სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი: "შემიძლია გავიმეორო: ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ..."

მიიჩნევენ, რომ შეერთებულ შტატებში ნამდვილი რევოლუცია 1776 წელს კი არ მოხდა, როცა თავისუფლების დეკლარაციას მოეწერა ხელი, არამედ 1800 წელს, როცა ხელისუფლებამ ოპოზიციას მშვიდობიანად გადასცა ხელისუფლება და ამ გადაცემას სისტემა არ შეუცვლია.

თუ ამ ლოგიკას საქართველოს მივუსადაგებთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მმართველმა პარტიამ გამოცდა ჩააბარა და ხელისუფლება გადააბარა, ახლა, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ჩააბაროს გამოცდა და აჩვენოს, რომ ის მზად არის ეს სისტემა კიდევ უფრო გააუმჯობესოს და განავითაროს. ანუ, კი არ დაშალოს, წაშალოს, ან დაანგრიოს, არამედ გააგრძელოს.

ხელისუფლებაში მთავარ ფიგურად ბიძინა ივანიშვილი რჩება, ოპოზიციაში კი მთავარი მოთამაშე ვანო მერაბიშვილი ხდება. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა მეტწილად სწორედ ვანო მერაბიშვილის წარმატებულ რეფორმებს უკავშირდება, ბიძინა ივანიშვილმაც კი აღიარა, რომ ის ერთადერთი კარგი მენეჯერი იყო ხელისუფლებაში.

ახლა, ვანო მერაბიშვილს ოპოზიციაში მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. სწორედ მერაბიშვილი იქნება ის მნიშვნელოვანი ფიგურა, ვინც ბევრწილად განსაზღვრავს ახალი ოპოზიციის ხარისხს, როლსა და მნიშვნელობას ქართულ პოლიტიკაში.

როგორი იქნება ქართული პოლიტიკა მომავალში, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა, მაგრამ ამ ინტრიგის გარდა ქართულ პოლიტიკას სხვა ბერვი გამოწვევა აქვს. რას ფიქრობს ქართულ პოლიტიკასა და მის თავისებურებებზე ახლა უკვე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვანო მერაბიშვილი. გაზეთ "პრაიმტაიმს" შს ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- ბატონო ვანო, რა მოხდა, რატომ წააგონაციონალურმა მოძრაობამარჩევნები? პარტიაში გამარჯვების მოლოდინი იყო - არჩევნების დღეს, საღამოს 10 საათამდე კეთდებოდა განცხადებები - "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში რჩებაო. შემდეგ პრეზიდენტმა პარტიის მარცხი აღიარა.

- ეგ, რომ მცოდნოდა, რატომ წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ", ხომ აღარ წააგებდა? მართლა ვამბობ... მიზეზი რომ მცოდნოდა, რატომ წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ", ხომ აღარც წააგებდა...

- ერთ-ერთ მიზეზად ციხის კადრები სახელდება.

- ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. დრო უნდა გავიდეს, რომ მოვლენები ობიექტურად შევაფასოთ.

- თქვენ არ გაქვთ თქვენი ვერსია?

- შეიძლება მაქვს, მაგრამ დაუზუსტებლად რაიმეს თქმა არასწორი იქნება.

- თქვენ განაცხადეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თანამედროვე ტიპის პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს. რას გულისხმობთ "თანამედროვე პარტიაში"?

- საქართველო ჯერ არ არის ისე მომწიფებული, რომ მმართველმა პარტიამ კლასიკური, ტრადიციული მეთოდით ფუნქციონირება შეძლოს. 2003 წლიდან მოყოლებული, ბევრი რამ შეიცვალა, საზოგადოება შეიცვალა, ხალხი, ჩვენ... შესაბამისად, პარტიაში თანამედროვე მეთოდების დანერგვაა საჭირო. მათ შორის იგულისხმება ელექტრონული საშუალებების - სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენება... აუცილებელია პარტიის მოდერნიზაცია, რათა პარტიის წევრები, მხარდამჭერები და ადამიანების ფართო ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, უზრუნველყოფილი იყოს.

