სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იაპონურმა ცუნამმა აშშ–სა და რუსეთამდეც მიაღწია

ქალაქ სენდაიში, რომელიც იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, უკვე 200–დან 300–მდე ცხედარი აღმოაჩინეს.

აქამდე სტიქიის შედეგად 90 ადამიანი ითვლებოდა დაღუპულად.

მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამის ტალღები, რომლებიც იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს, ათ მეტრს აღწევდა. შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა დღეს დილით მოხდა და მისი სიძლიერე 8,9 ბალს შეადგენდა.

ცუნამის გამო წყლის ქვეშ მთელი დასახლებული პუნქტები აღმოჩნდა, რომლებიც სანაპიროზეა განლაგებული. ასევე წყალმა დაფარა იახტები, ავტომობილები და კატარღები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტალღამ გემი გადააბრუნა, რომელზედაც ასზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

რამდენიმე მილიონი სახლი შუქის გარეშე დარჩა, ხანძრების გამო მუშაობა შეწყვიტა რამდენიმე ატომურმა ელექტროსადგურმა.

ცუნამის შესახებ გაფრთხილება სხვა ქვეყნებმაც მიიღეს. რუსეთში ტალღამ კურილიის კუნძულებამდე და სახალინამდე მიაღწია, საიდანაც 11 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ტალღები შეინიშნება ჰავაიზე. მოსალოდნელია, რომ ცუნამი მალე აშშ–ის მატერიკულ ნაწილამდე მიაღწევს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცუნამი ინდონეზიისა და ფილიპინების ნაპირებზე გამოჩნდა. თუმცა ცნობები მსხვერპლის შესახებ არ არსებობს.
კომერსანტი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100