სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცინცაძის აზრით, ივანიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად თედო ჯაფარიძეს ან ნინო ბურჯანაძეს დანიშნავს

„ივანიშვილს უნდა თუ არა, ანგარიშის გაწევა მოუწევს ხალხის მიერ 4 წლის ვადით არჩეულ თბილისის მერთან და პრეზიდენტთან“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

- დავიწყოთ, საპარლამენტო არჩევნებით, საქართველოში მყოფი სადამკვირებლო მისიის წევრები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებენ.

- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს იყო ერთადერთი არჩევნები, სადაც ხელისუფლება მიტინგებისა და სისხლისღვრის გარეშე შეიცვალა. წინასწარი მონაცემებითაც დასტურდება, რომ ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულობითაც გამოირჩეოდა.

რაც შეეხება უმრავლესობით მოსულ ძალას, მისი „ვარგისიანობა“ რამდენიმე თვეში გამოჩნდება. „ქართული ოცნების“ პირველი ნაბიჯი იქნება იმ არაპოპულარული კანონების გაუქმება, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა.

თუ დაპირება ჰაერში არ დარჩება, მაშინ გაუქმდება ეს უაზრო კომუნალური გადასახადები, გაიაფდება მედიკამენტები, რომელსაც კოალიცია ხელოვნურად გაზრდილს უწოდებდა, დაეცემა საწვავის ფასი და ბევრი სხვა რამ.

საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება, მონოპოლისტების მოყვანა და მათთვის „ყურების აწევა“.

- ივანიშვილმა პოზიცია შეცვალა, გუშინ სააკაშვილს გადადგომას მოუწოდებდა დღეს კი განცხადება გაავრცელა და საქართველოს პრეზიდენთთან კონსულტაციების დაწყების მხადყოფნა გამოთქვა, რატომ?

- ეს იმაზე მეტყველებს, რომ ივანიშვილი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. ამასთანავე, როგორც ჩანს, ვახტანგ ხმალაძემ უთხრა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი სისულელეა. ამ საკითხს ჯოჯოხეთური შრომა და რესურსი სჭირდება. მე თუ მკითხავთ, ქვეყანაში გაცილებით აქტუალური პრობლემებია გადასაჭრელი, ვიდრე პრეზიდენტის გადადგომაა.

- ბატონო სოსო, ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილისა და ახლა უკვე ოპოზიციაში წასული „ნაციონალური მოძრაობის“თანამშრომლობა?

- თანამშრომლობა გარდაუვალია. ივანიშვილს უნდა თუ არა, ანგარიშის გაწევა მოუწევს ხალხის მიერ 4 წლის ვადით არჩეულ თბილისის მერთან და პრეზიდენტთან.

- მეორე დღეა, გარკვეული სახის ზეწოლა მიმდინარეობს ცესკოზე, კომისიის არაერთი მოწოდების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო ოლქებს არ ტოვებენ... შეურაცხყოფას აყენებენ კომისიის წევრებს...

- მთავარია ეს ინტრიგები მაღალ დონეზე არ გადავიდეს. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენთვის დამარცხებასთან შეგუება ძალიან რთულია.

- ბოლო 24 საათია მთავარ განსახილველ თემად მომავალი მთავრობის დაკომპლექტება იქცა. ყველას გვაინტერესებს - ვის დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ და სხვა მაღალ თანამდებობაზე...

- იმ გუნდში, რომლითანაც ივანიშვილის კოალიციამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ცოტა, მაგრამ მაინც მოიძებნება კარგი კადრი. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ახალი კონსტიტუციით, პარლამენტის თავმჯდომარეობა დიდ თანამდებობად ვერ შეიძლება ჩავთვალოთ. ის იქნება უბრალოდ სპიკერი. როგორიც ევროპის ქვეყნებშია. ანალოგიური მოდელი აქვს რუსეთსაც.

- შეიძლება ამ პოსტზე კახი კალაძე განვიხილოთ?

- არა მგონია კალაძეს პარლამენტის თავმჯდომარეობა სურდეს. ის, შესაძლოა, სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა მინისტრი იყოს.

- ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს განიხილავს, რომელს უფრო დიდი შანსი აქვს?

- ამ უწყებას ყველაზე უკეთ თედო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. არავითარ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი. ვინაიდან ეს ქალბატონი უკვე იყო მინისტრი და თავისი სისულელეებით ქართული დიპლომატია გაანადგურა. ელჩები კი კლოუნებად აქცია, როცა მათ ჩოხები ჩააცვა.

ზურაბიშვილის სახელს არაერთი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უკავშირდება. რაც შეეხება ბურჯანაძეს, მას სალომეზე მეტი შანსი ნამდვილად აქვს. თუ ივანიშვილს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა უნდა, იმითაც დამტკიცდება, რომ ის საგარეო საქმეებს ნინო ბურჯანაძეს ჩააბარებს, რადგან ყველამ ვიცით პუტინის დამოკიდებულება ამ უკანასკნელის მიმართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100