საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაცხოვრის საფლავი მოილოცა
ისრაელში მყოფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, თანმხლებ მრევლთან ერთად მაცხოვრის ყოვლადწმიდა საფლავი მოილოცა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავს და მაცხოვრის შობის ადგილს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 20 თებერვალს, წირვას ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში აღავლენს. იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერს მოილოცავს და ინახულებს მთას, სადაც სინაზე მიმავალმა წმინდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია.
საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს პატრიარქი, 21 თებერვალს, მთავარ რაბინებს შეხვდება და მოინახულებს გოდების კედელს. შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება იერუსალიმიდან ქალაქ ლოდში წმ. გიორგის საფლავის ეკლესიაში, სადაც წმინდა გიორგის საფლავს მოილოცავენ და სავედრებელ პარაკლისს შეასრულებენ.
საქართველოს ეკლესიის დელეგაცია, 22 თებერვალს, ქალაქ ხოლონში გაემგზავრება, სადაც ილია მეორე ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდება.
კომენტარი