სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დროშის ტარები „სახალხო კრების“ სტრატეგიაში (VIDEO)

მთელი ღამის განმავლობაში ტელევიზიის წინ მყოფმა ნინო ბურჯანაძემ არაერთხელ მოუწოდა სპეცრაზმის წევრებს, რომ დაერბიათ: „აბა, გაბედეთ და დაგვარბიეთ, ნახავთ, რასაც მიიღებთ!“, – ამბობდა იგი მიკროფონში.

პოლიციასთან შეტაკებისთვის „სახალხო კრების“ აქტივისტები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ: შუაღამის შემდეგ მათ დროშებს ტილოები მოაშორეს და ტარები ხელკეტებად მოიმარაგეს. ნასვამი მამაკაცები, ძირითადად, ახალგაზრდები, მთელი ღამის განმავლობაში ტელევიზიის მიმდებარე ქუჩებზე პატრულირებდნენ.

ხელკეტებით შეიარაღებულ ჯგუფს გამთენიისას თვალში არ მოუვიდა მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც ხილიანის აღმართზე გადაადგილდებოდნენ. „სახალხო კრების“ აქტივისტებმა ისინი პოლიციელებად მიიჩნიეს და თავს დაესხნენ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, სადაც ორივე მხარე ხელკეტები გამოიყენა. ამის შემდეგ აგრესიული მომიტინგეები ტელევიზიის შენობის წინ დაბრუნდნენ.

მორიგი ინციდენტი გამთენიისას, დაახლოებით 7 საათისთვის მოხდა. სამართალდამცველებმა ერთ–ერთი მომიტინგე დააკავეს და მანქანაში ჩაისვეს, თუმცა, ხელკეტებით შეიარაღებულმა აქტივისტებმა ავტომანქანას ალყა შემოარტყეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, მოგვიანებით კი ხელკეტები და პლასტმასის ჯოხები დაუშინეს, რომლებიც გვიან ღამით „მორიგე ჯგუფს“ თვითონ ბადრი ბიწაძემ გადასცა. თავდამსხმელებმა პოლიციის მანქანა ლამის ნამსხვრევებად აქციეს, თუმცა, დაკავებული პირის გამოხსნა ვერ შეძლეს: მანქანაში მყოფმა პოლიციელებმა, რომლებიც ასევე დაშავდნენ, მანქანის დაძვრა და უსაფრთხო ადგილისკენ გადაყვანა მოახერხეს, თუმცა, ხელკეტებით შეიარაღებული მომიტინგეები უკან გამოუდგნენ. შეიქმნა ხელმეორედ თავდასხმის საფრთხე, რის გამოც შემთხვევის ადგილას მისულმა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა აგრესიული აქტივისტების მიმართ რეზინის ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ამის შემდეგ აქტივისტები უკუიქცნენ. დაშავდა რამდენიმე მომიტინგე. დაშავებული არიან ასევე პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ. ინციდენტის დროს ტელევიზიის წინ არ იმყოფებოდა „სახალხო კრების“ არცერთი ლიდერი. რამდენიმე წუთში ტელევიზიის წინ ბადრი ბიწაძე გამოჩნდა, რომელმაც აქტივისტები თავისთან იხმო და დირექტივების გაცემას შეუდგა. ბიწაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტებსაც მიაყენა და მათ „მაიმუნები“ უწოდა.

აქცია ტელევიზიის წინ ამ წუთებშიც გრძელდება. მიტინგზე გამოჩნდნენ ლევან და გია გაჩეჩილაძეები, ასევე კოკა გუნცაძე. ლევან გაჩეჩილაძე ტრიბუნაზე ავიდა, ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ძველ წყენას ივიწყებს, რის შემდეგაც მომიტინგეების თვალწინ ნინო ბურჯანაძეს გადაეხვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100