სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა ხაზარაძე - 2020-ის ოქტომბერი იქნება ბრძოლა იმისათვის, რომ „ქართული ოცნება” რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ქვეყნის მმართველობას

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამერიკის ექვსი კონგრესმენის წერილს ეხმაურება. კონგრესმენებმა წერილი მაიკ პომპეოს მისწერეს და შეშფოთება გამოხატეს, რომ პომპეომ საქართველოს მთავრობის ქმედებები რეალურად არ შეაფასა.

კონგრესმენები, საქართველოში ბოლო დროს დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო, წუხილს გამოთქვამენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ საქართველოს განვითარება შეფერხდა.

„დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი, ებრძოდა და ებრძვის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რაც დაადასტურეს არაერთი გზავნილით ჩვენმა პარტიორებმა, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ჩვენმა სხვა დასავლელმა პარტნიორებმა. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც რუსმა ოლიგარქმა და მისმა დამქაშებმა, მინისტრებმა ჩააგდეს საუკუნის პროექტი და ამით, პრაქტიკულად, წაართვეს საქართველოს მოსახლეობას განვითარების პერსპექტივა და, რაც ყველაზე მთავარია, ევროინტეგრაციის შესაძლებლობა. 2020-ის ოქტომბერი იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა იმისათვის, რომ "ქართული ოცნება" რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ჩვენი ქვეყნის მმართველობას და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება და აღმშენებლობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაადგეს გამარჯვების გზას,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ორი წლის წინ დაწყებული ბრძოლა ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ უკვე აისახა ქვეყანაში საინვესტიციო განწყობაზე.

„ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი და მისი ოცნება ებრძოდა ყველაზე დიდ ინვესტიციას და პროექტს საქართველოში, ამან უკვე ასახვა ჰპოვა იმ განწყობაზე, რომლიც აისახა ჩვენს საინვესტიციო გარემოზე. ეს ბრძოლა მათ დაიწყეს ამერიკელებისა და ჩვენი ურთიერთპარტნიორობის წინააღმდეგ, ჩვენი სტრატეგიული ინვესტორების წინააღმდეგ. შესაბამისად, მივიღეთ ის სურათი, რასაც ველოდებოდით - უმუშევრობა და სიღატაკე, ყველა სოფელში და ყველა ქალაქში. ჩვენ ამას შევცვლით, შევცვლით რადიკალურად,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100