სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დახვრიტეს კომუნისტებმა ვაჟა-ფშაველას ვაჟი?

საქმე N22905-61, საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი...

კაბინეტი თუთუნის კვამლში იყო გახვეული, მაგიდის ლამპის შუქით განათებულ ოთახში მხოლოდ სერგო ორჯონიკიძის გაბურძგნული თმა და ბოროტად მოელვარე თვალები მოჩანდა. მზერით ხვრეტდა მის კაბინეტში მყოფ შალვა დადიანს, პავლე ინგოროყვასა და ალექსანდრე აბაშელს, რომლებიც მისგან ვაჟა-ფშაველას შვილის, ლევან რაზიკაშვილის განთავისუფლებას ითხოვდნენ. დაძაბული სიჩუმე იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ მწერლებს კინაღამ ნერვებმა უმტყუნათ. ორჯონიკიძემ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და კბილებში გამოსცრა: „ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ ყოფილიყო ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდი!“

პავლე ინგოროყვამ ქუდს ხელი დაავლო და პირველი გამოვარდა კაბინეტიდან, დანარჩენებიც უხმოდ მიჰყვნენ…

საქართველოს შსს-ს არქივში დევს საქართველოს "ჩეკაში" გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე N22905-61, რომელიც 1922 წელს შეიკერა და რომლის საფუძველზეც ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. ვაჟა-ფშაველას ვაჟი, ქვეყნის დიდი პატრიოტი და ინტელიგენტობით განსაკუთრებით გამორჩეული პიროვნება ლევან რაზიკაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის მტრად გამოაცხადა და, სამაგალითოდ, სიკვდილით დასაჯა.

ლევანი 1887 წელს დაიბადა, ის ვაჟა-ფშაველასა და კეკეს მეორე შვილია. ლევანი ცოტა ხანს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, სადაც ერთ მერხზე ისხდნენ ის და ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, ეს მეგობრობა შემდგომშიც გაგრძელდა და ლევან რაზიკაშვილს ბედისწერად ექცა...

ლევანი სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტობდა და სხვათა შორის, ეს ამბავი კომუნისტებს მთავარ „ბრალდებად“ უდევთ სისხლის სამართლის საქმეში.

სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ვაჟა ცდილობდა, ლევანს სწავლა გაეგრძელებინა, ამიტომაც ხან ვის აწუხებდა სტიპენდიის თაობაზე და ხან – ვის, თუმცა ამაოდ. ბოლოს ლევანმა გორში სოცუზრუნველყოფის გამგებლად დაიწყო მუშაობა, სწორედ გორში ყოფნის პერიოდში გაიცნო ლევანმა, ულამაზესი 17 წლის თამარ თვარელიძე. ლევანი თამარის ძმას, იოსებს დაუმეგობრდა და მათ ოჯახში ხშირად დადიოდა. ერთხელ, სტუმრობისას ჩოხაზე ღილი აუწყდა. დედამ თამარს უბრძანა, სტუმრის ჩოხისთვის ღილი დაეკერებინა. დაფეხმძიმების შიშით თამარს ჩოხა, რაც შეიძლება შორს დაუჭერია, რომ კაბის კალთა მართლაც არ შეჰხებოდა და ღილი დიდი წვალებით დაუკერებია. ბოლოს და ბოლოს, მათი ამბავიც გაირკვა და ქორწილი გადაიხადეს. ნეფე-პატარძალს უკან ვაჟა-ფშაველა მოჰყვებოდათ, დიდი პოეტის ნახვას ხალხი ისე აღუფრთოვანებია, რომ ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე ფარდაგები და ია-ვარდი მოუფენია. ვაჟას ბევრი არაფერი ებადა, თუმცა შვილს გული არ დასწყვიტა და თავისი ერთადერთი ძვირფასი ნივთი, ოქროს ძეწკვზე ჩამოკიდებული საათი, ქორწილშივე უსახსოვრა. სიკვდილის პირას მყოფი ვაჟა ლევანმა და თამარმა თბილისში მოინახულეს. ვაჟა ფეხმძიმე რძალს მუცელზე მოეფერა და უთხრა, მალე ლუკა დაიბადებაო. ლუკა რაზიკაშვილი ვაჟას სიკვდილის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას.

