სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა სიმბოლოების აღმნიშვნელია ჯვრისწერაში გამოყენებული ბეჭედი, გვირგვინი, ბარძიმი?

ვიდრე მოძღვარი ნეფე–პატარძალს ჯვრისწერის კურთხევას მისცემდეს, აუცილებლად შეახსენებს ხოლმე მეხუთე მცნებას – „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.“ და დასძენს, თუ სურთ, რომ ბედნიერად განვლონ ცხოვრების წლები მომავალ მეუღლესთან ერთად, თავდაპირველად აუცილებლად მიიღონ ლოცვა–კურთხევა მშობლებისაგან.

მშობლები კიდეც რომ უწუნებდნენ არჩევანს და ეწინააღმდეგებოდნენ – თუ მიაჩნიათ, რომ ღირსეულად ჰყავთ თანამეცხედრე შერჩეული, მოაწონონ, დაარწმუნონ გრძნობების სიმყარეში და ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით გამოსთხოვონ ლოცვა–კურთხევა, რადგან მშობლის ლოცვა ბედნიერი ოჯახის შექმნის საწინდარია!

ამის შემდეგ ნიშნობას წინ არაფერი უდგას. გერმანიაში ადრე წესად იყო – სასიძო საპატარძლოს „ბიბლიას“ ან „ლოცვანს“ ჩუქნიდა – ამ ქვეყანაში დანიშვნის სინონიმი იყო: „მან საცოლეს ლოცვანი აჩუქა!“

უძველესი მართლმადიდებლური საეკლესიო წესით მექორწილეებმა იმ „ლოცვანიდან“ უნდა იცოდნენ: „მამაო ჩვენო“, რწმენის სიმბოლო და ათი მცნება.

და აი, ნეფე–დედოფალი საქორწინო ცერემონიალის წინაშე დგება, მთელი მაყრიონი ფოტო და კინო კამერების ტკაცატკუცით დაჰყვება უკან და მხიარული საზეიმო განწყობილებით ჟივილ–ხივილით ავსებს ეკლესიის ეზოს. ამ საყოველთაო უზრუნველობის ატმოსფეროში მხოლოდ ორი ადამიანია სახეზე ღიმილის მიუხედავად, შინაგანად დაძაბულობითა და მღელვარებით შეპყრობილი – ესენი თვით ნეფე–პატარძალი არიან! ამ დღეს მათ ძალიან დიდი მისია აკისრიათ – ისინი ეკლესიის შვიდთაგან ერთი უდიდესი საიდუმლოს უშუალო მონაწილენი ხდებიან!

ამ დიდი საიდუმლოს უშუალო მონაწილეთათვის და სტუმრებისათვის ეს საკრალური რიტუალი ხშირად იძენს ოდენ სანახაობით ფორმას და ისინი არ უღრმავდებიან ამ მოვლენის უდიდეს სიმბოლურ მნიშვნელობას:

თუ ჯვრისწერამდე ცოლ–ქმარი უბიწობაში ჰგიებს, მათი მოთმინების ჯილდოა გვირგვინი. როგორც წმიდა მამები შეგვაგონებენ, გვირგვინი მიწიერ სიამეზე გამარჯვების სიმბოლოა.

გვირგვინი – ეს არის ძალაუფლების ნიშანი – სიმბოლო მეფობისა. დამოუკიდებელი ოჯახი ახალი წყვილის სამეფოა. მომავალი შვილები და სახლეული – ქვეშევრდომები არიან. ყველანი იმ წესრიგს მიჰყვებიან, რასაც ნეფე–პატარძალი დანერგავს. მათი ვალია „სამეფოს“ სულიერი განვითარება უფლის სადიდებლად; ოღონდ, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ თავი არ დაიტვირთონ ხელისუფლების სიმძიმით!

ბეჭედი ერთხელ და სამუდამოდ იკურთხება თითზე სატარებლად. არის მეუღლეთა მომავალი ერთგულებისა და ერთმანეთისადმი კუთვნილების ხილული წინდი! რგოლი – მარადიულობის და უწყვეტობის სიმბოლოა, ოქრო – მზის სინათლე და მეფური ღირსება! ჯვრისწერის დროს მღვდელი სამჯერ უცვლის ნეფე–პატარძალს ბეჭდებს – ეს არის სიმბოლო ურთიერთშეერთების, ერთსულოვნების, სრული თანხმობის. საკურთხეველში ბეჭედი გადაიქცევა წმიდა საგნად.

ბარძიმი – ზიარება საერთო ბარძიმიდან ნიშნავს, რომ ამიერიდან ყველაფერი მათი საერთოა – სიხარული და ჭირი, შრომა და ზრუნვა; ექნებათ სულის გადარჩენის საერთო გზა – ამიერიდან იქნებიან ერთ სულ და ერთ ხორც!

ლოცვითი კავშირი ნეფე–დედოფალს შორის დგება პირველი დღიდან – რომელიც უმწიკვლოდ ჩაივლის, ჯვრისწერის ზიარების მადლის შესანარჩუნებლად (ალბათ ამ ვითარების გათვალისწინებით რთავენ ქორწილის უფლებას შაბათობით, საუფლო დღესასწაულის წინდღით.)

პატარძლისათვის ეს დღე კიდევ იმითაც არის ღირსშესანიშნავი, რომ ჯვრისწერა ერთადერთი დღეა ქალის ცხოვრებაში, როდესაც მას ენიჭება ამბიონზე ასვლის უფლება – მაცხოვრისა და დედა ღვთისმშობლის ხატების წინ დადგომისას, შეუძლია აღავლინოს ლოცვითი ვედრება, იმის იმედად, რომ წრფელი გულით ნათხოვნი აუცილებლად აუსრულდება!

და, რაც მთავარია, ნურც ქალს და ნურც ვაჟს ნუ დაავიწყდებათ – ქორწილი კურთხეულია უფლისაგან – აკი ქრისტეს პირველი სასწაული აღსრულდა ქორწილში – გალილეის კანაში!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100