სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ შევეყრებით და როგორ გავეყრებით „დათვებს“: საქართველო-რუსეთის ჯახი მოახლოვდა (ვიდეო)

გემოვნებისა არ იყოს, დღემდე არამარტო საქართველოში დაობენ, სპორტი მკაცრად უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან თუ არა. კაცმა რომ თქვას, სერიოზულად არც დაობენ - ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც თანხმდება, რომ უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ჩვენ კიდევ ერთხელ აღმოვაჩენთ, რომ სპორტი თავის თავში მოიცავს პოლიტიკური ამინდის, განწყობის, დამოკიდებულების, მეგობრობა-მტრობის ელემენტებს. ასე იყო ათადან და ბაბადან და, სავარაუდოდ, ასე იქნება უკუნითი უკუნისამდე...

ამიტომ, ყველამ წინასწარ იცის, რომ 17 მარტის საქართველო-რუსეთის სარაგბო ჯახი ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა კი არა, უპრინციპულესი მატჩია: ასე რომ არ იყოს, არასარაგბო ევროპა და სხვა კონტინენტთა ქვეყნები ასე არ დაინტერესდებოდნენ ამ შეხვედრით: 17 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უამრავი უცხოელი ჟურნალისტი და უცხოური ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფია აკრედიტირებული.

ქართველების მოლოდინზე ყველაფერი გასაგებია: მატჩამდე ერთი დღით ადრე თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია და ეს რეკორდული მაჩვენებელია საქართველოს სარაგბო ნაკრების ისტორიაში: 25 ათასი კაცი სტადიონზე, ანუ, 25 ათასი კაცისგან შემდგარი მეთექვსმეტე მოთამაშე საქართველოს ნაკრებისთვის!

რუსი „დათვები“ სოჭიდან თბილისში ავტობუსით ჩამოვიდნენ - ბოლო მზადება მატჩისთვის მათ იქ გაიარეს. სხვათა შორის, რუსეთის რაგბის ფედერაცია წინასწარ დაუკავშირდა ქართულ მხარეს და გადაამოწმა - თბილისში ჩასულ ჩვენს მორაგბეებს ჟურნალისტები ხომ დახვდებიანო... რით იყო ეს განპირობებული, ან რატომ იფიქრეს მათ, რომ სტუმრებს ჟურნალისტები არ დახვდებოდნენ, ძნელი სათქმელია - დახვდნენ და ჩაწერეს კიდეც როგორც მწვრთნელი (რომელმაც თქვა, რომ ძნელი მატჩი ელით, მაგრამ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვიდნენ), ასევე მორაგბეები, მათ შორის, რუსეთის მოქალაქე და რუსეთის ნაკრების წევრი პავლე კვერნაძე (რომელმაც თქვა, რომ „ქართველებს პატივს სცემს“).

რუსეთი ირწმუნება, რომ ის რუსეთი აღარაა (ჰმ, ისევ ეს ორი რუსეთი), რაც მანამდე იყო და ეს მართლაც ასეა - რუსები სერიოზულად ემზადებოდნენ. თუ გახსოვთ, სსრ კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს ერევნის „არარატზე“ ხუმრობდნენ: მთელი წელი იმისთვის ემზადება, რომ თბილისის „დინამოს“ მოუგოსო - რუსმა „დათვებმა“ ამ მატჩისთვის სამზადისში მთელი თავიანთი მონდომება ჩადეს.

მაგრამ ბორჯღალოსნები იმედიანად არიან და ეს არცაა გასაკვირი. რუსეთის ოპტიმალურ შემადგენლობას ქართველ მორაგბეთა ასევე ოპტიმალური შემადგენლობა უპირისპირდება. საბედნიეროდ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ოპტიმალური შემადგენლობიდან არავინ დაგვაკლდება.

მატჩი 17 მარტს 15 საათზე დაიწყება. რაგბის კავშირმა მოუწოდა მაყურებლებს, უფრო ადრე გამოცხადდნენ სტადიონზე, რომელიც პირველის ნახევრიდან გაიღება - ბილეთებს ადგილები არ აწერია და კარგი ადგილების დაკავება, ასე ვთქვათ, დასწრებაზე იქნება. მაყურებლებს სკამებზე A3 ფორმატის თეთრი და წითელი ფერის ფურცლები დახვდება - იმისთვის, რომ სტადიონის ტრიბუნებზე საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოისახოს. სტადიონზე მობილიზებული იქნებიან სამართალდამცველები, რომლებიც ექსცესებს აღკვეთავენ. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ იქნება.

რაგბის ფედერაცია გულშემატკივრებს წესრიგისკენ მოუწოდებს: „ჩვენი რაგბისტებისთვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა ის იქნება, რომ გულშემატკივრებმა ერთხმად დავაგუგუნოთ საქართველოს ჰიმნი“, - ამბობენ ოფიციალური პირები.

მანამდე კი სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე აქტიურად განიხილებოდა თემა, როგორ უნდა მოიქცეს ქართველი გულშემატკივარი საქართველო-რუსეთის სარაგბო შეხვედრის დასაწყისში, იმ მომენტში, როცა რუსეთის ჰიმნი აჟღერდება. განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი, რომელთაგან ყველაზე ხშირად ჩამოთვლილები ჩვენმა პორტალმა გამოკითხვაში შეიტანა. გამოკითხვა ორი დღის წინ განთავსდა (ის 17 მარტს, შუადღისთვის მოიხსნება, ასე რომ, მონაწილეობის მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია). სტატიის გამოქვეყნების დროისთვის მასში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა 669 პერსონალურ მომხმარებელს. შეკითხვა ასე იყო ფორმულირებული:

17 მარტს, რუს მორაგბეებთან თბილისში შეხვედრისას, რუსეთის ჰიმნის აჟღერების დროს, ქართველი გულშემატკივარი:

უნდა წამოდგეს ფეხზე და რუსეთის ჰიმნი ისე მოისმინოს
არ უნდა წამოდგეს ფეხზე პროტესტის ნიშნად
სტუმართა ჰიმნის დროს კრიტიკული პლაკატები უნდა აფრიალოს
პროტესტი სტვენითა და ფეხების ბაკუნით უნდა გამოხატოს
ფეხზე უნდა წამოდგეს,მაგრამ არენას ზურგი შეაქციოს

შედეგები ასე განაწილდა: გამოკითხულთა უმრავლესობა სტუმარ-მასპინძლობისა და სპორტული ტრადიციის ერთგულია - 41, 3% მიიჩნევს, რომ მაყურებელი ფეხზე უნდა წამოდგეს და რუსეთის ჰიმნი ისე უნდა მოისმინოს;

მათზე ბევრად მცირე ნაწილს, 25, 4% მიაჩნია, რომ რუსეთის ჰიმნის დროს მაყურებელი ფეხზე პროტესტის ნიშნად არ უნდა წამოდგეს;

მეორე კატეგორიაზე ცოტათი ნაკლები, 24,2% უჭერს მხარს ვარიანტს, რომ მაყურებელი ფეხზე წამოდგეს, მაგრამ არენას ზურგი შეაქციოს;

გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი უჭერს მხარს რადიკალურ პროტესტს: 5,1% მიიჩნევს, რომ სტუმართა ჰიმნის დროს მაყურებელმა პროტესტი სტვენიტა და ფეხების ბაკუნით უნდა გამოხატოს, ხოლო 4% თვლის, რომ ყველაზე უკეთესი იქნება, თუ რუსეთის ჰიმნის დროს მაყურებელი კრიტიკულ პლაკატებს ააფრიალებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100