გიგი კალანდაძე: მოსამართლეზე, რომელიც ჩვენ საქმეს იხილავდა, იუსტიციის მინისტრი ზეწოლას ახორციელებდა
„მოსამართლის მიმართ, რომელიც ჩემ საქმეს იხილავდა, იუსტიციის მინისტრი ზეწოლას ახორციელებდა“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას გენერალმა გიგი კალანდაძემ განაცხადა. კალანდაძე მოსამართლე გიორგი დარახველიძეს მადლობას უხდის იმისათვის, რომ არ მოექცა თეა წულუკიანის ზეწოლის ქვეშ.
"მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლე გიორგი დარახველიძეს, რომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს მოსამართლე 9 თვე იხილავდა ჩვენ საქმეს და არ მოექცა ზეწოლის ქვეშ, რომელ ზეწოლასაც ყოველანაირი პრეზუმპფციების დაცვის გარეშე აწარმოებდა იუსტიციის მინისტრი. რამდენჯერმე მან ღია ეთერში ბრალი დამდო თითქოს მე ვახდენდი ზეწოლას მოწმეებზე სამეგრელოში, რომელიც არც კი დადასტურდა და საერთოდ არც კი იყო ნახსენები. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და იმ ხალხს, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა ჩემი მოქმედების შეიარაღებულ ძალებში", - განახცადა კალანდაძე პრეზიდენტთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, სააკაშვილმა კალანდაძეს მოუწოდა, რომ წყენა არ შეინარჩუნოს და საქართველოს ემსახუროს.
"თქვენ ყველანი ხელახლა უნდა ჩადგეთ სამხედრო სამსახურში, როგორც ოფიცრები. გაქვთ საკმარისი გამოცდილება. წყენა არ უნდა შეინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, რომ შურისძიების მიზანი არ გექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ წყენის საფუძველი არსებობს. ფორმა იმიტომ აცვია ადამიანს, რომ ის დადგეს პირად წყენაზე მაღლა. მინდა გისურვოთ წარმატება თქვენს კარიერაში, ეს უსიამოვნო ინციდენტი უნდა მოვიტოვოთ უკან და კონცენტრაცია უნდა მოხდეს მომავალზე. თუნდაც ასეთი საწყენი წარსული უნდა დავივიწყოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.
კომენტარი