სპილენძიდან ოქრომდე
ცამეტნახევარ ჰექტარზე გადაჭიმული ქარხნის მთავარ შესასვლელში საშუალო ასაკის ქალბატონი, ექსკურსიამძღოლი ჰანკა დაგვხვდა. შიდა ტერიტორიაზე სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავება გვთხოვა და იქვე დასძინა - სამაგიეროდ ფოტო და ვიდეო სადაც მოგესურვოთ, იქ გადაიღეთო.
საექსკურსიო მარშრუტის განსაზღვრა უმარტივესად შეიძლებოდა – კედელზე დახატულ ჩლიქების ნაკვალევს უნდა გავყოლოდით. თხა კომპანიის სახეა და ქარხნის ფასადი, ყველა კუთხე და კედლები სწორედ ამ ცხოველის გამოსახულებით თუ ქანდაკებებითაა გადაჭედილი. ლუდის ქილას და ბოთლსაც თხა – (“კოზელი”) ახატია (და აწერია).
სიმბოლოს, ისევე, როგორც ლუდი “ველკოპოპოვიცკი კოზელის” ისტორია 1874 წლიდან იწყება. მავანმა ფრანგმა მხატვარმა ქარხანაში სტუმრობისას კარგი მასპინძლობით აღფრთოვანებულმა დამხვდურებს თხა დაუხატა. ქარხნის ხელმძღვანელებს ისე მოეწონათ, უმალ გადაწყვიტეს, სწორედ თხა გამხდარიყო კომპანიის სახე. ამ ცხოველს მწარმოებლები განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით ეპყრობიან. ქარხნის ტერიტორიაზე სპეციალური თავლა აქვთ აშენებული, რომელშიც ცოცხალი სიმბოლო ცხოვრობს.
ქარხნის დამაარსებლად ფელიქს რინგჰოფერი ითვლება, რომელმაც თავიდან სპილენძის ნაკეთობების წარმოება გადაწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ბერებმა ჯერ ლუდის სახარში ქვაბი შეუკვეთეს, შემდეგ კი თხოვნით მიმართეს, თავადაც ლუდის ჩამოსხმა დაეწყო, ახალ საქმეს შეუდგა. ლუდის ქარხნის მშენებლობა 1874 წელს ფელიქსის შვილიშვილმა ფრანტიშეკმა დაასრულა. მას შემდეგ “ველკოპოპოვიცკი კოზელის” პოპულარობა და შესაბამისად რინგჰოფერების ქონებაც დღითიდღე იზრდებოდა. დინასტიას ლუდის გარდა ბევრი ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ მთავარი “ოქროს საქმე” – ლუდსახარში ქარხანა იყო.
ერთ-ერთი ბიზნესი იარაღის წარმოებას უკავშირდებოდა და სწორედ ეს გახდა წარმატებების დასასრულის მიზეზი. მეორე მსოფლიო ომის დროს ხმა გავრცელდა, რომ რინგჰოფერები გერმანიას უმზადებდნენ იარაღს, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა და ეჭვმიტანილები ქვეყნიდან გააძევეს. ლუდსახარში კი ერთხანს სახალხო გახდა. ხოლო ამჟამად “ველკოპოპოვიცკი კოზელი” საბმილერის ბიზნესია და როგორც ექსკურსიამძღოლმა გვითხრა, ყველაზე გაყიდვადი ჩეხური ლუდია მსოფლიოში.
ამჟამად ქარხანა ოთხი სახის ლუდს აწარმოებს: მედიუმს, პრემიუმს, ღიას და შავს. მათი ექსპორტირება 37 ქვეყანაში ხდება. მთავარი ექსპორტიორი კი ავსტრალიაა.
რაც შეეხება რინგჰოფერების გვარს, ბოლო წარმომადგენელი ჰანუში ამჟამად ვენაში ცხოვრობს დედასთან ერთად. დროდადრო სტირჟინსა და ველკოპოპოვიცეშიც ჩადის ხოლმე, ოღონდ ოდენ სტუმრის სტატუსით. ჩამორთმეული ბიზნესის დაბრუნების სურვილი კი არასოდეს გამოუთქვამს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მხოლოდ და მხოლოდ სიამაყის გამო.
კომენტარი