სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლექსის „უზნეო რუსეთის ზნეობრივი კლასიკა“ ავტორი დღეს გარდაცვლილი იპოვეს

პოეტი ლალი კეკელიძე, რომელიც საზოგადოებამ თანამედროვე თემებზე დაწერილი ლექსებით გაიცნო და შეიყვარა, დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ „ფეისბუქში“ ლალი კეკელიძის პოეზიის ფან-კლუბის გვერდზეც გავრცელდა. დამატებითი დეტალები პოეტის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით არ გახმაურებულა.

„დრონი.ჯი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და გთავაზობთ ლალი კეკელიძის ორ ლექსს, რომლებიც მან 2008 წლის აგვისტოში დაწერა.

უზნეო რუსეთის ზნეობრივი კლასიკა

გადამწვარ ტყის ფონზე,
ბუფერულ ზონებში,
ვანიას ჩექმების
პეიზაჟს ვუცქერდი.

და შემოდგომის
ქართულ სონეტში
უზნეო რუსეთის
კლასიკას ვუსმენდი.

ტყვიებში აზელილ
სხეულთ მორევში,
რუსული სიფათის
უტყვი მიმებით,
ცაში ჭურვებით,
მიწაში ჭურვებით,
ორთავა არწივი,
ბენეფისს იწყობდა.

„შიში შეიქმსო სიყვარულს“
მონებში,
„ქრისტიანული“ რუსეთი
ფიქრობდა.

და მშვიდმა მსოფლიომ,
„მშვიდობის“ ქომაგმა,
„მშვიდობისათვის“
გზა მისცა ომამდე,
რათა დაედგა მას ბუფონადა.

ომიდან ომამდე,
როდიდან როდემდე,
რუსული ჩექმის ქვეშ
მიწა გოდებდა.

ჰოდა, თუ უნდა,
მსოფლიომ ატაროს,
„მშვიდობის გარანტი“
რუსეთის ორდენი!

უხილავ შიშის ქვეშ,
სტალინის ღიმილით
იცეკვოს „კალინკა“
რუსული ბომბებით!

ჩემი პატარა ქვეყანა,
აქ არის!
თუმც მსოფლიოსთვის
შორს არის ჩვენამდე.

მადლობა ღმერთს,
რომ ვით რომი
არ გავქრით
რუსის ჩექმიდან,
რუსის ჩექმამდე!

ჩემმა ქვეყანამ,
ყველა ტკივილი,
დღემდე, ვით საბამ,
მარტომ ატარა,
დიდ ქვეყნებს შორის,
ნაჯიჯგნი, ნაცემი
და გადამწვარი,
ყველაზე პატარა,
აი, აქ არის!
ისევ აქ არის,
რომ ყოფნა მისი
ღირსებით ვატაროთ!

ჩემი ქვეყანა,
თურმე სად არის,
ამ ომის შემდეგ
მსოფლიომ გაიგო.
და ნათელია ჩემთვის
დღესავით -
ის გადარჩება,
მიწაც რომ გაიყოს.

ნუ გვეშინია,
თუ ღმერთს ვეკუთვნით,
ღირსმა, თუ უღირსმა,
ვინ რა წაიღო?!

ჩემი პატარა ქვეყანა
ეს არის,
მთელმა მსოფლიომ
კარგად გაიგოს!

2008 წლის აგვისტო
ლალი კეკელიძე

აუუ! Где вы, люди!

ამხანაგო ბლამ! ამხანაგო ბლუმ!

ყველაფერი თქლამ!

ყველაფერი თქლუმ!

ლხინი იყო სხვისს,

ქატო იყო სხვას,

ტილი იჯდა იქ,

ეხლა მაზის თავს.

თუმცა გაძღა მჭამს,

თუმცა შემსვა, მსვამს.

ხან წვენივით მწრუპს,

ხან თევზივით მწვავს.

ისევ ვზივარ, ვდუმ,

ისევ ვდგავარ там,

ისევ ისე ვხურ,

აღარაფერს дам!

ტანი გავყავ вдруг

და კინაღამ – ам!

ფეხი გაყო კუმ

თავი გავყავ сам!

აი, ვხედავ ხამს,

უკვე გასცდა ხრამს,

კიდევ ერთი წამი,

მეწევა და მხრავს.

ილანძღება პირი

და არ ლოცავს груди,

მაინც ისევ ვდგავარ

დაასხი და будем!

ისევ არის клетки,

ისევ ისე прут,

აბა ერთხმად детки,

ვისი სული გსურთ?

ნეტავ ვგავდე სხვას

არ ვიტყოდი უარს,

ვაჩუქებდი ზღვას

მთელ რუსეთის დუმას.

ამ გაცვეთილ говор-ს,

ენა სხვისი სძულს,

თუმცა მისდევს სოროსს

და დოლარის კურსს.

ჩემს სისხლს ისევ სვამს,

მეზობელი, быдло,

აქაც კარგად ყარს,

სხვისგან რაღა მინდა!

თათს ილოკავს ბელი.

იჩეკება გველი,

ამუშავებს ნახტომს

ჩუმად მტაცებელი.

ისევ ჭამენ სოსისს

აფხაზი და ოსი,

გაჰყვირიან ასსსა!

თუმცა, სულ ასეა.

ისევ ისე უყვართ „Великая Россия!“

დროა მრუში, გეტყვი,

თუ არა ხარ меткий,

თუმცა არც არასდროს არ იყავი редкий.

აღარ დამრჩა ტვინი,

ვკარგავ გრამ და გრამ

მოდი მგელო милый

эх, ещё раз ам!

ვეღარ გავცდი გორს,

ვერც სტალინის აჩრდილს,

ვემსგავსები ღორს,

ვთქვლეფ სალაფავს значет!

ილანძღება პირი და არ ლოცავს груди ,

ვყვირი, როგორც ვირი,

აუუ! Где вы, люди!

2008 წელი ლალი კეკელიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100