- თუმცა, როგორც ამბობდნენ, ხელისუფლებაში მხოლოდ 4-5 ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას. ეს შეიძლება თქვენი ხელისუფლების სისუსტედ ჩაითვალოს?

- მე პირიქით ვიტყოდი. ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ გადაწყვეტილების მიღება დაბალ დონეზე ხდებოდა. მე ვიცი, რომ ბევრი ჩინოვნიკი ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, რადგან მხოლოდ თვითონ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში.

- ხშირად ასეთი შეფასება ადეიშვილთან დაკავშირებით გამიგია...

- იგივე ხდებოდა საჯარო და სამოქალაქო რეესტრშიც.

- პროკურატურის საქმიანობას ვგულისხმობ, თითქოს ადეიშვილი, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, პირადად იღებდა გადაწყვეტილებებს...

- რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობენ, მე გეუბნებით როგორ იყო. მოდით ჩამოვთვალოთ, იუსტიციის სამინისტროში შედიოდა საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, ასევე სხვადასხვა სააგენტოები, სადაც თითოეული თანამშრომელი, იგივე საგადასახადოზე, საბაჟოზე, ყველა რიგითი ჩინოვნიკი გადაწყვეტილებებს თვითონ იღებდა. ეს იყო მათი ეფექტურობის მთავარი განმსაზღვრელი. ვაღიაროთ, რომ საგადასახადოზე, საბაჟოზე, საპასპორტოში, ქონების რეგისტრაციის გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად და დაჩქარებულად ხდებოდა.

- გეთანხმებით, "ნაციონალურ მოძრაობას" და თქვენ ხელისუფლებას, ბევრი წარმატებული რეფორმა უკავშირდება, მათ შორის, მომსახურების სფეროში პროცედურების გაუმჯობესების, გამარტივების და ბევრ შემთხვევაში გაიაფების თვალსაზრისით. თუმცა რა იყო ხელისუფლების ძირითადი ხარვეზები?

- ხელისუფლების მთავარი წარუმატებლობა იყო ის, რომ საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ავტორიტეტული, დამოუკიდებელი კლასი, ასე ვთქვათ, ჯგუფი, საზოგადოება, რომელიც იქნებოდა არბიტრი და რომლის შეფასებასაც ექნებოდა ნდობა. ანუ, არ არსებობდა არც ერთი ორგანო, რომელიც გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებას და ეს საზოგადოებისთვის დამაჯერებელი იქნებოდა.

საზოგადოება პოლარიზებული იყო, ან ისმოდა ხელისუფლების ხმა, ან ისმოდა ოპოზიციის ხმა.

ვთქვათ, დასავლეთ-ევროპის ქვეყნები, ან ამერიკა, რით არის განსხვავებული? იქ არსებობს საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომლებიც არ არიან არც ასოცირებულები და არ არიან არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის მხარეს, სწორედ მათ აზრს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათ შეფასებებს ეყრდნობა საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების დროს. საქართველოში, სამწუხაროდ, ასეთი ინსტიტუტები არ არსებობენ. თუ ჩვენ რაღაცას ვამბობდით, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ამას არ ენდობოდნენ, იმიტომ რომ ხელისუფლების ნათქვამი იყო და პირიქით.

- დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნას დამოუკიდებელი ფინანსები სჭირდება, ფინანსებს, როგორც ამბობენ, ხელისუფლება აკონტროლებდა და შეიძლება რომ ასეთი ინსტიტუტების არარსებობაც ხელისუფლების ბრალი იყოს?

