„ევროპა დონა საქართველო” მეტასტაზური პაციენტების დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართავს
ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ქვეყანაში კამპანია გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს პირველი, მეორე და მესამე სტადიით დაავადებულებისთვის მედიკამენტები, საქართველოს მასშტაბით, 2016 წლიდან ფინანსდება და საამისოდ, პრეპარატებისთვის 9 მილიონი ლარია გამოყოფილი. თუმცა კვლავ ჰაერშია მეტასტაზური, მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტების მდგომარეობა. შესაბამისად, მათ დასახმარებლად და მკურნალობის დასაფინანსეებლად საქველმოქმედო ფონდი "ევროპა დონა საქართველო" ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიას ინიციატივით მიმართავს.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „ევროპა დონა -საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების მიზანს, სწორედ, საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ შეხსენება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, კამპანიის მხარდამჭერები და სხვა.
„ჩვენი დიდი სურვილია ანალოგიური მკურნალობა შესაბამისად დაფინანასდეს სახელმწიფოს მიერ, ვგულისხმობ ძუძუს კიბოს მეტასტაზური, მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტების მდგომარეობას, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ეს ადამიანები საჭიროებენ დახმარებას,“ - მიაჩნია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტს ანა მაზანიშვილს.
ბოლოს სტადიის სიმსივნეზე ძვირადღირებული მედიკამენტებითა და თერაპიით მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს მამოლოგი გიორგი ძაგნიძე. მიაჩნია, რომ აღნიშნული კურსის ჩატარების შემდეგ მძიმე პაციენტების მდგომარეობა 25 პროცენტით გაუმჯობესდება: „თუ ბოლო სტადიის პაციენტებისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 6 თვე, აღნიშნული მკურნალობის შემდეგ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლამდეც შესაძლოა გაიზარდოს“.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტებს თბილისის მერიასთან ერთად ინდივიდუალურად ისედაც აფინანსებენ. „ინდივიდუალურ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ თითოეული პაციენტის მდგომარეობა. კერძოდ, მათ ვაფინანსებთ, რეფერალური პროგრამის საშუალებით. სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც მათ გვერდზეა. ამავე დროს მიმაჩნია, რომ
მომავალი აქვს პრევენციულ მედიცინას,“ - აღნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში „ევროპა დონა-საქართველომ“ სწორედ ამ სახელწოდებით, დაიწყო საინფორმაციო კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“. აქცენტები გაკეთდა ძვირადღირებულ პრეპარატზე , რომელიც ეფექტურია, თუმცა პაციენტებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი. შემუშავდა პეტიცია, რომლის მიხედვით ხელმომწერები სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის დამიზნებით ბიოლოგიურ პრეპარეტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითხოვდნენ.
მოგვიანებით, თბილისის საკრებულომ, მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და პირველადი ძუძუს კიბოს პირველი, მეორე და მესამე სტადიის 320 პაციენტის მკურნალობა ბიუჯეტიდან დაფინანასდა.
„უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ახალმა აღმოჩენებმა და ინოვაციებმა გააღრმავა ცოდნა კიბოს შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული დიაგნოსტიკის, სკრინინგის, ქირურგიის, რადიოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, კომბინაციური და დამიზნებითი ანუ თარგეთული თერაპიის თვალსაზრისით. დამიზნებითი თერაპიის დროს პრეპარატი უშუალოდ მიმართულია და აინჰიბირებს სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პროცესს, რომელიც წამყვანი ფაქტორია ცალკეული სიმსივნეების განვითარებასა და ზრდაში. აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც - „დამიზნებითი თერაპია“. რადგან დამიზნებითი თერაპია სპეციფიურად მიმართულია კიბოს უჯრედებზე, ის ძალზე ეფექტურია, ნაკლებ ზიანს აყენებს ნორმალურ უჯრედებს და გააჩნია ნაკლები გვერდითი მოვლენები სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. 320 პაციენტის სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც ცალსახად სახელმწიფოს მხარდაჭერის დამსახურებაა, ამ ქალბატონებს შედარებით ნაკლებ სტრესში უწევთ ცხოვრება, რის ფონზეც მკურნალობაც უფრო ეფექტურია. ახლა დროა, ვიფიქროთ მეტასტაზურ პაციენტებზე და მათი დროული მკურნალობისთვის გამოსავლის ძიებაზე. ჩვენი კამპანიის მეორე ეტაპზეც, სამიზნედ ისევ სიცოცხლეა. საქართველოში დამიზნებითი თერაპია
პაციენტთა უმრავლესობისთვის სამწუხაროდ, ხელმისაწვდომი არ არის,“ - განმარტავს „ევროპა დონა-საქართველოს“ პრეზეიდენტი ანა მაზანიშვილი.
„სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, „რადისონ ბლუ ივერია“ ახალი ინიციატივით გამოდის და ძუძუს კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლად, იწყებს კამპანიას „BluforPink”, რომელშიც ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ბიზნეს კომპანიასა და ინდივიდუალურად მოქალაქეებს . საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. დროულად დასმული დიაგნოზის შემთხვევაში, სიმსივნე განკურნებადია. კამპანია მიზნად ისახავს, იმ ქალების სიცოცხლისთვის აუცილებელი ფინანსების მოგროვებას, ვისაც სამკურნალოდ საშუალება არ აქვს. შეგროვილი თანხა მთლიანად გადაირიცხება ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საქველმოდმედო ფონდში „ევროპა დონა-საქართველო“.
საქველმოქმედო აქციის წესები:
1)გადაიღე
ფოტო - ლურჯი
მაისურით/დეტალით/მაკიაჟით
2)ატვირთე ფეისბუქზე
ან ინსტაგრამზე
ჰეშთაგით - #BluForPink
3) გამოიწვიე
კამპანიაში ჩასართველად
შენი 3 მეგობარი ან მეგობარი
კომპანია
4)გადარიცხე
თანხა - მობ:
0 901 700 002
საქართველოს
ბანკი: GE 82 BG 0000 0001 6254 9800
თი
ბი სი
ბანკი: GE 42 TB 7168536020100002
„ევროპა დონა საქართველოს“ - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საქველმოქმედო აქტივობებს პერიოდულად ახორციელებს. ჩვენ ვართ "პაციენტები პაციენტებისთვის". მთავარი სამიზნე ჩვენთვის სიცოცხლეა , ონკოლოგიური პაციენტებისთვის კი სიცოცხლე ის შანსია , რაც მიზანმიმართული და სათანადო მკურნალობის შედეგად გვეძლევა. ორგანიზაციამ ამ ხნის მანძილზე მრავალი პროექტი განახორციელა,რომლის ფარგლებშიც დახმარება გაეწია მრავალ ქალბატონს. ჩვენ ვეხმარებით მათ, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ! მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორი საქველმოქმედო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, რადგან ერთად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ისეთი საშიში დაავადება, როგორიც ძუძუს კიბოა.
კომენტარი