სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1 მარტიდან მართვის მოწმობის მოქმედების ვადა 15 წლით განისაზღვრება

2014 წლის 1 მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის, რომელსაც მინიჭებული აქვს: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიები, (ქვეკატეგორიები) მოქმედების ვადა იქნება 15 წელი; ხოლო იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის, რომელსაც მინიჭებული აქვს: „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), მოქმედების ვადა იქნება 5 წელი.

მართვის მოწმობის მოქმედების ვადის განსაზღვრა აგრეთვე ვრცელდება 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებზეც, კერძოდ: 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მიუხედავად მინიჭების თარიღისა) იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე.

2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ “C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე.

2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე.

მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მისი შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის საფუძველზე.

მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მისი მოქმედების ვადის გასვლამდე, ხოლო ახალი მოწმობის აღდგენის ან/და შეცვლის შემთხვევაში, მისი დღეს არსებული ღირებულება დარჩება უცვლელი.

2014 წლის 1 მარტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასასვლელად, დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად ან დაზიანებული მართვის მოწმობის შესაცვლელად სავალდებულო იქნება დაინტერესებული პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) სააგენტოში წარმოდგენა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100