სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გამოძახებებს ვერ ავუდივართ, დაიტბორა საავადმყოფო და სამშობიარო, საიდანაც მოხდა პაციენტების ევაკუაცია" - ქუთაისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სტიქია მძვინვარებს იმერეთში. დღეს დილით დაიტბორა ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დატბორილია ავტოქარხნის დასახლება, ასევე ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩები. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

„სულ გავსებულია პირველი სართული, წყალი ღვარცოფივით შემოვარდა, ამის გაკონტროლება შეუძლებელი იყო, ისეთი ამბავია ქუთაისში მეორედ მოსვლაა... დავრეკეთ სამაშველო სამსახურში, თუმცა ასე გვითხრეს იმდენი გამოძახებაა საღამომდე ვერ მოვალთო, საღამომდე რა ვქნათ, ცარეილი ხელებით როდის ამოვაშრობთ ამ სახლს? იქნებ რამე გვიშველოთ, გვესმის რომ უკონტროლო სიტუაციაა და ბევრია ჩვენს დღეში, მაგრამ იქნებ მოგვშველოთ“ - განაცხადა დრონი.ჯი-სთან საუბარში ქუთაისის ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებმა.

დრონი.ჯი ვითარების გასარკვევად ქუთაისის მერიას დაუკავშირდა.

„გადმოვიდა მდინარე კალაპოტიდან და იყო უხვი ნალექეი, ფაქტიურად ასეთი სიტუაცია ბოლო პერიოდში ქუთაისს არ ახსოვს. მერიის თანამშრომლები გასულები არიან ყველა წერტილში და ცდილობენ სიტუაციის მობილიზებას, სიტუაცია არის მეტად დაძაბული, მაგრამ ყველაფერს ვაკონტროლებთ“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში ქუთაისის მერიის პრეს-სამსახურმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით ქუთაისში ვითარება მძიმე თუმცა კონტროლირებადია.

„სამაშველო ჯგუფები გასულები არიან გამოძახებებზე, დაიტბორა საავადმყოფო და სამშობიარო, საიდანაც მოხდა პაციენტების ევაკუაცია. გამოძახებები ძალიან ბევრია, მესმის, რომ დროზე ვერ მიდის ადგილზე სამაშველო ჯგუფი, მაგრამ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, ასევე გვეხმარებიან რეგიონებიდან მოსული სამაშველო ჯგუფები, ყველაფერს ვცდილობთ სტიქიასთან საბრძოლველად“- განუცხადეს დრონი.ჯი-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით საშინელი ნალექი მოვიდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უამინდობა კიდევ ორ დღეს გაგრძლედება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100