სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიკა ქავჟარაძე დღეს 52 წლის გახდა

ლიკა ქავჟარაძე დღეს 52 წლის გახდა. 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში, ულამაზესი ქართველი მსახიობი ქალბატონი, ლიკა ქავჟარაძე დაიბადა. მისი მონაწილეობით ქართულ კინემატოგრაფიაში არსებული ფილმებიდან ყველაზე ცნობილია "ნატვრის ხე", ასევე მისი მონაწილეობით ქართული მხატვრული ფილმები: მხოლოდ ერთხელ (1994), ჩაკლული სული (ნატო წერეთელი) (1994), ოქროს ობობა (ელა) (1992), სპირალი (ლია რამიშვილი) (1990) და ა.შ.

მსახიობობამდე ლიკა ქავჟარაძემ 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". ჰყავს ერთი ვაჟი - ლევან თაქთაქიშვილი (პირველი ქორწინებიდან).

ჩანაწერები პირველ პირში - ლიკა ქავჟარაძე

(ფრაგმენტი)

ოთახში მარტოა. არ ცივა, მაგრამ ის მაინც პლედში გახვეული ზის ძველ სავარძელში. სიგარეტს სიგარეტზე უკიდებს და სადღაც შორს იყურება. მოწევა მისთვის ყველაზე დიდი კომფორტია. ჩართული ტელევიზორი რაღაცას გუგუნებს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის. ფიქრობს, არ ვიცი რაზე, ეს არავინ იცის. აი, რაზეც არასდროს იფიქრებს - ეს სიგარეტისთვის თავის დანებებაა. ტელეფონის ზარი ისმის და - ალო, დიახ, ლიკა ვარ. რომელი ჟურნალიდან? აა... კარგი, დიახ. შევთანხმდით.

არ მინდოდა, მაგრამ ვერსად გავექეცი მარიტას სახეს; როლს, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, ბევრი რამ განაპირობა. კინოში შესრულებული 30-მდე როლის მიუხედავად, ის ყველასთვის მაინც იმ 15 წლის მარიტად დარჩა, რომელიც პატარა ხელებში ძლიერად მოკუმულ ციცქნა, მკვდარ ჩიტს დასცქეროდა სევდიანი თვალებით. სახე, რომელმაც უეცარი პოპულარობა მოუტანა; რომელმაც მისი შემდგომი ცხოვრება გამოძერწა. ამაზე ხშირად ფიქრობს, მით უმეტეს ახლა, როცა თავისუფალია. მართლა თავისუფალი. თავისუფალი ყველასგან და ყველაფრისგან; სამუშაოსგანაც კი. უბრალოდ, როცა მოუსვენარ ჟურნალისტებს თავში ამოუტივტივდებათ ხოლმე მისი სახელი, ოთახში ტელეფონის ზარი ისმის და - ალო, დიახ, მე ვარ. რომელი ჟურნალიდან? აა... კარგი, დიახ. შევთანხმდით.

"ნატვრის ხიდან" დავიწყო?

იქნებ ცოტა უფრო ადრე...

ადრე? რა იყო ადრე...

"5 წლის ვიყავი. დედა მოვიდა და რატომღაც მეზობელთან გამიყვანა. თითქოს იქ დამმალა. საშინელი სიჩუმე იყო. სიწყნარე. უცბად სადარბაზოდან ყვირილი მომესმა, დავიბენი. ვერ გავიგე რა ხდებოდა. გამოვიპარე და კარის ჭუჭრუტანაში გავიხედე. ბებია იდგა, სულ შავებში. ტიროდა. დედაც იქ იყო. ბაბუაჩემის სახელს იმეორებდნენ. ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა, რაღაც ცუდი. შემეშინდა. სიკვდილის შემეშინდა. ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ დღემდე მახსოვს და იცი... მეშინია. საკუთარის არა, მეშინია ვინმეს არ დაემართოს ჩემს გარშემო.

მაშინ საბურთალოზე ვცხოვრობდი. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, ის ბინა გავყიდე, იქ ვეღარ ვიცხოვრებდი. მართალი გითხრა, არასდროს მომნატრებია ის სახლი. ბებია ავად იყო, დედაც იქ გარდაიცვალა... სამნი ვცხოვრობდით, წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად მახსოვს. განებივრებული? არა, არასდროს. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი.

დედა ძალიან მკაცრი იყო, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ის წყვეტდა. არასდროს მქონდა დამოუკიდებლობა, საშუალება, რომ თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება. ამას ყოველთვის ჩემს მაგივრად აკეთებდნენ, ხან ვინ და ხან ვინ - ყველა, ჩემს გარდა. ეს უნდა გააკეთო, ასე უნდა მოიქცე, ეს უნდა ჩაიცვა, სულ დაძაბული ვიყავი. ვაპროტესტებდი, ვჩხუბობდი და მაინც ისე ვაკეთებდი, როგორც მეტყოდა..

მუდმივ ზეწოლას ვგრძნობდი - უნდა! გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა, სადღაც სხვაგან - ისევ დედა ან ბებია... 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წელი იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით.

ყველაზე ცუდად ალბათ მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა; ხატვა დავიწყე და ვცდილობდი ამაზე გადამეტანა ყურადღება. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა ფეხებიდან მიწა გამომეცალა. ადრე ხომ მაღიზიანებდა, მაგრამ უცბად ისე ინფანტილურად ვიგრძენი თავი...

მეე? მე ვცდილობ არ ვგავდე დედაჩემს, არ მინდა დედაჩემისნაირი დედა ვიყო. ამიტომ ლევანს ყოველთვის მეტ თავისუფლებას ვაძლევდი, რომ ცხოვრებაში არჩევანი თვითონ გაეკეთებინა და 24 საათი არ მეკონტროლებინა."

წყარო: ცხელი შოკოლადი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100