რას სთოხვს ილია მეორე საქართველოს პარლამენტს?
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტს მიმართავს, გადადოს კანონპროექტის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მოცემული სახით მიღება.
ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ილია მეორის განცხადება საპატრიარქოში პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება კანონპროექტი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ". განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკლესია მიუღებლად მიიჩნევს ძალადობასა და დისკრიმინაციას, რადგან ქრისტიანული რელიგია სიყვარულის რელიგიაა და მისი სწავლება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
"ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კი კონსტიტუციაში არარსებული ცნებების "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოების აზრით, ეს კანონპროექტი იწვევს ყველა რელიგიის აღიარებული ძირითადი თეორიის ეჭვქვეშ დაყენებას. ეს კი, თავის მხრივ საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის.
"ევროკავშირი წარმოადგენს განსხვავებული ერებისა და რელიგიების გამაერთიანებელ მრავალფეროვან სივრცეს, რომელიც აცხადებს, რომ აღიარებს სხვადასხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს, საქართველოსთან მიმართებაშიც მზად არის გაითვალისწინოს და პატივი სცეს ჩვენს ფასეულობებს. აღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნები ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გადადოს კანონპროექტის მოცემული სახით მიღება, უზრუნველყოს ეკლესიისა და ფართო საზოგადოების ჩართულობა მის განხილვაში, რათა მიიღწეს შეთანხმება და ნაჩქარევმა ქმედებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ევროპისაკენ ქვეყნის სწრაფვაზე.
როგორც დეკანოზმა მიქაელმა აღნიშნა, განხილვების დაწყების შემთხვევაში საპატრიარქო მზადაა, ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან.
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია.
კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს. პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და თანასწორობის შესახებ სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს.
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ პაკეტს აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორი, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმების შემოღებას ითხოვს. მათი შეფასებით, არსებული ვერსიით კანონის მიღება სახალხო დამცველის კომპეტენციებს მხოლოდ უმნიშვნელოდ აფართოებს, არსებულ საკანონმდებლო რეალობას არსებითად არ შეცვლის და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი არ გახდება.
კომენტარი