სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კანის 70-ე კინოფესტივალი: პროგრამა, ჟიური და საკონკურსო ფილმი, რომელშიც მთავარ როლს მერაბ ნინიძე თამაშობს

კანის 70-ე კინოფესტივალი 17 მაისს გაიხსნა და ის ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალისთვის საფრანგეთის ამ ულამაზეს ქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ მსახიობები, რეჟისორები, კინოკრიტიკოსები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები.

ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ესპანელი კინორეჟისორი პედრო ალმადოვარია. ჟიურის დანარჩენი წევრები კი რეჟისორი და სცენარისტი მარენ ედი, მსახიობი უილ სმიტი, ჯესიკა ჩესტეინი, ფან ბინბინი, ანესაიუე, რეჟისორი პაულო სორენტინო და კომპოზიტორი გაბრიელ არედი არიან.

რაც შეეხება საფესტივალო პროგრამას, ის არნო დეპლეშენის ფილმმა „ისმაილის მოჩვენებებმა“ გახსნა. ასევე დაგეგმილია 49 ფილმის პრემიერა. კრიტიკოსების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია მიშელ ჰაზანავიჩუსის სურათმა „მრისხანე“, რომელიც ფრანგი კინორეჟისორის ჟან ლუკ გოდარის შემოქმედების კონკრეტულ ეტაპს აღწერს, როდესაც რეჟისორს ფილმის გადაღებისას 17 წლის მსახიობი ანა ვიაზემსკი უყვარდება.

კრიტიკოსების სიმპათია დაიმსახურა მიჰაელ ჰანეკეს ფილმმა „ბედნიერი დასასრული“, რომელიც მიგრანტების პრობლემის შესახებ გვიამბობს.

ფესტივალის ფავორიტია ფრანგი რეჟისორის ჟაკ დუაიონის კინოსურათი „როდენი“, რომელიც ცნობილი მოქანდაკისა და მისი მოსწავლის სიყვარულის თემაზეა აგებული.

რომან პოლანსკის ფილმი „დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე“ მოგვითხრობს მწერალზე, რომელსაც ბოლო წიგნის გამოცემის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემა ეწყება და კრიზისული პერიოდი აქვს შემოქმედებაში. მთავარ როლში კი ევა გრინია.

ძალიან გამორჩეულია სოფია კოპოლას ფილმი „საბედისწერო ცდუნება“, რომელშიც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი და კოლინ ფარელი თამაშობს. ის 1971 წელს გადაღებული ფილმის რიმეიქია, რომელშიც კლინტ ისტვუდი თამაშობდა და რომლის მთავარი თემა ამერიკის სამოქალაქო ომი იყო.

უნგრელი რეჟისორის კორნელი მუნდრუცუს სურათი „იუპიტერის მთვარე“ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 18 ფილმს შორის და მასში მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობს.

ფესტივალი 28 მაისს დაიხურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100