1920 წელს ლევანი ოჯახთან ერთად ჩარგალში დაბრუნდა, სადაც ფშავის მილიციის უფროსადაც დანიშნეს. მიუხედავად ასეთი თანამდებობისა, ის კარგი ადამიანი იყო და ძალიან უყვარდათ ფშაველებს, რომლებმაც მისი დაჭერის შემდეგ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეს და ორმოცდაათზე მეტი ადამიანი წერილობითი ფორმით ითხოვდა ლევან რაზიკაშვილის გათავისუფლებას.

ამ პერიოდში ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი გააფთრებით იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. საბჭოთა ხელისუფლება ქაქუცას პარტიზანული რაზმების წევრებისა და აჯანყებულ ხევსურთა მიმართ დაუნდობელი და სასტიკი სადამსჯელო ღონიძიებების გატარებას შეუდგა. სერგო ორჯონიკიძის ინიციატივით ხევსურეთის სიღრმეში შეიგზავნა მსხვილი სამხედრო შენაერთები, რომელთაც დაევალათ აჯანყების უმოკლეს დროში ჩახშობა და ხევსურთა დამორჩილება. ლევან რაზიკაშვილი ამ დროს ფშავის მილიციის უფროსი იყო. ალყაში მოქცეული ჩოლოყაშვილი კი გაქრა. აღმასკომის თავმჯდომარე სერგო სურგულაძემ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერაციას, ვერ შეასრულა სახკომსაბჭოს განსაკუთრებული და საგანგებო დავალება, რომლის მიხედვითაც, მას ხევსურეთისკენ დახეული ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის გზა უნდა გადაეკეტა, რისთვისაც ის დროებით თანამდებობიდან გადააყენეს. სერგო სურგულაძემ ქაქუცასა და მისი რაზმისთვის გზის არგადაკეტვის მიზეზად ფშავის მილიციის უფროსის - ლევან რაზიკაშვილის მიერ ბრძანების შეუსრულებლობა და ღალატი დაასახელა.

ლევან რაზიკაშვილის საქმეში დევს საქართველოს შინსახკომის მოადგილისა და მილიციის სამმართველოს უფროსის იოვიძის მიერ საქართველოს "ჩეკასადმი" 1922 წლის 8 ნოემბერს გაგზავნილი N445 სრულიად საიდუმლო მიწერილობა, რომელშიც ნათქვამია: "თქვენი 3 ნოემბრის N17756 მოთხოვნის თანახმად გაცნობებთ, რომ ჩემი ხევსურეთში ყოფნის დროს, როცა იქ საბჭოთა ხელისუფლების ორგანიზაციას ვახდენდი, თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარემ მომახსენა სიტყვიერად, რომ მაღაროსკარის მილიციის უფროს რაზიკაშვილს კავშირი ჰქონდა ბანდიტ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და მილიციის ბრძოლის თვალსაზრისით სრული უმოქმედობა, ის კი არა, თანაგრძნობაც კი გამოავლინა. საკუთარ თავს უწოდებდა ეროვნულ დემოკრატს. ფშავ-ხევსურეთში ჩვენი ოპერაციების დროს იგი თვითნებურად წავიდა სამსახურიდან. ყოველივე ამის გამო მე განკარგულება გავეცი, რაზიკაშვილი დაეპატიმრებინათ და ყველა საბრალდებო მასალით საქჩეკაში გადაეგზავნათ".

ამ მიწერილობის საფუძველზე, ვითომდა სამსახურებრივი საქმეების გამო, ლევან რაზიკაშვილი თიანეთის მილიციაში დაიბარეს. 1922 წლის 30 სექტემბერს ის თავისი ფეხით გამოცხადდა თიანეთის საგანგებო კომისიაში, სადაც დააპატიმრეს და ბრალი დასდეს ბანდიტიზმში მონაწილეობასა და სამსახურის თვითნებურად მიტოვებაში.

