ზუგდიდის სასაფლაოზე, სავარაუდოდ, 30 წლის წინ მოკლული მამაკაცის ნეშტი იპოვეს
ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე ნაპოვნ ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული, მესაფლავეებმა შემთხვევით ახალი საფლავის გაჭრისას აღმოაჩინეს.
ააიპ „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომლის ანზორ კალანდიას თქმით, ცხედარი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული და ისე იყო ჩამარხული.
„ვიზუალური დათვალიერებით ის ახალგაზრდა ჩანდა. ჯინსის შარვალი, შავი სპორტული ზედა და ბათინკი ეცვა. ჩემი ვარაუდით, ის ასე 30 წლის წინ არის მოკლული და ვიღაცამ პარკში გაახვია და სასწრაფოდ დამარხა, რადგან სხვა შემთხვევაში არ შეიძლებოდა მიცვალებული 50 სანტიმეტრზე დაემარხათ. არ არის გამორიცხული, ეს ადამინი 90-იანი წლების კონფლიქტის დროს იყოს დაღუპული და იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზის შედეგად მისი იდენტიფიცირება მოხერხდება და პატრონი გამოუჩნდება", - აღნიშნა კალანდიამ.
გარდაცვლილის ვინაობის დადგენაზე სამართალდამცველ სტრუქტურებთან ერთად წითელი ჯვრის წარმომადგენლობაც მუშაობს. წითელი ჯვრის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, შორენა გამსახურდიას ინფორმაციით, ორგანიზაცია ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რათა მათ ხელთ არსებული რამოდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრის დე-ენ-ემ-ის ანალიზი ერთმანეთს შეედაროს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
კომენტარი