- არა, ამ შემთხვევაში ფინანსებზე არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ ღარიბია და არ არსებობს მყარი ინსტიტუტები. აქ საუბარი მთავრობის დაფინანსებაზე არ არის. საუბარია ისეთ ავტორიტეტულ და მყარ ინსტიტუტებზე, რომლებიც შესაძლოა ერთ დღეს მთავრობის მოსაზრებას ეთანხმებოდნენ, მეორე დღეს - ოპოზიციის, საზოგადოებაში კი მხარდაჭერა აქვთ. ასეთი ინსტიტუტები საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს, რისი მთავარი მიზეზიც, პირველ რიგში, საქართველოს წარსული და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობაა.

- ვნახე საარჩევნო კალენდარი, სადაც თქვენი მთავარი ხაზი იყო სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, შეღავათები, ინფრასტრუქტურის განვითარება და ასე შემდეგ. თუმცა, "ქართული ოცნების" შეფასებებიდან თუ გამოვალთ, ხალხი სამართლიანობის აღდგენაზეა ორიენტირებული. ანუ, ხალხმა სამართლიანობა მიიჩნია უფრო დიდ პრობლემად, ვიდრე სოციალური მდგომარეობა?

- არა, მე ამას არ დავეთანხმები. უბრალოდ, ეს იყო "კლიშეები" - ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები იმ მესიჯებს იმეორებდნენ, რასაც მისი ლიდერები ამბობდნენ. შესაბამისად, ეს განცდა იყო თუ არა, ამის თქმა ძნელია. ვიღაცაში იყო, ვიღაცაში არა. და ეს იყო უბრალოდ ლიდერების მესიჯების გამეორება. მე ამ მთავრობას წარმატებას ვუსურვებ, რომ საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა გააჩინონ.

- ხალხს აქვს ასეთი დამოკიდებულება ჟვანიას, გვირგვლიანის საქმეების მიმართ. ისინი გამოძიებას არ ელოდებიან, რაკიღა თავისთვის დარწმუნებით იციან, ვინ არის დამნაშავე, ასე რომ, მათთვის სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს, იმ ადამიანების გასამართლებას, ვისაც თავად უკვე მიიჩნევენ დამნაშავედ. ჟვანიას შემთხვევაში საუბარია გია ბარამიძეზე, გირგვლიანის შემთხვევაში კი კითვის ნიშნები თქვენი მიმართულებითაც ისმის...

- ახალი ხელისუფლება მოვიდა, გამოიძიონ და ვინც დასასჯელია, დასაჯონ.

- თქვენი აზრით, ექნება თუ არა სურვილი "ქართულ ოცნებას", რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკაში აღარ დარჩეს? ამ მიმართულებით ბევრი განცხადება კეთდება და ერთადერთი არგუმენტი, რაც მოჰყავთ, ეს ისევ სამართლიანობას უკავშირდება...

- მათ რა მოუნდებათ მაგაზე პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.

- თქვენ გაქვთ ამის განცდა?

- მე მაინც ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან დაბნეულები არიან. და თუნდაც ის ფაქტი, რაც თქვით - რაზეც ისინი აპირებენ აპელირებას, მეტყველებს, რომ ისინი ძალიან არაინფორმირებულები არიან და რეალობაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.

- ჟვანიას შემთხვევაში როგორია რეალობა? რატომ არ შეიძლებოდა ამ საქმის გასაჯაროვება? არის იქ რამე ისეთი...

- იქ, არაფერი არ არის ისეთი... ისე, როგორც დანარჩენ საქმეებში. არაფერი არ არის ისეთი.

- მაშინ რატომ არ შეიძლებოდა ამ საქმის დახურვა?

- რას ნიშნავს დახურვა?

- მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ ეს საქმე დახურული არ არის. ამას ნინო ჟვანიაც ამბობს. თითქოს გამოძიება დასრულებული არ არის, რის გამოც საქმის გასაჯაროვება არ ხერხდება...

- ეს მას ჰკითხეთ. ყველა საქმე დასრულებულია. და ყველა შეკითხვაზე პასუხი გაცემულია. აგერ არიან თვითონ, ხომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და თვითონ დაასრულონ და თვითონ გამოამზეურონ თუ უნდათ. და მოდი ასე ვთქვათ, ჟვანიამ თვითონ მშვენივრად იცის ყველაფერი...

