სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცესკოს წევრი პარლამენტის თავმჯდომარეს პროკურორისგან დაცვას სთხოვს
სიტუაცია ცხინვალში ისევ დაძაბულია. ქალაქში მობილიზებულია სპეცრაზმი და ე.წ. თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები. ნიღბიანი, შეიარაღებული პირები პატრულირებენ მთელ ქალაქში, განსაკუთრებული ზედამხედველობაა დაწესებული ე.წ. პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე. ალყაშია ჯამბულატ თედეევის სახლი, სადაც გამაგრებული არიან თედეევი და მისი მომხრეები. სახლის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ამ სახლთან მისასვლელი გზები მილიციის მიერ იყო ბლოკირებული. რამდენიმე ათეული ადამიანი, ვინც აპირებდა, თედეევის მხარდამჭერებს შეერთებოდა, დააკავეს.
მუქარამ „პრეზიდენტობის“ კანდიდატად თედეევის რეგისტრირების მომხრე საარჩევნო კომისიის წევრებზე უკვე „სამტავრობო“ ხასიათი მიიღო. „დრონი.ჯი“-მ მოიპოვა განცხადების ტექსტი, რომლითაც ე.წ. ცესკო-ს წევრმა, ჰანჯერ ოსტაევმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. განცხადებაში იგი, არც მეტი, არც ნაკლები, მისი და ოჯახის წევრების დაცვას... ე.წ. გენერალური პროკურორისგან ითხოვს. ფრაგმენტი წერილიდან:
„30 სექტემბერს ჩვენთან, ცესკოში გენერალური პროკურორი ტ.გ. ხუგაევი არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიდა და კომისიის წევრებს მიესალმა. მან ხელი მეც ჩამომართვა. როცა ვინაობა მკითხა და ვუთხარი, მან კომისიის წევრებისა და სხვა პირების თანდასწრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში დამდო ბრალი და მოღალატე მიწოდა. როცა ჩავეკითხე, მარჯვენა ხელის ჟესტით მიჩვენა, რომ თავს წამაცლიდა. მისმა ქმედებამ ძალიან გამაღიზიანა და ამიტომაც, რახან სახეზე იყო ზეწოლის ფაქტი, მე არ მიმიღია მონაწილეობა პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის დროს ცატარებულ კენჭისყრაში.
ვთვლი, რომ მას შეუძლია სისრულეში მოიყვანოს თავისი მუქარა, ხოლო მისი ბრალდების გამო ჯერაც ვერ მოვსულვარ გონს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ: 1. დამიცვათ მე და ჩემი ოჯახი ბატონ ხუგაევის უკანონო მუქარისა და ზემოქმედებისგან; 2. აეკრძალოს ტ.გ. ხუგაევს ცესკოს შენობაში შესვლა და ამა თუ იმ ფორმით საარჩევნო პროცესზე ზემოქმედება.“
კომენტარი