ლევან რაზიკაშვილის ბრალდებათა სერია შემდეგნაირად ააწყვეს: მამამისი, ვაჟა-ფშაველა, ფედერალისტებს თანაუგრძნობდა და მისი შვილიც "სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო". არადა, იმ დროს ის მხოლოდ 14 წლის მოსწავლე იყო და სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში. სკოლის მერხზე ლევანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით მჯდარა. ქაქუცასთან მეგობრობა და სოციალ-ფედერალისტობა შემდეგაც გაგრძელებულა, რასაც ლევანი თვითონვე აღიარებდა. "1909 წლიდან თანავუგრძნობდი ფედერალისტებს," - გულწრფელად განაცხადა ერთ-ერთი დაკითხვის დროს. ასევე გაგრძელებულა მისი მეგობრობა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. ქაქუცა 1915 წელს ვაჟა-ფშაველას დაკრძალვასაც კი დასწრებია. საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ ბრძოლების დროს, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით ფშავში გამოჩენილა, ლევანი გულუხვად გამასპინძლებია სტუმარს და ნაბადი და ხანჯალიც უჩუქებია. ეს ამბავი მაშინვე გახმაურებულა და იმდროინდელ ხელისუფლებას საბჭოთა რეჟიმის მიმართ მტრულ მოქმედებად მიუჩნევია.

ლევანის უდანაშაულობაში დარწმუნებულმა მისმა ცოლმა თხოვნით მიმართა საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს.

"უმორჩილესად გთხოვთ, შეხვიდეთ ჩემს უმწეო მდგომარეობაში და ჩემი მეუღლის ლევან რაზიკაშვილის საქმე საჩქაროდ გამოიძიოთ და გაარჩიოთ, რომ ყოვლად უდანაშაულო ადამიანი ტყუილ-უბრალოდ არ დაიტანჯოს საპყრობილეში ჯდომითო“. თუმცა რათქმაუნდა თხოვნამ არ გაჭრა.

მიუხედავად ყველაფრისა, ლევან რაზიკაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის სისრულეში მოყვანა გაჭიანურდა არაერთი მიზეზის გამო. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა ლევან რაზიკაშვილისაგან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო ჩოლოყაშვილის ჯგუფის წევრთა ვინაობისა და საქმიანობის შესახებ და გამოევლინა ბრალდებულის უკან მდგარი ავტორიტეტული პიროვნებები.

ლევან რაზიკაშვილისთვის 1922 წლის 3-5 დეკემბერს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი 16 თებერვალს მოიყვანეს სისრულეში. ამის თაობაზე საბჭოთა ხელისუფლებას "ჩეკას" კომენდანტმა ჩააბარა ანგარიში.

"საქართველოს "ჩეკას" 1923 წლის 13 თებერვლის და საქართველოს "ჩეკას" პრეზიდიუმის 1923 წლის 13 თებერვლის 913 მიწერილობის საფუძველზე ჩემი, საქჩეკას კომენდანტის მიერ 1923 წლის 15-დან 16 თებერვალს, ღამის 2 საათზე სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი - დახვრეტა, შემდგომ ქვემოთ დასახელებულ განსასჯელებზე: 1. რაზიკაშვილი ლევან ლუკას ძე, 35 წლის... ყურადღებიანი დათვალიერების შემდეგ ცხედრები დაფლულ იქნა დახვრეტის ადგილას".

აი, ასეთი ტრაგიკული იყო ბედი, კიდევ ერთი ქართველი გმირისა.
აქვე დავამატებთ ერთ საინტერესო ფაქტსაც. მწერალ გივი ბუთხუზისათვის ვიღაც მოხუცს გაუმხელია – ლ. რაზიკაშვილის დახვრეტაში მონაწილეობას მეც ვიღებდიო. როცა დასახვრეტად მიგვყავდა, ერთხელაც არ შეუხრია წარბი, გვეძახდა სამშობლოს გამყიდველებს, ხალხის მტრებს, მკვლელებს.
”მოტყუებით ჩამიგდეთ, ძაღლებო, არაო? არ შეგრჩებათ ჩემი დახვრეტა, მოვა დრო, ისევ აღსდგება საქართველო, მომავალი თაობები კეთილად გაიხსენებენ სამშობლოსათვის დაცემულთ და ბრალი თქვენი, თქვე უწმინდურებო, რომ მომგონებელიც აღარავინ იქნება თქვენიო”.
მართლაც, დრომ ყველას თავისი მიაგო .

ლევან რაზიკაშვილისა და მისთანათა უდანაშაულობასა და ღვაწლზე საუბარი და ძიება კი დღემდე გრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100