- ძმამ თუ ცოლმა?

- ამ საქმეს ცოლიც იცნობს...

- "ქართულ ოცნებას" აქვს ორი არჩევანი. მან, უნდა შეასრულოს თავისი დანაპირები, სოციალურ დაპირებებს ვგულისხმობ - პენსიების გაზრდა, უფასო დაზღვევა და ასე შემდეგ, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და რომლებსაც ექსპერტები არარეალურად მიიჩნევენ. "ქართულ ოცნებაშიც" უკვე ბევრ ამ დაპირებაზე ამბობენ, რომ ეს შეუსრულებელია. გამოდის, რომ მათ ხალხს უნდა აჩვენონ სანახაობა...

- ჯერ ერთი, ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, სანახაობა ვერ იქნება... მე ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ერთია სურვილი პიარის გაკეთებისა და მეორეა შესაძლებლობები.

- ითქვა, თითქოს ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, თქვენ შეხვდით თანაპარტიელებს და პოლიტიკური დაპატიმრებებიც არ გამორიცხეთ. რამდენად რეალურია უკრაინის შემთხვევა განმეორდეს, სადაც ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო დაიჭირეს?

- ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ვინმეს რამის ეშინია... თქვენ ნახეთ, ხომ რამდენი ხმა აიღო იულიამ არჩევნებში. და ისეთმა არაპოპულარული პარტიამ, როგორიც იყო იულია ტიმოშენკოს პარტია და მისი ლიდერების დაჭერამ, ნახეთ რა შედეგი გამოიღო უკვე არჩევნებზე. მით უმეტეს, ჩვენს შემთხვევაში, ქართული მხარის რეაქცია უფრო მკაფიო იქნებოდა.

ყველა მზად ვართ, ყველა იმ კითხვას გავცეთ პასუხი, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

- ანუ, ითანამშრომლებთ პროკურატურასთან და საგამოძიებო კომისიასთან, რომელიც პარლამენტში შეიქმნება?

- რა თქმა უნდა. ჩვენ შევქმენით და ჩამოვაყალიბეთ საქართველოში სამართლებრივი ფასეულებები და ყველა ერთად უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ საქართველო უკეთესი გახდეს.

ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკაში დარჩენას და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას. თუ საქართველოში არ იარსებებს ზოგადი ფასეულობები და სახელმწიფოს სამართლებრივი სტანდარტები, მაშინ პოლიტიკას საერთოდ აზრი არ ექნება. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება და გააგრძელებს მუშაობას, ყველა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და შეეცდება მიაღწიოს იმ წარმატებას, რისი ღირსიც იმ მომენტში იქნება.

- ბიძინა ივანიშვილმა თქვენზე თქვა, რომ კარგი მენეჯერი ხართ. თქვენ თქვით, რომ ბიძინა ივანიშვილს როგორც პოლიტიკოსს არ იცნობთ...

- ახლაც იგივე შემიძლია გავიმეორო.

- რა ნაბიჯებს ელოდებით მისგან, რომ დასკვნები გააკეთოთ?

- რამეს...რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს...

- მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა, შეიძლება რამე დასკვნის გაკეთება?

- თითქმის არც ერთ მინისტრს არ ვიცნობ და არც ერთი მინისტრის გაკეთებული საქმე ჯერ არ მინახავს, როგორ შეიძლება შევაფასო... მე მგონი საზოგადოებისთვის უცნობი ხალხია. ამ ამპლუაში მაინც.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა?ეს იყო უტა ივანიშვილის სურვილი, იყო რუსეთის გეგმა, იყო მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი...

- არ ვიცი... ვერსია არ მაქვს.

- ანუ, არც ერთ ამ ვერსიას არ იზიარებთ?

- შეიძლება ყველა ვერსია ერთად იყოს, მაგრამ ამის გამოცნობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამას, ალბათ, დრო აჩვენებს.

