიტეტი არის პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიციის საქმიანობაში ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონიერების, პროპორციულობის, თანასწორობისა და ნეიტრალურობის პრინციპების დაცვას. 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც წინა კანონისგან განსხვავებით, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს. მიმდინარეობს და გაგრძელდება პოლიციელთა გადამზადება ახალი ნორმატიული ბაზის შესაბამისად. შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების სწავლება წარმოადგენს.

სამინისტრომ განახორციელა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 2014 წლის აპრილში დასრულდა დაბა გუდაურში პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. 2014 წლის ივნისიდან ქალაქ თბილისში, გამსახურდიას გამზ. N46-ში მიმდინარეობს პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2014 წლის ნოემბერში. ასევე, თბილისში, მცხეთაში, ბათუმსა და დაბა ჩაქვში მიმდინარეობს შსს-ს სხვადასხვა შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები; საპატრულო პოლიციაში 2014 წელს შეიქმნა გურიის მთავარი სამმართველო და 2 მაისს ექსპლუატაციაში შევიდა აღნიშნული მთავარი სამმართველოს შენობა; 2014 წლის 20 ივნისს გაიხსნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სახაზო განყოფილების ახალი შენობა საჩხერის რაიონში; ასევე გაიხსნა ახალი საგუშაგო სოფელ ჯოყოეთთან; გაგრძელდება შსს-ს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის 120 კილომეტრიან მონაკვეთზე, ასევე, ქალაქ საჩხერესა და ქალაქ ჭიათურაში არ ვრცელდებოდა საპატრულო პოლიციის მომსახურება. ახალ სახაზო განყოფილებას აღნიშნულ მონაკვეთზე პატრულირებისთვის გადაეცა 7 საპატრულო მანქანა; ქვეყნის მასშტაბით, 10%-მდე გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, გაფართოვდა მოქმედების არეალი, დაიფარა აქამდე აუთვისებელი მიმართულებები; ახალი თაობის ავტომობილებით განახლდება საპატრულო პოლიციის ავტოპარკი.

იზრდება და იხვეწება შსს-ს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შესაძლებლობები. სამინისტრო აღიჭურვა რადიოაქტიური ნივთიერებების საექსპერტო კვლევის მოწყობილობებითა და სპეციალური საშუალებებით, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია რადიოაქტიური ნივთიერებების სრულყოფილი საექსპერტო კვლევა როგორც ლაბორატორიულ, ისე საველე პირობებში. სამინისტროში წარმოებს 500-მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ე.წ. „ბიო“, „სპაისი“) თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი. ახალი ავტომატიზებული ბალისტიკური იდენტიფიკაციის სისტემა „BalScan“ შესაძლებელს ხდის შედარებითი ბალისტიკური კვლევის ჩატარებისათვის საჭირო დროის რამდენიმე თვიდან 15-20 წუთამდე შემცირებას. დაგეგმილია ექსპერტიზის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება.

ტრანსპარანტულია დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმი) საქმიანობა. 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, მონიტორინგის მიზნით, დმი-ებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და უცხოელი უფლებადამცველების მიერ 120-ზე მეტი (2012 ნოემბრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე 90-ზე მეტი, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე 30-ზე მეტი) ვიზიტი განხორციელდა; მოხდა დმი-ს ინფრასტრუქტურის (თბილისის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონული დმი-ების) რეაბილიტაცია; გენდერული ბალანსის გაუმჯობესების მიზნით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 60%-ით გაიზარდა ქალ თანამშრომელთა რაოდენობა; დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმი) გახსნა, ასევე, არსებული იზოლატორების რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, თანამშრომელთა ტრენინგი. დაკავებულთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, იზოლატორებში გაიზრდება სამედიცინო პერსონალის (ექიმების) რაოდენობა. იზოლატორებში ასევე გაიზრდება თანამშრომელ ქალთა რაოდენობა.

შსს ხელმძღვანელობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით,განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. განახლდება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკულ საშუალებათა არალეგალურ ბრუნვასთან ბრძოლა. შსს აქტიურად მუშაობს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარა კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებები, რომელთაგან მზადდებოდა კუსტარული ნარკოტიკები. გამკაცრდა პასუხისმგებლობა აფთიაქის მფლობელთა და აფთიაქში დასაქმებულთათვის. ცვლილებების განხორციელებამდე უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული ნივთიერებები ლეგალურად შემოედინებოდა საქართველოში და თავისუფლად რეალიზდებოდა აფთიაქებში. 2012 წელს საქართველოში მხოლოდ კოდეინის შემცველი, კომბინირებული საშუალებების 15 000 000 აბის იმპორტირება მოხდა. 2013 წლის 16 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე განხორციელებულმა შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ აფთიაქების ერთობლივმა ინსპექტირებამ აჩვენა, რომ 99,99%-ის გადინება ხდებოდა არალეგალურ არხებში;

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ე.წ. ,,კრაკადილთან“ მიმართებაში სახეზეა მოხმარების 90%-იანი კლება. ერთობლივი ინსპექტირების საფუძველზე ხორციელდება ქვეყნის შიდა კვოტების დადგენის მოსამზადებელი პროცედურები, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში გარკვეულ ნივთიერებებზე დადგინდება აღნიშნული კვოტები ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე;

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, დაწესდა პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ცალკეულ ე.წ. „ბიოებსა“ და „სპაისებზე“, არამედ ქიმიურ ნაერთთა მთელს კლასებზე. ეფექტიანად ხორციელდება კანონის აღსრულებაც. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მინიმუმამდეა შემცირებული ამ ნივთიერებების ინტერნეტით გამოწერა და ფოსტის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა.

