სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოჩა ხუნდაძე: „მეცხრე არხის“ საინფორმაციო პოლიტიკაზე დაფინანსების წყარო არ იმოქმედებს

"მეცხრე არხი", რომელიც ეთერში მარტში გავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს იკისრებს, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გოჩა ხუნდაძემ განაცხადა.

გოჩა ხუნდაძე საბაჟოზე ტელევიზიის აპარატურის დაზიანების ფაქტს უღირსს საქციელს უწოდებს და აცხადებს, რომ არხის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტელევიზია ეთერში მარტში გავიდეს.

"ბათუმის საბაჟოზე ჩვენი აპარატურის დაზიანება - ძალიან არასასიამოვნო ფაქტია. მეტიც, ეს არის უღირსი საქციელი იმისგან, ვინც ამის სათავეში დგას. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში გავიდეს არხი ეთერში და გარწმუნებთ, ეს მარტში მოხდება. დღეს "მეცხრე არხზე" მიმდინარეობს პავილიონების განახლება, დიზაინერები მუშაობენ აქტიურად, მზადდება გრაფიკული ქუდები, არის შეხვედრები ჟურნალისტებთან, პროდიუსერებთან, გამომშვებ რედაქტორებთან. მუშაობენ თემატიკაზე, სტილზე - როგორ, რანაირად რა უნდა გაკეთდეს. აბსოლუტურად მუშა პროცესია. ხდება ტექნიკის გამართვა - სასიამოვნო საქმიანი დაძაბულობაა არხზე", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა ხუნდაძე.

"მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, არხის დამოკიდებულებაზე ამა თუ იმ მოვლენის მიმართ არანაირად არ იმოქმედებს ის, თუ ვინ დააფინანსებს ტელევიზიას.

"მინდა დავარწმუნო საზოგადოება და ჩვენი კოლეგები, რომ ეს იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ასახავს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ. მე და ჩემს ჯგუფს გვინდა ერთადერთი რამ, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე, რა ხდება ქვეყანაში, რა პრობლემებია, როგორია დამოკიდებულება ამ პრობლემებისადმი. რაც მთავარია, ფაქტი, მოვლენა, რაც ხდება, ის უნდა მივიტანოთ მაყურებლამდე ზუსტად და არა შელამაზებული - სხვაგვარად არაფერი გამოვა",-განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, "მეცხრე არხი" შეეცდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია შეითავსოს.

"რაკი საზოგადოებას აქვს მოთხოვნილება, რომ მას ჰქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ არ აქვს ისეთი, როგორიც უნდა, ჩვენ შევეცდებით, რომ ვიყოთ მართლაც საზოგადოებრივი მაუწყებელი - გარწმუნებთ, ამაზე არანაირად არ იმოქმედებს ის, თუ ვისგან იქნება ეს არხი დაფინანსებული", - აღნიშნავს გოჩა ხუნდაძე.

გოჩა ხუნდაძე ვახო სანაიასა და ნათია ლაზაშვილთან დაკავშირებით სიმპატიებს გამოთქვამს, თუმცა აცხდებს, რომ მათთან ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და იქვე დასძენს, რომ ახალ ტელევიზიაში ერთი-ორი ადამიანის გარდა, არც ერთი ცნობილი სახე არ იქნება.

"არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ გამაჩნია, თუმცა, ვახო სანაიაც და ნათია ლაზაშვილიც ჩემთვის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან, მათთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი. მაგრამ სანაიასთან მოლაპარაკებები არ მქონია და უახლოეს ხანებში ვერ ვხედავ სანაიასთან მოლაპარაკების პერსპექტივას... ასევე რაიმე სახის მოლაპარაკება თუ მიდის "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" რამდენიმე ჟურნალისტთან, მე ეს უნდა ვიცოდე. შესაბამისად, თუ მე არ ვიცი, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკება არ მიდის ამ არხების ჟურნალისტებთან. არხი უკვე ჩამოყალიბებულია, კადრები შერჩეულია, ერთი-ორი ადამიანის გარდა, არ არის ჩვენთან ისეთი ცნობილი სახეები, როგორი მოლოდინიც საზოგადოებასა და ჟურნალისტებშია", - განაცხადა "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა.

გოჩა ხუნდაძე "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ასევე საუბრობს ყოველკვირეულ ტელეჟურნალზე, რომლის წამყვანიც იასე ცინცაძე იქნება.

"რაც შეეხება ყოველკვირეულ ტელეჟურნალს, რომელსაც იასე ცინცაძე წაიყვანს - ეს არის პროექტი, რომელიც შემოიტანა ავტორთა ჯგუფმა. ძალიან სოლიდური და გამოცდილი ავტორები არიან და მეც გამიხარდება, თუ ვიხილავ ჩვენს სატელევიზო ბადეში ამ გადაცემას, რომელსაც იასე გაუძღვება. თუმცა, ამ ეტაპზე ეს არის პროექტი და როდის განხორციელდება და რა იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის - აცხადებს ხუნდაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100