- და მაშინ უფრო რთული იქნება, ალბათ, იმის გამოცნობა, რატომ აპირებს ის პოლიტიკიდან წასვლას წელიწად-ნახევარში...

- ამის გამოცნობა ასჯერ უფრო რთულია. ასეთი რამე ჯერ მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა...

- ვერტიკალზე იყო დაპირისპირება პოლიტიკურ და ძალოვან გუნდებს შორის? მაგალითად, თქვენსა და ბაჩო ახალაიას შორის.

- არ იყო დაპირისპირება... ჩემი მხრიდან არ იყო დაპირისპირება.

- ახალაიას მხრიდან?

- სიმართლე გითხრათ, მე არ მიგრძვნია.

- ანუ, თქვენ გამორიცხავთ დაპირისპირებას? ხომ იცით საქართველოში შეთქმულებების თეორიები არსებობს.

- ვინ რას ფიქრობდა, რას ამბობდა, ეს სხვა საქმეა. მე დაპირისპირებული არ ვყოფილვარ და არც მისი მხრიდან იყო ღია დაპირისპირება. გულში ვინ რას ფიქრობდა, ეგ მეორეხარისხოვანია. მე არ მიმაჩნია, რომ მე და ბაჩო თანაბარი პოლიტიკური წონის ვიყავით.

- არა, ბაჩოს პოლიტიკური წონა საერთოდ არ ჰქონდა...

- აქედან გამომდინარე, ამ თემის განხილვა სერიოზულად არ მიმაჩნია.

- მაგრამ აქ ხომ პოლიტიკურ წონაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი ამბიციებზე, მიზნებზე... თქვენი გეგმები შეიძლება ახალაიასთვის ხელისშემშლელი ყოფილიყო?

- არ ვიცი, ვის ვუშლიდი ხელს...

- რაც შეეხება ბედუკაძეს, ამ ისტორიასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არსებობს. რა მოხდა თქვენი აზრით?

- მე ზუსტად იმდენი ვიცი, რამდენიც თქვენ. ყველაფერი, რაც საზოგადოებამ იცის ამის შესახებ, მეც ვიცი ტელევიზორიდან.

- ადეიშვილთან თუ გქონდათ ურთიერთობა მას შემდეგ რაც წავიდა?

- კი, მქონდა. ის იყო ჩემი მეგობარი და დარჩება ჩემს მეგობრად. მისი პოლიტიკაში დაბრუნება, ალბათ, აღარ მოხდება და მე მასთან მეგობრობას გავაგრძელებ.

- სად არის ამჟამად?

- დეტალები არ ვიცი.

- რაც შეეხება შაშკინს, ის თქვენი გუნდის წევრად ითვლებოდა. მასთანაც, ალბათ, გქონდათ კავშირი. მის წასვლაზე რას იტყვით?

- მე ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში ვერ ავხსნი, რატომ წავიდნენ ისინი.

- რა იყო მათი არგუმენტი თქვენი აზრით?

- ალბათ, გადაიღალნენ.

- თუ შიში? ახლა ხომ ყველა ვინც ამბობს, რომ უსამართლოდ რაღაც ჩამოართვეს, თითს უმეტესად სწორედ ადეიშვილისკენ იშვერს და არამხოლოდ მისკენ. არსებობს გრძელი სია, მათ შორის ხართ თქვენ, ბოკერია, სააკაშვილი... რომ თითქოს ერთად იღებდით გადაწყვეტილებებს...

- მე მზად ვარ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. მე დავრჩები საქართველოში, ვიცხოვრებ საქართველოში, ვიქნები აქტიური პოლიტიკაში, რაც არ უნდა მემუქრებოდეს. იმიტომ, რომ მე მინდა ეს ქვეყანა იყოს ნორმალური, ძლიერი და მიმაჩნია, რომ ჩვენს პარტიას ექნება დიდი როლი იმაში, თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები. მიმაჩნია, რომ მე თუ დავტოვებ, ან სხვა თუ დატოვებს ამ პარტიას, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. ჩემთვის იქნება დისკომფორტული, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჩემი ვალია ამ საქმეში ბოლომდე დავიხარჯო.

