ფესტივალი „ღამის სერენადები“ წარმატებით დასრულდა
მე-10
საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წარმატებით დასრულდა.
ფესტივალი ბათუმში დაიწყო, დასკვნითი კონცერტი კი თბილისში,
კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.
საღამო
განსაკუთრებული პროგრამით გამოირჩეოდა. კერძოდ, საღამოზე აშშ-ში მოღვაწე
ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ალექსანდრე კორსანტიამ საქართველოში
პირველად შეასრულა გალინა უსტვოლსკაიას კონცერტი ფორტეპიანოს, ლიტავრებისა
და სიმებიანი ორკესტრისთვის. გ. უსტვოლსკაიამ დიმიტრი შოსტაკოვიჩის კლასი
დაამთავრა და ამდენად, მისი შემოქმედებითი მსოფლმხედველობა საბჭოთა
იდეოლოგიისგან სრულიად განსხვავებულად ჩამოყალიბდა, ამიტომაც იშვიათად თუ
ვინმე ასრულებდა მის ნაწარმოებებს. ფესტივალის ბოლო აკორდად კი მისი
საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა შედგა, რომელიც ა.კორსანტიასთან ერთად
შეასრულა ფესტივალის საბაზო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“
და ნათელა მარკოზაშვილმა(ლიტავრები). დირიჟორი კი გახლდათ ვახტანგ
მაჭავარიანი.
შეგახსენებთ,
რომ ფესტივალი 1982 წელს, ლიანა ისაკაძემ აფხაზეთში დააარსა, არსებობა კი
1991 წელს შეწყვიტა. „ღამის სერენადები“ მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009
წელს, ქალაქ ბათუმში აღდგა. დღეს კი „ღამის სერენადების“ სამხატვრო
ხელმძღვანელები თავად ლიანა ისაკაძე და მისი ძმისშვილი გიორგი არიან. ბოლო
რამდენიმე წელი ფესტივალი მსმენელის წინაშე საკმაოდ საინტერესო და
სასიამოვნო პროგრამით წარდგება ხოლმე. რა თქმა უნდა, არც წლევანდელი წელი
იყო გამონაკლისი და საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრები
ისეთმა ცნობილმა მუსიკოსებმა შეასრულეს, როგორებიც არიან პიანისტი
ალექსანდრე კორსანტია, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მევიოლინე გია
იაშვილი, ასევე მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი, გიტარისტი სოფია ბაროსი,
ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი
და სხვები.
გიორგი ისაკაძე:
„ძალიან
ბედნიერები ვართ, რომ ასე წარმატებით ჩაიარა ფესტივალმა, გამორჩეული
დასწრება იყო, მე მგონი მსმენელი ძალიან კმაყოფილი დარჩა. მრავალფეროვანი
პროგრამა შევთავაზეთ მათ. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ“
ალექსანდრე კორსანტია:
„ფესტივალ
„ღამის სერენადებს“ აქვს ძალიან ფართო და საინტერესო გეოგრაფიული ისტორია.
ასეთი ქართული კულტურული ფასეულობა რასაკვირველია არასდროს შეწყდება, არც
შემწყდარა და არც აპირებდა. უბრალოდ, გადადიოდა ადგილიდან ადგილზე. რაც
შეეხება დღევანდელ კონცერტს, მიხარია, რომ ბევრი წლის შემდეგ, პირველად
გავედი სცენაზე, ჩემს მეგობართან ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად.“
ვახტანგ მაჭავარიანი:
„პირველ
რიგში, ვულოცავ საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას, ვისაც მუსიკა
უყვარს, ამ ფესტივალის მთელ მსვლელობას და დღევანდელ დასრულებას. დასრულდა
ჩვენი უსაყვარლესი საშა კორსანტიას ბრწყინვალე შესრულებით, მე ამაყი ბიძა
ვარ, ის ჩემი უახლოესი ნათესავია. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი
დაკავშირებულია გენიალურ ლიანა ისაკაძესთან.
გია იაშვილი:
„ფესტივალი
ყველასთვის მნიშნელოვანი იყო, რადგან მე-10 საიუბილეო წელი ვიზეიმეთ.
მეორედ მივიღე მონაწილეობა ამ ფესტივალში. ბევრი ახალგაზრდა მსმენელი
დავინახე დარბაზში და მიხარია, რომ კლასიკურ მუსიკას საქართველოში ამდენი
თაყვანისმცემელი ჰყავს.
ნინო როსტიაშვილი
კომენტარი