ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ აშშ–ში მსჯელობდნენ
აშშ–ში, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევის ცენტრში ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მსჯელობდნენ.
ნატოს გაფართოებისა და ალიანსში საქართველო სინტეგრირების შესახებ განცხადება ჯეიმსტაუნის ფონდის პრეზიდენტმა გლენ ჰოვარდმა გააკეთა. კონფერენციის მსვლელობაში რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონფერენცია კასპიის ზღვის აუზისა და კავკასიის ქვეყნებთან აშშ–ის ურთიერთობის საკითხებს მიეძღვნა. ძირითადად, ამ ქვეყნების ეკონომიკური წინსვლა და ამ დროისათვის არსებული შიდა სიტუაცია განიხილებოდა.
ჰოვარდის თქმით, ამ დროისთვის ნატო თავისი ფლანგების გაძლიერებითაა დაინტერესებული და, პარალელურად, დაკავებულიც. „მაკედონია და საქართველო ამ სტრატეგიის წევრები უნდა გახდნენ, ხოლო საქართველოს სტაბილურობა რეგიონის სტაბილურობას ნიშნავს“. მისივე თქმით, ლავროვმაც კი იცის და აღიარებს, რომ ნატო ავღანეთში სტაბილურობის გარანტია.
„და თუკი ამას აღიარებ, არ მესმის, რატომ არ უნდა აღიარო, რომ ალიანსი კავკასიისთვისაც აუცილებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესაა რეგიონი, სადაც მიმდინარეობს სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესი, რომელიც 20 წელია, გრძელდება.
ამისთვის დროა საჭირო. ამ ქვეყნების უმრავლესობას პრობლემები აქვთ გაყინული კონფლიქტების სახით. მაგალითად, საქართველო, რომელმაც დაკარგა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მაგრამ ის მაინც დასავლური კურსის ერთგულია. ეს არის ფანჯარა ევროპისკენ და ეს ქვეყნები გაიმყარებენ პოზიციებს. ქართველი სამხედროები ავღანეთში უმნიშვნელოვანეს მისიას ასრულებენ“, – აღნიშნა ჰოვარდმა.
კომენტარი