გიორგი დონაძე: "ქართული ტრადიციული გალობა არის ერთ-ერთი ის უნიკალური რამ, რითაც ჩვენ დღეს ვამაყობთ“
ცნობილია, რომ ქართული საგალობელი ქართული ხალხური სიმღერის განუყოფელი ნაწილია. ქართული ხალხური სიმღერა და ქართული ტრადიციული გალობა მსოფლიომაც აღიარა. ეს არის მიმართულება, რომლის გარეშეც ქართული კულტურა წარმოუდგენელია. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სწორედ, ამ მიმართულების გასაძლიერებლად გალობის სანოტო ჩანაწერები გაციფრდა.
მასალის აღწერილობა სპეციალურად შექმნილ მონაცემთა ბაზასთან ერთად ელექტრონულ სივრცეში განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. უნიკალურ პროექტს, რომელიც სხვადასხვა არქივებში დაცული ქართული საგანძურის, ტრადიციული საგალობლების ხელნაწერი ნოტების გაციფრებას და სამეცნიერო აღწერილობასთან ერთად ინტერნეტსივრცეში განთავსებას გულისხმობს, საქართველოს ფოლკლორის სახლმწიფო ცენტრი ახორციელებს.
"ქართული ტრადიციული გალობა არის ერთ-ერთი ის უნიკალური რამ, რითაც ჩვენ დღეს ვამაყობთ. დღეისათვის დაახლოებით 30 000 გვერდია გაციფრებული, რასაც დიდი დრო და ფინანსები დასჭირდა. ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია - თითოეულ ფურცელს ხელნაწერთა ინსტიტუტსა და ეროვნულ არქივში უმაღლესი ხარისხის აპარატურით იღებდნენ. რადგან მთლიან მასალას ერთბაშად ვერ გამოვცემდით, შევქმენით ვებ-გვერდი, რათა გაციფრებული მასალა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, როგორც ქართველებისათვის, ისე უცხოელთათვის. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ როგორია ეს ხელნაწერი,“ - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.
შემდეგი პროექტი, რომელიც 2019 წელს განხორციელდება ქართული ტრადიციული საგალობლების ანთოლოგიის „ქართული გალობა“ გამოცემაა. ამჟამად, გამოცემულია ორი ტომი. საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასთან" ერთად კიდევ რვა ტომის გამოცემა იგეგმება. მის მომზადებაზეც ერთობლივად იმუშავებენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ფონდ „ქართული გალობის“ სპეციალისტები. ანთოლოგიის მომზადებისას გამოყენებული იქნება, ფოლკლორის ცენტრის პროექტის - „ქართული საგალობლების ხელნაწერთა მონაცემთა ბაზისა და აღწერილობის შექმნა“ - ქართული საგალობლების ხელნაწერების სრული ციფრული კოლექცია და მათი აღწერილობა. ფაქტობრივად, ანთოლოგიის პროექტი, გალობის ხელნაწერთა დიგიტალიზაციის პროექტის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს.
"ქართული ტრადიციული საგალობლების ანთოლოგიის ათტომეულში ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ. გამოცემაზე მაღალი დონის სპეციალისტები მუშაობენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან და ფოლკლორის ცენტრიდან. კოლოსალური სამუშაოა, ყოველი ტომი 700-800 გვერდიანია და თანაც უნიკალური“ - განაცხადა გიორგი დონაძემ.
ანთოლოგია „ქართული გალობა“ მიზნად ისახავს, XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლის ყველა ნიმუშის აკადემიური ხასიათის პუბლიკაციას. გამოცემა განკუთვნილია მგალობლების, საგუნდო კოლექტივების, მკვლევარებისა და საეკლესიო მუსიკის მოყვარულთათვის.
2015 წელს პირველად გაციფრდა ქართული საგალობლების სანოტო ხელნაწერთა მონაცემთა ბაზა და აღწერილობა (23000-დე გვერდი). ამჟამად, პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულად გაციფრდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერები, რომლებიც შესრულებულია ფილიმონ ქორიძის, ექვთიმე (ესტატე) კერესელიძის, ძმები კარბელაშვილების, რაჟდენ ხუნდაძისა და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეების მიერ.
პროექტი (ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი) საქართველოს ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პარტნიორობით, კულტურის სამინისტროსა და ფონდი ,,ქართული გალობის” ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. მისი მიზანი კი ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის გამომზეურება, აღდგენა-შენარჩუნება და საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციაა. ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა რამდენიმე ძირითად ფაქტორს ემყარება: ანთოლოგია სამეცნიერო-პრაქტიკული დანიშნულების გამოცემაა, რომლის მიზანია, შეძლებისდაგვარად, თავი მოუყაროს ქართული სამგალობლო ტრადიციის ყველა საგალობელს. ამ მიზნით, მის კრებულებში დაიბეჭდება სხვადასხვა სამგალობლო სკოლისა და ლიტურგიკული განგების კუთვნილი საგალობლები (საგალობელთა ზემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან).
კომენტარი