ზაზა ხატიაშვილი: ტარყაშვილის დედის განცხადებაზე პროკურატურის დუმილი ეჭვებს აჩენს
2011 წლის 17 ოქტომბერს, მოკლული ზურა ტარყაშვილის დედის თამილა კოჭლამაზაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მისი შვილის ერთ-ერთი მკვლელის, მინდია გოგოჭურის მფარველობაში ადანაშაულებს, საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა.
ზურა ტარყაშვილი შუა რუსთაველზე, 5-მა პირმა მოკლა. ადგილზე 30-ზე მეტი მასრა იპოვეს. 23 წლის ჩოგბურთელს 17 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ის ბრმა შურისძიების მსხვერპლი გახდა. მკვლელობის საქმეზე, 5-დან მხოლო ორი - გოგბერაშვილი და რუსიშვილი დააკავეს, ერთი - აგლაძე დაუსწრებლად გაასამართლეს, ხოლო დანარჩენ ორს ბრალიც კი არ წაუყენეს.
მოქალაქეები პრეზიდენტისგან ელოდებიან პასუხს, რა აკავშირებს მას მაკა ჩიჩუას სიძესთან - მკვლელობაში დადანაშაულებულ გოგოჭურთან, თუმცა პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე დუმს.
თამილა კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, 23 წლის ზურა ტარყაშვილი 5-მა პირმა მოკლა. მისი თქმით, ზურა, დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა, დავით ჯოხაძემ (მისი ბიძაშვილი, ცნობილი კრიმინალი სოსო ჯოხაძე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მეგობარია ) და საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილობილის ქმარმა, მაკა ჩიჩუას სიძემ, მინდია გოგოჭურმა მოკლეს. ტარყაშვილების განცხადებით, გოგოჭურს პრეზიდენტი მარგველაშვილი მფარველობს, რის გამოც მას მკვლელობის ბრალდებას არ უყენებენ.
„პრესა.ჯი“-სთან პირად საუბარში, ოჯახის წევრები აცხადებენ რომ უახლოეს დღეებში, მკვლელობის ამსახველი ვიდეო-მასალა გავრცელდება.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესროლა ზურა ტარყაშვილს მინდია გოგოჭურმა, რამდენჯერმე, რუსთაველზე, მაგთისა და მაღაზია ლუტეციას შორის, შემდეგ კი იარაღი დააგდო, გზა გადაკვეთა და „თბილისი მარიოტის“ მიმართულებით გაიქცა.
ჩვენი ინფორმაციით, ვიდეო-ფირზე დაფიქსირებულია სხვების დანაშაულიც. მათ შორის დავით რუსიშვილის, დავით ჯოხაძის, ივერი გოგბერაშვილისა და ირაკლი აგლაძის.
ტარყაშვილის მკვლელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დღეს ადვოკატთა ასოცოაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილიც გამოეხმაურა.
ხატიაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ტარყაშვილის ოჯახის განცხადებით. როგორც „პრესა.ჯი“-ს ხატიაშვილმა განუცხადა, მნიშვნელობა არ აქვს მეეზოვე იქნება დამნაშავე, თუ მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრი, კანონი ყველასთვის თანაბარია.
ზაზა ხატიაშვილი: როდესაც მოკლული ახალგაზრდას დედა აკეთებს მსგავს განცხადებას და აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მფარველობს მისი შვილის მკვლელს, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის რომ პროკურატურა ამ საქმით დაინტერესდეს. გამოიკითხოს ეს ქალბატონი, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს ამ განცხადებას და მოახდინოს რეაგირება.
არ აქვს მნიშვნელობა, მეეზოვე იქნება დამნაშავე თუ მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრი, კანონი ყველასთვის თანაბარია. პროკურატურის უმოქმედობა, მოკლულის დედის განცხადებაზე, აჩენს ეჭვს საზოგადოებაში“.
რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა ოჯახის სკანდალური განცხადებით? მითუფრო მაშინ, როცა ოფიციალურად, საქმე ჯერ დახურულიც არაა და „მიმდინარეობს სხვა დამნაშავე პირთა გამოვლენა“. მართალია, ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, მკვლელობაში მონაწილე სხვა დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით გრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით, ტარყაშვილის დედა, გოგოჭურის შესახებ არც კი დაუკითხავთ.
ტარყაშვილის მკვლელობის საქმის ირგვლივ, ჩვენ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თემურ დოლიძესაც დავუკავშირდით.
პრესა.ჯი : რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ მისი შვილის ერთ-ერთი მკვლელი, გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძე, მაშო ჩიჩუას მეუღლე, მინდია გოგოჭურია და მას პრეზიდენტი მფარველობს...
თემურ დოლიძე: მე როგირც ვიცი ამ საქმეზე არიან პასუხისგებაში მიცემულნი... მარგველაშვილი როგორ გაუწევდა მფარველობას ვინმეს, როცა მკვლელობა სამი წლის წინ მოხდა. მაშინ ბატონი გიორგი „ჯიპას“ რექტორი ხომ იყო.
- მკვლეობა არა სამი წლის წინ, არამედ ორი წლის წინ მოხდა. გარდა ამისა, მინდია გოგოჭურის მკვლეობაში მონაწილეობის შესახებ, ოჯახისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი... მაშინ, როცა მოიპოვეს მკვლელობის ამსახველი ვიდეო-ფირები... მკვლელობის საქმე დახურული არაა და ძიება გრძელდება... გარდაცვლილის დედა ახალ გარემოებაზე საუბრობს. ჩვენი ინფორმაციით, მალე გავრცელდება მკვლელობის ამსახველი ვიდეოც...
- ვერაფერს გეტყვით ამ გოგოჭურის შესახებ. უნდა გავერკვე მეც, უნდა მოვიკითხო... მე ვიცი, რომ ამ სამეზე გამოძიება დასრულებულია, მისჯილი აქვთ მკვლელებს და იხდიან სასჯელს, ტარყაშვილის ოჯახის განცხადებას რაც შეეხება, შევეცდები გაგირკვიოთ...
- საქმე დახურული არ არის, ძიება გრძერლდება, შეგიძლიათ გადაამოწმოთ...
- კარგით, გავარკვებ რა სტატუსით არის ამ საქმეში გოგოჭური და ზოგადად, რა ხდება ამ საქმის ირგვლივ“.
P.S: „ჩვენ მოგვიანებით შევიტყვეთ რომ ზურას ერთ-ერთმა პირველმა მინდია გოგოჭურმა ესროლა. ეს კადრებშიც ჩანს.
პროკურატურა პირად საუბრებში არც მალავს რომ რუსიშვილის, აგლაძისა და გოგბერაშვილის გარდა, მკვლელები არიან ჯოხაძეც და გოგოჭურიც.
პროკურატურაში გვპირდებიან რომ მათ მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ, თუმცა, უკვე დიდი ხანია ამას უშედეგოდ ველოდებით“, - აცხადებს მოკლულისოჯახი.
წყარო: http://presa.ge/new/?m=society&AID=24117
კომენტარი