გასეირნება ყაზანში ანუ დასრულდება თუ არა ყარაბაღის კონფლიქტი
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები დღეს ერთმანეთს ყაზანში შეხვდებიან. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მაგიდაზე ხელმოსაწერად დაუდებენ დოკუმენტს, რომელიც ამ თემაზე ე.წ. მინსკის ჯგუფის ოთხწლიანი მოლაპარაკების შედეგად შეიქმნა. ამ ჯგუფში აშშ, რუსეთი და საფრანგეთი შედიან, ეს უკანასკნელი - ჯგუფის ხელმძღვანელი ქვეყნის რანგში. საბოლოო გადაწყვეტილება ორი დაპირისპირებული ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს.
ევროპა და აშშ ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირების დასრულებას მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს და მიაჩნია, რომ ამ კონფლიქტის დარეგულირება დიდად შეუწყობს ხელს, ზოგადად, კავკასიაში სიტუაციის დარეგულირებას. ამასთან, დოკუმენტზე აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების ხელმოწერა ნიშნავს იმას, რომ ბოლოს და ბოლოს, შეიქმნება პრეცენდენტი, როცა შეიარაღებული კონფლიქტი მოლაპარაკების შედეგად გვარდება. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე საათის წინ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტელეფონით პირადად ესაუბრა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს. აშშ-ის პირველმა პირმა მათ სთხოვა, იპოვონ კომპრომისი ყაზანში რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე.
აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი, რომელსაც დღეს სომხეთი აკონტროლებს, აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიას ეკუთვნის, სომხეთი კი ირწმუნება, რომ მთიანი ყარაბაღი არასდროს დაბრუნდება ბაქოს კონტროლქვეშ.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღეს ყაზანში ხელი მოეწერება კონფიქტის დარეგულირების შესახებ საბაზისო დოკუმენტს, ეს მაინც არ იქნება კონფლიქტის საბოლოოდ დასრულების მაჩვენებელი. ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
ისიც უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ ორი ქვეყნის მზადყოფნას მშვოდობისთვის. ასე განწყობილ ექსპერტთა საერთო აზრს თუნდაც საბინა ფრეიზერის ფრაზა გამოხატავს, რომელიც საერთაშორისო კრიზისსაწინააღმდეგო ჯგუფის წევრმა სულ რამდენიმე დღის წინ თქვა: „აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ძალიან ცოტა გააკეთეს, რათა თავიანთი ხალხი მშვიდობისთვის შეემზადებინათ, სამაგიეროდ, ორივემ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა ისინი ომისთვის მზადყოფნაში იყვნენ“.
კომენტარი