გრეგორი ლეპსი - რუსული შოუ-ბიზნესის ქართველი ვარსკვლავი
„ოდესღაც ედიტ პიაფმა თქვა, რომ ნამდვილ პროფესიონალს შეუძლია სატელეფონო ცნობარის ტექსტი იმღეროს და ამითაც კი ატიროს დარბაზი. ეს სიტყვები ისე არავის არ მიესადაგება, როგორც თანამედროვე მომღერალ გრეგორი ლეპსს, რომლის მიერ ნამღერი ყოველი სტროფი, ვნებით, ძალით, სიცოცხლის წყურვილითა და სიყვარულით ისეა გაჟღენთილი, რომ თაყვანისმცემელთა არმია მისით ყოველი სიმღერის შემდეგ იხიბლება.“ -ასე ახასიათებენ კრიტიკოსები რუსული ესტრადის ვარსკვლავსა და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტის წოდების მფლობელს, რომლის ნამდვილი გვარი გახლავთ ლეპსვერიძე.
„მე ვცდილობ ვიმღერო ისე, რომ ათი წლის შემდეგ ჩემი ნამღერის არ შემრცხვეს. ვმღერი ყოველთვის ცოცხლად და საკუთარ თავს არასოდეს ვაძლევ ყალბი ნოტების უფლებას. ყოველი ადამიანი უნდა აკეთებდეს იმას რაც ყველაზე უკეთ გამოსდის, მე კი ვიმღერებ მანამ სანამ ჩემი ჯანმრთელობა ამის საშუალებას მომცემს.“-ამბობს გრეგორი.
რუსებს გრეგორი ლეპსი ძალიან უყვართ და აფასებენ კიდეც. 2002 წლიდან დღემდე, მიღებული აქვს 20-მდე სხვადასხვა მუსიკალური ჯილდო. წლის საუკეთესო სიმღერისა და წლის საუკეთესო დუეტის სტატუსი მისმა არაერთმა ნამუშევარმა მიიღო. 2011 წელს კი გრეგორი ლეპსს რუსეთის დამსახურებული არტისტის ტიტულიც მიენიჭა.
გრეგორი ცნობილი ადამიანების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებსაც მედიასთან კონტაქტი არ უყვარს, ჩემი ცხოვრება ჩემს სიმღერებშიაო ამბობს, თუმცა ჟურნალისტები მის შესახებ, მაინც ბევრს წერენ, აკვირდებიან მის აწმყოს, იქექებიან მის წარსულში, უყვართ მისი ნიჭი და აკრიტიკებენ ფულის სიყვარულისთვის.
ავტორიტეტული გამოცემებისა და სოციალური გამოკითხვების მონაცემებით, გრეგორი ლეპსი რუსეთის ყველაზე წარმატებული და ძვირადღირებული მომღერალია. მის კონცერტზე, ერთი ბილეთის ფასი 150-დან 1300 დოლარამდე მერყეობს.
„ჩემს კონცერტზე ყველაზე ძვირადღირებული ბილეთი 25 ათასი რუბლი ღირს, არის დაბალფასიანი ბილეთებიც, 2-3 ათას რუბლად. ეს ძვირია, ვიცი, რომ ძვირია, მაგრამ მადლობა ღმერთს მოთხოვნა არის და რატომაც არა. როდესაც გასტროლების ორგანიზატორებს საკუთარ მოთხოვნებს ვაცნობ, თავიდან არც კი სჯერათ. მათ უკმაყოფილო რეაქციებს კი მხოლოდ ერთი ფრაზით ვპასუხობ: იცით მეორე გრეგორი ლეპსი, თუ იცით დაურეკეთ და ის იმღერებს უფრო იაფად. ვთვლი, რომ ნებისმიერი თანხის დასახელების უფლება მაქვს, დარბაზი ყოველთვის გადაჭედილია, ესეიგი მე მართალი ვარ. თქვენ არ იცით მე რა მსხვერპლსა და დანაკარგებზე მომიწია წასვლა იმისათვის, რომ აქამდე მოვსულიყავი, ხოდა მაქვს უფლება და ვასახელებ ამ თანხებს. მე იმაზე მეტი გავეცი ცხოვრებაში, ვიდრე ვითხოვ ახლა.“ - ასე განუმარტა რუს ჟურნალისტებს, საკუთარი ჰონორარები გრეგორი ლეპსმა.