2014 წლის მაისიდან შსს-სა და შემოსავლების სამსახურის კინოლოგები ერთობლივად ახორციელებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოდინების აღკვეთის ღონისძიებებს.

ქვეყანაში ნარკოტიკებისა და პრეკურსორების უკანონო შემოტანის ძირითად მიმართულებებზე (აეროპორტები, საზღვაო პორტები, საავტომობილო გზები) კონტროლისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების შედეგად, 2014 წლის 14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა 2,79 ტონა თხევადი ჰეროინი.

გაძლიერდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნული მიმართულებით იგეგმება სამართალდამცველთა პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი განვითარება, ისევე როგორც შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით.

დიდი ყურადღება დაეთმობა ოჯახში ძალადობის, აგრეთვე, არასრულწლოვნებთან დაკავშირებული ძალადობის, ნარკომანიის, საგზაო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით გაღრმავდება თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება პოლიციელთა ტრენინგები (ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგს ყველა საუბნო განყოფილებიდან 452 უბნის ინსპექტორი გაივლის) და გაიმართება საინფორმაციო კამპანიები. პოლიციელები პედაგოგებთან ერთად გააგრძელებენ პროექტის – „სამართლებრივი განათლება“ ფარგლებში საჯარო სკოლებში გაკვეთილების ჩატარებას საგანში „სამართლებლივი კულტურა“, სადაც ხაზგასმულია ბავშვთა უფლებები და პასუხისმგებლობები. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ისევე როგორც აღნიშნულ სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მიმდინარეობს მუშაობა ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემის დახვეწაზე. აღნიშნულ სამუშაოებში ასევე ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ბავშვთა დაცვის კუთხით, ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის და იურიდიული საკითხების სწავლება ინსტიტუციონალიზებულია და უკვე მიმდინარეობს პროფესიონალთა შესაბამისი ტრენინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 2014 წლის სექტემბერში ამოქმედდება მიგრაციის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ მიგრანტთა გამოვლენასა და მათი ქვეყნიდან გაყვანაზე. 2014 წლის სექტემბერში ექსპლუატაციაში შევა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, სადაც გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები. ამ მიზნით შსს-ს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტების ფარგლებში ეცნობოდნენ ევროპულ გამოცდილებას (სასწავლო ვიზიტები შედგა პოლონეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ბელგიაში). ცენტრი ექსპლუატაციაში შევა 2014 წლის სექტემბერში. ამოქმედდება არალეგალ მიგრანტთა გამოვლენის ელექტრონული პროგრამა და მასში ჩაერთვება ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტი. ამ მიზნით ხორციელდება შესაბამისი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განახლებაც. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად, მიგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიმუშავა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები, რომელთა დამტკიცება მოხდება 2014 წლის 1 სექტემბრამდე. ამ პერიოდისთვის ასევე ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიას შორის, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა საქართველოდან ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ“. შეთანხმება დაარეგულირებს შსს-სა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების საქართველოდან ნებაყოფლობითი დაბრუნების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

გრძელდება სასაზღვრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მოდერნიზება და სასაზღვრო სექტორების მშენებლობა. კერძოდ: 2013 წლის დეკემბერში დასრულდა სასაზღვრო სექტორების – „კარწახის“ და „სამების“ სამშენებლო სამუშაოები; 2014 წელს დაიწყო 8 სასაზღვრო სექტორის მშენებლობა; სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) მონაკვეთზე აშენდა 7 ერთეული ბლოკ-პოსტის შენობა. N2 სამმართველოს (ახალციხე) მონაკვეთზე მოეწყო 4 ახალი სათვალთვალო კოშკურა და განხორციელდა 6 კოშკურის რეაბილიტაცია; 2014 წლის 24 ივნისს გაიხსნა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი, რომელიც საზღვაო ოპერაციების მაკოორდინირებელი ორგანოა და აღჭურვილია ერთობლივი მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, საზღვაო დაკვირვების ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით; დაიწყო სანაპირო დაცვის ბათუმის ბაზის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2015 წლის სექტემბერშია დაგეგმილი; გაუმჯობესდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სამუშაო პირობები, გაიზარდა მათი თანამდებობრივი სარგოები.

