სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის მერიამ, ერთ წელზე მეტია, დროშა ვერ დაკიდა

ქუთაისის მერიას ნიკეას ქუჩაზე, ნაჩუქარ დგარზე, ეროვნული დროშის აღმართვის მეოთხე მცდელობა აქვს.

ირკვევა, რომ სამი ტენდერი, წინა სამი მცდელობისთვის ისე გამოცხადდა, დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა - ნიადაგის შესწავლა მერიას გავლილი არ ჰქონდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიწაზე გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება მხოლოდ ერთი წლის და ოთხი თვის შემდეგ დაინახა.


მიმდინარე წლის 18 ივლისს, მერიამ 5 000 ლარიანი ტენდერი (NAT190014310) სწორედ ნიადაგის შესასწავლად გამოაცხადა, მაშინ, როცა დროშის აღმართვა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში გადაწყდა. სწორედ იმ დროს, აპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებზე, პირველი ელექტრონული შესყიდვაც (NAT180003520) გამოცხადდა, რომლის ღირებულება 4 500 ლარს შეადგენდა. თუმცა, პირველი ტენდერი არ შედგა.

მერიამ მეორე ტენდერი დროშის მოწყობის სამუშაოებზე გამოაცხადა, (NAT180005887) რომლის ღირებულებაც 65 000 ლარს აჭარბებდა. ეროვნული დროშის აღმართვისთვის აღნიშნული თანხის დახარჯვა ადგილობრივმა ოპოზიციამ გააპროტესტა, რომლის შემდეგაც მერიამ ტენდერი შეწყვიტა, ცოტა ხანში კი განაცხადა, რომ ინდურმა კომპანიამ ქალაქს დროშის 46 მეტრიანი დგარი აჩუქა და ეროვნული სიმბოლიკის მოწყობის სამუშაოები კვლავ ტენდერზე გაიტანა. მესამედ გამოცხადებული ტენდერის (NAT190004381) ღირებულება 36 299 ლარი იყო. თუმცა, არცერთ ჯერზე, მიწის შესწავლა არავის გახსენებია, რასაც მერია ამჯერად, მეოთხე ტენდერით ცდილობს.


ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პირველივე ტენდერი, რომელიც საპროექტო სამუშაოებს ითვალისწინებდა, მიწის გეოლოგიურად შეუსწავლელობის გამო ჩაიშალა.

"ადგილი სადაც დროშა უნდა დაიდგას, არ იყო გეოლოგიურად შესწავლილი. 5 000 ლარიანი ტენდერით მოხდება სამუშაოების დაპროექტება და იმის განსაზღვრა, სად უნდა დაიდგას დროშა. უშუალოდ დროშის დადგმაზე კი ტენდერი ცალკე გამოცხადდება", - ამბობენ მერიაში.


ბოლო ტენდერის პირობების მიხედვით, დროშა 36 მეტრის სიმაღლეზე უნდა აღმართონ. ეროვნული სიმბოლიკის ქვეშ ოთხ სანათი დამონტაჟდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100