ცხოვრება კი, როგორც ამბობენ, მართლაც თავგადასავლებით სავსე ჰქონდა, გრეგორი ლეპსს, მისმა ახალგაზრდობამ ხომ 90-იან წლებში გაიარა. ცხოვრობდა სოჭში, სწავლობდა მუსიკალურ სასწავლებელსი და მღეროდა ერთ-ერთ რესტორანში. როგორც სოჭელები იხსენებენ, მისი სიმღერით რესტორნის სტუმრები ისე იხიბლებოდნენ, რომ სცენაზე მდგარ გრეგორის გარშემო ფულის წვიმა არ წყდებოდა. არავის ახსოვს, რომ გრეგორის სიმღერა შეეწყვიტა და ფულისგენ წაეღო ხელი, რესტორნის დახურვის შემდეგ მთელ თანხას დამლაგებელი აგროვებდა და მუსიკოსები მას თანაბრად ნაწილებდნენ. იმასაც ამბობენ, რომ მაშინ იმ რესტორნის დამლაგებელი დღეში იმდენ ფულს შოულობდა რამდენიც მაგალითად ერთ ექიმის (რომელიც მაშინ მაღალანაზღაურებადი პრფესია იყო) მთელი თვის ხელფასი იყო. რესტორნის ნასვამი სტუმრები ოქროულობას იხსნინდნენ და გრეგორის ჩუქნიდნენ, თუმცა მეორე დღეს გრეგორი მიდიოდა მათთან და საჩუქრებს აბრუნებდა. „გუშინ ნასვამი იყავით, ახლა ფხიზელი ხართ და დაიბრუნეთ, თქვენი ძვირფასეულობაო“- ეუბნებოდა.
რუსეთის დაპყრობა გრეგორი ლეპსვერიძემ, 30 წლის ასაკში გადაწყვიტა, მიატოვა შემოსავლიანი სამსახური სოჭში და მოსკოვში, ყველასათვის უცნობი მუსიკალური ჯგუფის „ინდექს“-ის სოლისტი გახდა, სადაც გვარი შეუცვალეს და გრიშა ლეპსვერიძე გრეგორი ლეპსად იქცა. თუმცა ამ ჯგუფმა მას წარმატება ვერ მოუტანა და ფინანსური პრობლემების გამო ისევ სოჭში დაბრუნდა. ზუსტი მიზეზი ალბათ მხოლოდ გრეგორიმ იცის, თუმცა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სოჭში დაბრუნებულ გრეგორის გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსკოველმა მეგობრებმა ჩააკითხეს, რადგან ის სიკვდილის პირას იყო მისული. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ გრეგორი ისევ რუსეთში უნდა დაბრუნებულიყო და საავამყოფოდან გაემგზავრა კიდეც პირდაპირ მოსკოვში, სადაც სოლო კარიერა დაიწყო და დაახლოებით 10 წლიანი შრომის შემდეგ წარმატებასაც მიაღწია, 2002 წლისთვის ის უკვე იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი.
დღეს 51 წლის გრეგორი ლეპსი, წარმატებული მომღერალი, პროდიუსერი, ბიზნესმენი და მილიოერია. ფლობს საკუთარ საპროდუსერო ცენტრს, მზის სათვალეების საწარმოო ხაზს და ძველი ხატებისა და წიგნების ძვირადღირებულ კოლექციას. ჰყავს მეუღლე ანა, რომელიც ლაიმა ვაიკულეს საბალეტო დასის მოცეკვავეა. ანასა და გრეგორის 3 შვილი ჰყავთ, 12 წლის ევა, 6 წლის ნიკოლი და 3 წლის ივანი (ვანო) გარდა ამისა გრეგორის კიდევ ჰყავს ერთი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, 29 წლის ინგა.
„ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამის მოსწრება მინდა. მოსწრება!-ეს ჩემი საყვარელი სადღეგრძელოა“-ამბობს გრეგორი ლეპსი.
კომენტარი