გაუმჯობესდება საგანგებო სიტუაციების მართვის შესაძლებლობები. მესტიასა და სტეფანწმინდაში შეიქმნა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ქვეგანყოფილებები. მათთვის აშენდა კოტეჯები, გადაეცათ სამაშველო აღჭურვილობა და ავტომანქანები. სტეფანწმინდაში სამაშველო სამსახურის ახალი შენობა ექსპლოატაციაში შევიდა 2013 წლის დეკემბერში, ხოლო მესტიაში 2014 წლის 3 აპრილს. საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვისა და ერთიანი ორგანიზების მიზნით განხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის რეფორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტული სფეროდ რჩება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების პოლიტიკა. შსს-ში წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის ინიციატივის „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“-ს თბილისის რეგიონული სამდივნო, რომელიც საქართველოს, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში აღნიშნულ სფეროში საკვანძო ქვეყანად აქცევს. შსს ასევე სათავეში უდგას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს. შემუშავებულია ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია. დასკვნით სტადიაშია სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი.

შსს დიდ ყურადღებას დაუთმობს ნორმატიული ბაზის დახვეწას. მათ შორის, აღსანიშნავია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა „კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ ევროპულ კონვენციასთან და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამინისტროს მომსახურების ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. მოხდება შსს-ს შესაძლებლობების განვითარება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

შსს-ს აკადემიაში განხორციელდება სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამები. სამინისტროს საჭიროებების შესაბამისად გადამუშავდება არსებული და შემუშავდება ახალი, სპეციალური, პროფესიული სასწავლო პროგრამები.

გაღრმავდება საერთაშორისო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და პოლიციის სფეროებში. ამ კუთხით შსს-ს პრიორიტეტებია: ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, შსს-ს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოორდინაცია, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

იგეგმება ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება შემდეგი 5 მიმართულებით:

1. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის/პოლიციის სფეროში თანამშრომლობა 2. საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობა; 3.საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობა 4. რეადმისია; 5. მართვის მოწმობების ურთიერთაღიარება.

ასევე იგეგმება ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმება; ევროკავშირთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმება; „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრული იმპლემენტაცია. პრიორიტეტულია საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარება, მათ შორის, საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოების გზით.

ევროპული ინტეგრაციის კუთხით, შს სამინისტროსთვის პრიორიტეტული იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის II ფაზის ეფექტური იმპლემენტაცია. ევროკავშირთან თანამშრომლობის ზემოაღნიშნული ფორმატებიდან აღსანიშნავია შსს-ს კომპეტენციაში შემავალი შემდეგი მიმართულებები:

1. ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა.

2. საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეადმისიის (უნებართვოდ მცხოვრებ პირთა დაბრუნება) შესახებ შეთანხმება – რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მექანიზმების შემუშავება;

3. საზღვრის ინტეგრირებული მართვა – 2014-2016 წლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ერთიანი სამთავრობო ძალისხმევისა და დონორთა დახმარების მობილიზებით სასაზღვრო პოლიციის განვითარების კონკრეტული გეგმის შემუშავება და განხორციელება. სასაზღვრო პოლიციის განვითრება დაეფუძნება სისტემური განვითრების პრინციპებს, რაც გულისხმობს მოდერნიზაციის პროცესში პროცედურების სტანდარტიზაციასა და ტექნიკური უნიფიკაციის უზრუნველყოფას, რაც თავისთავად გააძლიერებს საზღვრების უსაფრთხოებასა და დაცულობას, აამღლებს ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობას.

4. საგზაო უსაფრთხოება – ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების (2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივა მართვის მოწმობების თაობაზე) დანერგვა, რაც გულისხმობს მართვის მოწმობების გაცემას ევროპის ქვეყნებში არსებული წესების სრული დაცვით. შედეგად, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული მართვის მოწმობების აღიარების პროცესი საგრძნობლად გამარტივდება.

5. სამოქალაქო დაცვა – ევროკავშირთან ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების უზრუნველყოფა 24 საათიან რეჟიმში ადრეული შეტყობინებებისა და ფართო მასშტაბიანი საგანგებო სტუაციების თაობაზე. აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების დროს საერთაშორისო დახმარების მიღებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვა მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის მიმართულებით. სამოქალაქო თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმის პროცესის გაგრძელება, რაც გულისხმობს რეაგირებაზე ორიენტირებული სისტემის გარდაქმნას პრევენციაზე ორიენტირებულ სისტემად. ამ მიმართულებით, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწასთან ერთად გაგრძელდება რისკების შეფასების სრულყოფილი რუკების შედგენა და რეგიონული რისკების ელექტროატლასის დანერგვა ეროვნულ დონეზე, აგრეთვე, ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრთან (Joint Research Centre of the European Commission) თანამშრომლობის გზით ევროპის წყალდიდობების შეტყობინების სისტემასთან (EFAS) მიერთება და საქართველოში ამ სისტემის დანერგვის ინიცირება;

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინსტრუქციის იმპლემენტაცია და მონაცემთა დაცვის ევროპული სტრანდარტების დანერგვა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ნატო-სთან, როგორც არსებული თანამშრომლობის ფორმატში, აგრეთვე უელსის სამიტის შემდგომ, თანამშრომლობის ახალი პერსპექტივებიდან გამომდინარე.“ - განაცხადა მინისტრმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100