სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბორის ბორისოვი: საქართველოს დესუვერენიზაცია რუსეთის მთავარი ამოცანაა

რუსი ისტორიკოსისა და პუბლიცისტის ბორის ბორისოვის სტატია, რომელიც რუსულ პორტალზე „პოლიტიკური სიახლეების სააგენტო (apn.ru) გამოქვეყნდა, მაინცდამაინც დიდი ყურადღების ღირსი არ გამხდარა არც ქართველი ჟურნალისტების, არც პოლიტიკოსების მხრიდან.

არადა, მხოლოდ სტატიის სათაურიც კი მიუთითებს, რომ ბორის ბორისოვმა, ფაქტობრივად, სამოქმედო პროგრამა დადო, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს დესუვერენიზაცია და რომ სანამ ეს არ მოხდება, არ შეიძლება, რუსეთმა თავს მოდუნების საშუალება მისცეს.

სხვათა შორის, ზოგიერთი ქართველი ქილიკის მოყვარულის გასაგონად უნდა ითქვას, რომ ბორის ბორისოვი 2008 წლის აგვისტოს ომს, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის მხრიდან წაგებულად მიიჩნევს. აი, რას წერს იგი სტატიაში:

„ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, თუკი ამ ომით მიღწეულია წინასწარ გათვლილი სამხედრო-პოლიტიკური შედეგი. სხვა შემთხვევაში ომი წაგებულია და კონკრეტული სამხედრო წარმატება სათვალავში ჩასაგდები არ არის.

რუსეთ-საქართველოს ომი არამარტო ადასტურებს ამ თეზისს, არამედ ის გვევლინება კლასიკურ მაგალითად ომის სამხედრო და პოლიტიკური ინტერესების ბალანსის, მიზნებისა და შედეგების ანალიზის სფეროში. „ისინი თავს დაგვესხნენ, ჩვენ მოვიგერიეთ და კარაგადაც მოვდეთ ყბაში“ - შესაძლოა, გამართლებული იყოს ქუჩის ბანდებთან მიმართებაში, მაგრამ პოლიტიკის დონეზე ამგვარი რეაგირება აბსოლუტურად წამგებიანი საქმეა. პოლიტიკა ისეთი საქმეა, სადაც ჩხუბის დროს და ჩხუბის შემდეგ მუშტების ჭკვიანურად ქნევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ ჩხუბი“.

ბორის ბორისოვის სხვა ციტატებიც არანაკლებ გამაოგნებელი გახლავთ. რამდენიმე მათგანს გადავხედოთ:

„ძალიან ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ამ ომის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამხობა, რაც მაინცდამაინც სწორი არ არის. მინდა შეგახსენოთ, რომ არც ისე ცოტა ხნის წინ და არა რუსეთის ჩაურევლად საქართველოში დაემხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, მაგრამ ამან ოდნავაც არ განაპირობა ჩვენი სამხრეთელი მეზობლის პრორუსულობა, ვერ აქცია იგი კავკასიაში რუსეთის პოლიტიკისთვის უსაფრთხო ქვეყნად.

ისმის კითხვა - საქართველოში თუნდაც მოსკოვის მხარდაჭერით დასმული ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, გახდება კი ეს ქვეყანა მეგობრული რუსეთის მიმართ? ფაქტების ანალიზი, განწყობილება, ყველაფერი ერთად აღებული მიანიშნებს, რომ არა. ამიტომაც, სააკაშვილის რეჟიმის დამხობა მხოლოდ შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს იმ გეგმისა, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს საქართველოს სრული დესუვერენიზაცია და მისი, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის არსებობის შეწყვეტა“.

ბორის ბორისოვი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სრული დესუვერენიზაცია, ამავდროულად, აშშ-ის დესუვერენიზაციაც იქნება, რომელმაც „სსრკ-ს დაშლის შემდეგ საკუთარ საქმედ მიიჩნია ქვეყნების სუვერენიტეტსა და უფლებებზე ზრუნვა“.

თუ გგონიათ, რომ ბორის ბორისოვი მხოლოდ ანალიზს სჯერდება და საკუთარი მოსაზრების გამოხატვით იფარგლება, ძალიან ცდებით. ამ სტატიას ბოლოს ერთვის აქტიური ბმული, სადაც სტატიის ორიგინალში წაკითხვას შესძლებთ. აქ კი მხოლოდ იმ გეგმას მოვიყვანთ, რომლითაც ბორის ბორისოვი საქართველოს დესუვერენიზაციის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს მათ, ვისაც ამის გაკეთება ხელეწიფებათ:

„ახლა კი მეთოდების შესახებ. რამდენიმე ვარიანტია:

„ერაყის ვარიანტი“ - საქართველოს სრული სამხედრო უკუპაცია, იქ საოკუპაციო რეჟიმის დამყარებითა და კონტროლირებადი, რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ხელისუფლების დასმით.

„იუგოსლავიის ვარიანტი“ - საქართველოს დაშლა ანკლავებად, რომლებსაც არ ექნებათ საერთაშორისო აღიარება და სადაც ჩადგებიან რუსეთის სამშვიდობო ძალები.

„სომალის ვარიანტი“ - ანარქიის მხარდაჭერა და დევიზით „ყველა ყველას წინააღმდეგ“ ომის ინსპირირება.“

ვფიქრობთ, საკმარისი ციტატებია იმისთვის, რომ რუსეთის იმპერიულად მოაზროვნე ნაწილის დამოკიდებულება დავინახოთ. რაც მთავარია, ამ სტატიას საკმაოდ სერიოზული და რეიტინგული ინტერნეტგამოცემა აქვეყნებს, თანაც ისე, რომ სამხედრო გადატრიალებისკენ, შეიარაღებული დაპირისპირებისკენ აშკარა მოწოდებებზეც თვალს ხუჭავს.

ისე კი, თუ სიმართლეს თვალებში ჩავხედავთ, უნდა ვთქვათ, რომ ამ სტატიაზე არანაკლებ პარადოქსული ერთი რამ გახლავთ: საქართველოში არიან ახლადგამოჩეკილი თუ გამოცდილი პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლებაში მოვლენ და „რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას მყისიერად“ შეუდგებიან. სად გადის ამ „დალაგების“ ზღვარი, უფრო დაწვრილებით აი, ამ ორიგინალში წაიკითხავთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100