ეს გადაწყვეტილება არის ისეთი ხელმძღვანელების მიერ მიღებული, რომელთაც იციან, ქვეყანას ახლო მომავალი ვეღარ მართავენ – გიორგი ფხაკაძე შეზღუდვების მოხსნაზე
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას: ღია სივრცეში პირბადეებისა და ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ აფასებს.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას საფრანგეთში მცხოვრები ექსპერტი ამბობს, მიღებული გადაწყვეტილებების ავტორებს მკაცრად აკრიტიკებს. მისი თქმით, დაუშვებელია ქვეყანაში პირბადეების მოხსნის ნებართვა გასცე მაშინ, როდესაც საქართველოში ვაქცინების საჭირო დოზები არ არის და საზოგადოების უმრავლესობა არავაქცინირებულია.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ფონზეც გაუმართლებელია, როდესაც მსოფლიოს ახალი შტამი, ინდური იპყრობს.
„ასეთი უგულებელყოფა მედიცინის, მეცნიერების და საღი გონების, რაც საქართველოში ხდება, მსოფლიოში არსად მინახავს. შესაძლოა, ადამიანი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყოს, მაგრამ ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება.
რუსეთში ახალ ინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა დაავადებული. ბრიტანეთში – თითქმის 100%. სიგნალები მოდის აშშ-იდან და ევროპიდანაც. საუბარია, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ მეორე დოზამდე ინტერვალი 8-12 კვირიდან 4 კვირაზე დაიყვანონ. ვიცით, რომ ორჯერ ვაქცინირებული ადამიანი უფრო უსაფრთხოა. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ფიზიკურად არ არის, ვხსნით ქვეყანას, რის საფუძველზე?! მესამე ტალღა ქვეყანაში არ დასრულებულა.
ვწუხვარ, რომ პერმიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ შესაბამისი სპეციალისტები და ექსპერტები თანამდებობებიდან არ გადადგნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მე რომ ვყოფილიყავი, გადავდგებოდი.
ის, რაც დღეს მოხდა, სამედიცინო კუთხით არაეთიკურია. ყველაზე მთავარია, რომ ამას არც მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან არაფერი აქვს საერთო. ჯერ ვაქცინა ჩამოიტანონ და შემდეგ მოხსნან პირბადე. როგორ შეიძლება დახურულ სივრცეში რესტორნის გახსნა. ხალხი ვაქცინირებული არ არის და შენ ყველაფერი გახსნილი გაქვს. ეს მოკლევადიანი პოპულიზმია. ხელისუფლებამ იცის, რომ ადამიანების გულს 2-3 თვე მოიგებენ, ჩვენი მთავრობა გრძელვადიან პერსპექტივებზე და გეგმებზე არ ფიქრობს.
მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ სამედიცინო კუთხით დასკვნა ასეთია – ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურ-პოპულისტური და ისეთი ხელმძღვანელების მიერ მიღებული, რომელთაც იციან, ქვეყანას ახლო მომავალი ვეღარ მართავენ. ეს არის ბომბი, რომელიც ზაფხულში აფეთქდება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
კომენტარი