სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა - წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა, ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს შეედარო?!

მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა - წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს შეედარო?! - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან, „ტექნოპარკშიმიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

მან სააკაშვილის მმართველობის სტილზე და „უკან დაბრუნების“ ხიფათზე ისაუბრა.

„დავით აღმაშენებელს ედრებოდა - წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა ჯერ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს გაბედო და შეედარო და მერე როგორი უმეცრობაა?! როგორ შეიძლება დღევანდელი ეკონომიკა და მშენებლობის ტემპები შეადარო მე-11, მე-12 საუკუნისას, მაგრამ სხვას თუ ვერაფერს ეძებდა, თუ როგორ გაებრუებია საზოგადოება, ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან. მეორე მხრივ, ციხეები გავსებული იყო საზოგადოების იმ ნაწილით, ვინც არ ემორჩილებოდა, ცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც. ამ მეთოდით ცდილობდნენ, დაეჭირათ ხელისუფლება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალები“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ თავდაპირველად დაიძაბნენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარიყო, ეშინოდათ და თავჩაღუნულები დადიოდნენ, რომ მსგავსი მეთოდები „ქართულ ოცნებას“ არ გამოეყენებინა, თუმცა ახლა სიტყვის თავისუფლებით ყველაზე უკეთ თვითონ სარგებლობენ.

„პირველი თვეები დაიძაბნენ, ეშინოდათ მსგავსი არაფერი მომხდარიყო და თავჩაღუნულები დადიოდნენ. კარგად ჩანდა ეს პარლამენტში, აღმიწერეს, - წყლის დასალევად ვერ ამოდიოდნენ ზემოთ, ახლა ჩვენ აღარ გვიშვებენო. ახლა რომ ნახეს და გააცნობიერეს, რომ ყველას ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე უკეთ თვითონ სარგებლობენ. მათგან მართული მედია ყოველდღიურად სიცრუეს აფრქვევს და ის, რა საოცრებაც მოხდა ამ 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში, ვერც ერთ კომპონენტს ვერ ნახავთ, რომ „ნაცების“ დროს იყო უკეთესობა. ისე აღწერენ სიტუაციას, თითქოს დრამატულია. ამ ფონზე ეკონომიკური სიდუხჭირე ძალიან კარგია სასპეკულაციოდ, თუმცა რელობა არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და როგორც დასძინა, არსებობს რეალური ხიფათი, რომ თუ საზოგადოება ამ ყველაფერს ვერ შეიმეცნებს, ყველაფერი უკან შემობრუნდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100