სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათია თურნავა: მივმართავ რესტორნებს, ჩვენ შორის დიალოგს ნუ გაართულებენ

სრულად ვიზიარებ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც აქამდე იყო მიღებული და მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენ შორის დიალოგს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიმე ბიზნესის გახსნისა თუ დახურვის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე, კოლექტიური გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღება, სადაც ყველას ხმა არის მოსმენილი.

„1-ლი თებერვლიდან ძალიან მნიშვნელოვანი დარგები გაიხსნა. ეს არის ვაჭრობა სრულიად საქართველოს მასშტაბით, აჭარაში სარესტორნო ბიზნესი, საერთაშორისო ფრენები, ვიზიტორების შემოსვლა და გარდა ამისა, არაეკონომიკური სფეროს აქტივობები.

ჯერ კიდევ დაკეტილია ძალიან აქტუალური სფერო, რომელზეც უახლოეს პერიოდში ვიმსჯელებთ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი - საქალაქთაშორისო და საქალაქო. აქედან გამომდინარე, მე სრულად ვიზიარებ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც აქამდე იყო მიღებული და მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენ შორის დიალოგს - მათი ხმა არის მოსმენილი, გაგონილი და ჩვენ ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან ეკონომიკური გუნდის მინისტრებს შეხვედრა ჰქონდათ და მომავალშიც შეხვედრისთვის მათთვის კარი ღიაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100