- თქვენ თქვით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოემზადებით, გყავთ პრეზიდენტობის კანდიდატიც...

- იმ დროს ვისაც ყველაზე მეტი რეიტინგი ექნება, ის ადამიანი იქნება კანდიდატი. ეს არ არის პიროვნული საკითხი, ეს არის პარტიული საკითხი. გეტყვით, რომ როდესაც ჩვენ მაჟორიტარ კანდიდატებს ვარჩევდით, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა. მათი შერჩევა არ იყო დამყარებული ნაცნობობაზე, ან მეგობრობაზე. როგორც კი ეს საკითხი განიხილება, ჩვენ ჩამოვყალიბდებით და ვიტყვით, ვინ იქნება ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი. ამას ერთპიროვნულად ერთი ადამიანი არ გადაწყვეტს.

- შეიძლება კანდიდატი პარტიულიც არ იყოს?

- ყველაფერი შეიძლება...

- რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. როგორ უყურებთ ამ საკითხს და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს პარტიისთვის?

- წეღან გითხარით, რომ ივანიშვილს როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ. მისი ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ჯერ კიდევ ვერ გახდა პოლიტიკოსი. პოლიტიკოსები ასეთ საქმეებს არ აკეთებენ. ქვეყნისთვის, სტაბილურობისთვის, აუცილებელია იმ კანონებისა და ნორმების დაცვა, რაც ქვეყანაში არსებობს. თუ მას უნდა დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი, ყველა პროცესი დემოკრატიულად უნდა მიმდინარეობდეს. „ქართული ოცნება“ უფრო მეტს წააგებს, თუ დიდ ენერგიას დაუთმობს პრეზიდენტის, თუნდაც, იმპიჩმენტის საკითხს, რადგან ამით დაამკვიდრებს აზრს, რომ საქართველო ბოლომდე ჩამოყალიბებული სამართლებრივი და სტაბილური ქვეყანა არ არის. და ჩემი აზრით, ეს საქართველოს ინტერესებში არ შედის.

- ჩემთვის ეს არჩევნები საინტერესო იყო არა მხოლოდ იმით, რომ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, არამედ იმითაც, რომ პირველად, არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია საკმაოდ ძლიერი პოზიციებით რჩება პოლიტიკაში...

- დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ვინაიდან ყოველთვის, როდესაც ხელისუფლებაში რადიკალური ცვლილებები ხდებოდა - ხშირად ძალადობრივი, ზოგჯერ არაძალადობრივი - ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო, ქრებოდა პოლიტიკური სცენიდან. ეს ქართულ დემოკრატიას აღარიბებდა, იმიტომ რომ ხდებოდა პოლიტიკური ცხოვრების წყვეტა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეინარჩუნოს სტაბილური პოლიტიკური პარტიის როლი. თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ კრიზისს გაუძლო, მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოყალიბდება გრძელვადიან, ერთ-ერთ სერიოზულ პარტიად, რომელიც ხან მოიგებს არჩევნებს და ხან წააგებს, თუმცა იქნება ერთ-ერთი მთავარი პარტია.

არ იქნება ურიგო, გაჩნდეს კიდევ ერთი ასეთი გრძელვადიანი პარტია და 3-4 პარტიამ ხელი შეუწყოს და მისცეს საზოგადოებას და ქვეყანას განვითარების საშუალება. ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს ფუნდამენტური ტრადიციები. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ფუნდამენტური პრინციპები რჩება - კანონი, სამართალი, კანონის უზენაესობა და დემოკრატია არის მთავარი, რაზეც დგას ქვეყანა.

ქეთი ხატიაშვილი, გაზეთი "პრაიმტაიმი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100