სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე მძიმე წითელი პარასკევი და კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია

დღეს 3 მაისი არის და უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულამდე 3 დღე დარჩა. სწორედ 3 დღით ადრე, პარასკევს ყველა ქრისტიანის ოჯახში კვერცხები წითლად იღებება. ამ დღეს წითელ პარასკევს უწოდებენ, რადგან სწორედ მაშინ ეცვა უფალი ქრისტე ჯვარს საკუთარი ხალხის განაჩენის მიხედვით და 3 დღის შემდგომ ბრწყინვალედ აღსდგა!

წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
რაც შეეხება კვერცხის წითლად შერებვას...
არსებობს გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.
წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.
გარდა ამისა, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100