სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხატია დეკანოიძე "ერთიანობაში" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ხატია დეკანოიძე დაბრუნდა - ოპოზიციონერი "ერთიანობაში" მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს. ამის შესახებ ბრიფინგზე "ერთიანობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც ხატია დეკანოიძეა, იქნებიან “ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში” და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დასაწყისია და კიდევ არაერთი საინტერესო ადამიანი შემოერთდება კოალიციას.

“დღეს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც ძალიან მისასალმებელია, და ის შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც ხატია დეკანოიძეა, იქნებიან ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დასაწყისია და კიდევ არაერთი საინტერესო ადამიანი შემოერთდება კოალიციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” გადავა ოპოზიციაში და ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ. მე მქონდა კონსულტაციები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, მინდა პირადად მას გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მას კარგად ესმის ერთიანობის მნიშვნელობა და ამ ერთიანობის უშუალო სულისჩამდგმელია, რომ ის მუდამ მზად არის, ბევრი ერთნაირად მოაზროვნე, პატრიოტი ადამიანი გაერთიანდეს, რადგან ჩვენი ქვეყანა დგას უმძიმესი არჩევანის წინაშე: ან თავს ამოვყოფთ რუსეთის ფედერაციაში, ან ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ევროპულ მომავალს. ჩვენს მოსახლეობასაც ეს მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი 26 ოქტომბერს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხატია დეკანოიძის მსგავსი ადამიანები ამ გამარჯვებას უფრო მეტად გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგზე”, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ კოალიციის შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობა ნაყოფიამ, კოალიციის გამსხვილებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ეროვნული კომიტეტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინადადებით შეიქმნა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებმა ამ სტრუქტურის ხელმძღვანელად კობა ნაყოფიას დანიშვნას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დღეს "პირველებმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხატია დეკანოიძე ენმ-ის გარშემო შექმნილი პოლიტიკური კოალიციის წევრი ხდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100