სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჰარი პოტერის სასახლეში“ არეულობაა, ბიძინა ივანიშვილი კი „დედ მოროზის“ როლზე უარს ამბობს

7 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე გასული დრო სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ აშკარა გამხდარიყო არეულობა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის კარზე ჯერ კიდევ პირველი დღეებიდანვე იჩინა თავი. თბილისის თავზე წამოჭიმულ „ჰარი პოტერის სასახლეში“ ამ ხნის განმავლობაში ვნებები დუღდა და ჭეშმარიტება ორთქლდებოდა.

ჯადოქრული სასახლის მფლობელი მხოლოდ მხრებს იჩეჩავდა მაშინ, როცა სოციალურ ქსელებში თავიდანვე ჟღერდებოდა სკეპტიკური ვარაუდები მისი გუნდის დაკომპლექტების გამო. ბევრს არ მოეწონა, რომ ივანიშვილის გარშემო ის პოლიტიკოსები იყრიდნენ თავს, ვისაც ქართველმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ უწოდა „ხელმოცარულები“. „ჩვენი საზოგადოება ეს არის, მე ხალხს მარსიდან ვერ მოვიყვან“, - ამბობდა ივანიშვილი პასუხად.

მაგრამ გუშინ უკვე მედიის დონეზეც გაცხადდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ადვოკატის, ეკა ბესელიას მუშაობით უკმაყოფილოა. ეს ხმები მანამდეც პერიოდულად ვრცელდებოდა, მაგრამ მედიას არ გაუჟღერებია - სარწმუნო წყაროს არარსებობის გამო. ის კი არა, „ფეისბუქში“ ისტერიული ჩანაწერებიც კი გაჩნდა და მათ შორის ერთ-ერთი ასეთი სათაურით: „სანამ ეკუჩი ბესელიას შეეხებით, კარგად დაფიქრდით“. რას იზამ, ფეისბუქი ისეთი სივრცეა, სადაც ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ჰყავს.

დღეს კი ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურს რამდენიმე საგულისხმო საკითხზე, მათ შორის ეკა ბესელიასთან დაკავშირებითაც მოუწია განცხადების გაკეთება. ამ უკანასკნელით დავიწყოთ:

პრესსამსახურმა უარყო ხმები ივანიშვილის გარემოცვიდან ეკა ბესელიას წასვლის შესახებ და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. თითქოსდა ყველაფერი გაირკვა, მაგრამ ივანიშვილის პრესსამსახურის განცხადება მაინც დიპლომატიური უფროა, ვიდრე საინფორმაციო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის გამოეხმაურა სოციალური ქსელების არა ზომიერ და, შესაბამისად, უფრო მრავალრიცხოვან ნაწილს (რომელიც ამტკიცებდა, რომ ეკა ბესელია ივანიშვილის გუნდიდან კი არ წასულა, არამედ ბიზნესმენი მისით უკმაყოფილოა და ამის შესახებ გარემოცვასთან თათბირზეც განაცხადა), არამედ უფრო კატეგორიულ და, შესაბამისად, უფრო მცირერიცხოვან ნაწილს, რომლის მიხედვითაც ეკა ბესელია ივანიშვილის გარემოცვიდან წავიდა. ასე რომ, ეჭვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ „ჰარი პოტერის სასახლეში“ არეულობაა, ნამდვილად არსებობს - მართალია, საკუთარ გარემოცვასთან თათბირს ივანიშვილი ყოველდღე დახურულ კარს მიღმა ატარებს, მაგრამ ყველა კარს, მათ შორის, დახურულსაც, თავისი ღრიჭო აქვს...

ფაქტია, რომ ივანიშვილის მიერ მოხმობილ თუ საკუთარ თავშეთავაზებული პოლიტიკოს-ექსპერტებიდან ყველა პირველობას ცდილობს, ყველა „პატრონის“ ერთგულების დამტკიცებას ესწრაფვის და ყველა ლამობს, ტრიპოლსკი-ბესელიას მიერ „პრივატიზებული“ გვერდითა ადგილები თუ ვერა, ისეთი ადგილები მაინც დაიბევოს, საიდანაც ივანიშვილის ჩურჩულით ნათქვამსაც კი გაიგონებს... ამ ადგილის მოსაპოვებლად კი ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრაც მოსულა ტრადიციული გაგებით: „პოლიტიკა პოლიტიკაა, რას იზამ...“

მოკლედ, თბილისური „ჰარი პოტერის სასახლე“ გარედან მტერს უბრმავებს თვალს, შიგნიდან კი - მოყვარეს. გარედან მოფუთფუთე სკას ჰგავს, სადაც, ერთი შეხედვით, მუშა ფუტკრები ფუთფუთებენ, შიგნიდან კი მურმან თორიას ლაზარეთია, სადაც ერთმანეთს ლუკმას უთვლიან, უმალავენ და ძირავენ... იქნებ ამ ლაზარეთში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად რჩევების მიღების მიზნითაც შეხვდა ივანიშვილი „დათა თუთაშხიას“ ავტორს, ვინ იცის...

ახლა, რაც შეეხება ივანიშვილის პრესსამსახურის მეორე განცხადებას: მისმა შინაარსმა საქართველოს მოქალაქეების ნაწილში მოჭიატე იმედი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი საახალწლოდ მათი „დედ მოროზი“ გახდებოდა (ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ „დედ მოროზი“ და არა „თოვლის ბაბუა“ ან „სანტა კლაუსი“), დაასამარა.

ის, რომ ივანიშვილი ახალი წლის დადგომამდე ზუსტად ერთი თვით ადრე გახდა იძულებული, პრესსამსახურის მეშვეობით გაევრცელებინა ოფიციალური განცხადება - საახალწლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის 400 ლარის დარიგებას არ ვაპირებო, უკვე კარგად მიანიშნებს იმაზე, თუ რისი მოლოდინი აქვთ მისგან მის მომხრეებს და არამარტო მის მომხრეებს...

დღის ბოლოს კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა: ტელეკომპანია „მაესტროს“ წილის მფლობელებმა ეროსი კიწმარიშვილი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში („რატომ არ მიკვირს, ნეტავ...“) დაადანაშაულეს და პარალელურად, ისიც ითქვა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, „მაესტროს“ წილი ბიძინა ივანიშვილმა იყიდოს. ასეთ შემთხვევაშიც კი, სავარაუდოდ, „მაესტროს“ მუშაობის სტილი საინფორმაციო კუთხით დიდად არ შეიცვლება, თუმცა, ამ და სხვა საკითხებზე საღამოს ათი საათიდან „მაესტროს“ ეთერში თავად ივანიშვილი საუბრობს და აჯობებს, დასკვნები ეთერის დასრულების შემდეგ გაკეთდეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100